ახალი ამბები

ყარაჯალარში ფერი–ხანუმ საფოევას მემორიალი გახსნეს

8 ივნისი, 2018 • 3375
ყარაჯალარში ფერი–ხანუმ საფოევას მემორიალი გახსნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, სავარაუდოდ, პირველი დემოკრატიულად არჩეული მუსლიმი ქალის, ფერი–ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა.

მემორაილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთი ციხელაშვილმა გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შესაძლებლობა მისცა ფერი–ხანუმ სოფიევას, რომ გამხდარიყო ხმოსანი თბილისის მაზრაში.

“ეს ძალიან დიდი ტრადიცია, რომელსაც ზურგს საუკუნეები და ჩვენი ქვეყნის ღირებულებები უმაგრებს, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ჩვენს წინაპრებს ესმოდათ, რომ თანასწორობა გულისხმობს თანაბარი უფლებებით სარგებლობას, მიუხედავად გენდერული ნიშნისა და ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა. ეს ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია და ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ უნდა წავიწიოთ,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მემორიალის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფარი-ხანუმ სოფიევას შთამომავლები ესწრებოდნენ.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის მიხედვით, ფერი–ხანუმ საფოევა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში, 1919–20 წლებში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (ერობებში) გამარჯვებული კანდიდატი იყო. იგი იყო თბილისის მაზრაში (თბილისის, გარდაბნის, საგარეჯოს, თეთრიწყაროს მუნიციპალუტეტების ტერიტორიას მოიცავდა) ყარაიაზის ოლქის წარმომადგენელი (ხმოსანი).

ხვადაგიანის მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ფერი–ხანუმ საფოევა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, იგი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა. 34 წლის ქალმა  წამყვანი პარტიების – სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების, “ჰუმმეთის”, ეროვნულ-დემოკრატებისა და ესერების კანდიდატებს აჯობა და თბილისის მაზრის ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან.

საფოევას ძმის შთამომავლების მოგონებების მიხედვით, იგი ამსხვრევდა მუსლიმი ქალის შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ სასოფლო საქმეებს განაგებდა, მას ეკითხებოდნენ რჩევას, იწვევდნენ დავებში შუამავლად და სოფლის უხუცესებიც ემორჩილებოდნენ მის სიტყვას.

გადმოცემის მიხედვით, ფერი-ხანუმ საფოევა ქველმოქმედიც იყო. 1910–იან წლებში მას სამეურნეო წამოწყებაც ჰქონია და ვალი სახელმწიფო ბანკიდან აუღია, ასევე მას მიაწერენ სოფელ ყარაჯალარისთვის რკინიგზის სადგურის აშენებას.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ერობები, ადგილობრივი თვითმმართველობები გააუქმეს. საფოევევბის ოჯახი განაკულაკეს, დახვრიტეს ფერი-ხანუმის სამი ძმა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ფერი-ხანუმის მთავარი საზრუნავი ძმისშვილები იყვნენ. ერთ-ერთი ძმისშვილი 1951 წელს ხორბლის გაყიდვის გამო დააპატიმრეს, რაც ვერ გადაიტანა და ფერი -ხანუმ საფოევა დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი