ახალი ამბები

პრემიერი: რაც მთავრია, ეს ომი ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული

9 მაისი, 2015 • 1698
პრემიერი: რაც მთავრია, ეს ომი ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა იმ კუთხით, რომელმაც ამ ომში ყველაზე მეტი გმირი დაკარგა.

 

“და რაც მთავარია, ეს ომი ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული,”– განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვაკის პარკში პატრიაქთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.


ირაკლი ღარიბაშვილი და ილია II უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან. თბილისი, ვაკის პარკი 09.05.2015
ირაკლი ღარიბაშვილი და ილია II უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან. თბილისი, ვაკის პარკი 09.05.2015

 

დღეს ვაკის პარკში მიიტანეს სტალინის ფოტოებიც. ისინი მემორიალთან რამდნიმე საათის განმავლობაში ეწყო, თუმცა, მოგვიანებით, აიღეს.


სტალინის ფოტოები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან. თბილისი, ვაკის პარკი 09.05.2015
სტალინის ფოტოები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან. თბილისი, ვაკის პარკი 09.05.2015


ასევე, ვაკის პარკში მოვიდნენ ადამაინები, რომლებიც ე.წ. გეორგიევსკის ლენტს ატარებდნენ. ამ ლენტს საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთის ოკუპაციისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ აღიქვამს. სწორედ ამ ლენტების გამო მოხდა დღეს დაპირისპირება, რასაც 7 ადამიანის დაკავება მოჰყვა. კერძოდ, ისინი ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით მოსული პირებისთვის ამ ლენტების ჩამოხსნის გამო დააკავეს. მოგვიანებით, დაკავებულთა ნაწილს სასამართლომ 100–ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ნაწილს კი – შენიშვნა გამოუცხადა.

ნოდარ ცოტნიაშვილი (მარცხნივ) ამბობს, რომ მისთვის შავ–ნარინჯისფერი ლენტა ოკუპაციასთან არ ასოცირდება. თბილისი, ვაკის პარკი 09.05.2015
ნოდარ ცოტნიაშვილი (მარცხნივ) ამბობს, რომ მისთვის შავ–ნარინჯისფერი ლენტა ოკუპაციასთან არ ასოცირდება. თბილისი, ვაკის პარკი 09.05.2015

 

ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა და ომის ვეტერანთა უფლების დაცვის საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე ნოდარ ცოტნიაშვილი, რომელიც ვაკის პარკში შავ–ნარინჯისფერი ბაფთით მივიდა, აცხადებს, რომ ლენტი არა ოკუპაციის, არამედ წმინდა გიორგის სიმბოლოა. 

 

“ეს არის ლენტი, რომელიც გვახსენება ჩვენს მებრძოლ, ვაჟკაც ადამიანებს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და ფაშიზმი დაანგრიეს,”– განაცხადა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

ვაკის პარკში დღეს ამ ლენტით მისული სხვა ადამიანები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ასევე აცხადებდნენ, რომ ეს ლენტი მათთვის არა ოკუპაციის, არამედ ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი