საზოგადოება

ადმინისტრაციულად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია — შსს

9 მარტი, 2023 •
ადმინისტრაციულად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაათავისუფლეს ყველა პირი, რომელიც 7-8-9 მარტის აქციებზე ადმინისტრაციულად დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.

დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე,
ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა  და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები”, — აცხადებს შსს.

შსს-ს განცხადების საპასუხოდ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დაწერა, რომ დაკავებულთა  გამოშვება მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების შეწყვეტას არ ნიშნავს.

“თუმცა, ვიმედოვნოთ, რომ ეს დადებითი მუხტი, საბოლოო შედეგებზეც აისახება”, — აღნიშნავს ის.

აქციებზე დაკავებული იყო 130-ზე მეტი პირი, მათი უმრავლესობა – ადმინისტრაციული წესით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ადამიანთა ნაწილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით

  • 187-ე მუხლი გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას
  • 353-ე პრიმა მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას [აღნიშნული მუხლები რამდენიმეწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, მათ შორის, მაქსიმალურს 7 წლამდე]

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის წესით ამჟამად მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას შეზღუდავს.პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი