საზოგადოება

EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი №2

20 თებერვალი, 2023 •
EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი №2

„თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, უარი უნდა თქვას“, — დიმიტრი ხუნდაძის ამ წერილით დაიწყო მომავალი „ხალხის ძალის“ აქტივობა.

მაშინ მმართველი გუნდიდან ზოგიერთმა სცადა, ხუნდაძის მოწოდება ერთი დეპუტატის კერძო პოზიციად წარმოეჩინა, თუმცა მოვლენების განვითარებამ და თავად ბიძინა ივანიშვილის წერილმა ნათელი გახადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, პროსახელისუფლებო მედიისა და ექსპერტების აგორებული ანტიდასავლური კამპანიის წარმომავლობა.

კონსპირაციის თანახმად, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების „აყირავების“ თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნების გზით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს (და ამ სცენარის ნაწილია შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებაც). საქართველომ 2022 წლის 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. „ოცნების“ მტკიცებით, საქართველო დაისაჯა იმის გამო, რომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე.

რეალურად კი, პოლიტიკის არაერთი კომენტატორის შეფასებით, ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვასა და უკრაინას საქართველო ჩამორჩა დემოკრატიის უკუსვლის გამო, რისი თვალსაჩინო დემონსტრირება იყო განაცხადის განხილვის წინ ოპოზიციური არხის დამფუძნებლის სადავო ბრალდებით დაკავება.

„ივანიშვილს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის საბოტაჟი სურს?“, — იკითხა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ (EPP) ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მეორე შანსი საქართველოს 2023 წლის ბოლოსთვის აქვს. ქვეყნის პროგრესს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით ევროკავშირი შეაფასებს გაფართოების პაკეტის ფარგლებში. საქართველოს ხელისუფლება 12-ვე პირობას ზედმიწევნით შესრულებულად აცხადებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც თქვა, რომ ევროპაში უკვე შეცდომად მიიჩნევენ საქართველოს სტატუსის მიღმა დატოვებას. მაშინ, როცა ევროკავშირმა უნდა დაიწყოს საქართველოს შეფასების მომზადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ აინიციირებს „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტს, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“ და მათი რესურსების შეზღუდვა. მსგავსი კანონი მოქმედებს პუტინის რუსეთში, რის შედეგადაც ქვეყანაში ფაქტობრივად გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორი.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში არარელევანტური გახდება, შეასრულებს თუ არა საქართველო 12 რეკომენდაციას, რადგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებთათვის ნათელი იქნება, რომ საქართველოს ევროკავშირში აღარაფერი ესაქმება.

„ეს კანონპროექტი არ არის ცალკე აღებული მცირე მნიშვნელობის მოვლენა. ეს არის ლაკმუსის ქაღალდი — იმის საბოლოო დადასტურება, თუ როგორ სახელმწიფოდ ყალიბდება საქართველო. ჩვენი დასავლელი მეგობრები უკვე დარწმუნებული არიან, რომ საქართველო მიტაცებული სახელმწიფოა, რომელმაც გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან. მაგრამ ამ ყველაფერს აქამდე შენიღბული ხასიათი ჰქონდა, უკრაინის ომმა კი გამოაჩინა. ეს კანონპროექტი კი, რომელიც საქართველოს დააყენებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი და ბელარუსი, იქნება ბოლო ლურსმანი საქართველოს ევროინტეგრაციის კუბოში“, — ამბობს რუხაძე.

გიორგი რუხაძე

ის გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებდეს უცხოური აგენტების შესახებ კანონის ნეგატიურ გავლენას ევროინტეგრაციაზე, მაგრამ ამას აკეთებს მიზანმიმართულად — ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

„ძალაუფლების განმტკიცების მიზნით ხელისუფლება ასუსტებს არასამთავრობო სექტორს, კრიტიკულ მედიას, ოპოზიციას… ხედავს, რომ ეს ყველაფერი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ შემთხვევაში კონკრეტულად კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საფრთხეს უქმნის, მაგრამ როდესაც სასწორზე დებენ საკუთარ ძალაუფლებასა და კანდიდატის სტატუსს, არჩევანს პირველის სასარგებლოდ აკეთებენ. არ არის გამორიცხული, იყოს სხვა პრაგმატული გათვლაც, რომელიც ასევე ძალაუფლებას უკავშირდება. კანდიდატის სტატუსი არ არის თეორიული — ეს არის პასუხისმგებლობა იმ 12 პუნქტის მიღმა. საქართველოს მერე მოეთხოვება ბევრად უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხი, რაც ბუნებრივია, საფრთხეს შეუქმნის იმ შუასაუკუნეობრივი მონარქიის ტიპის მმართველობას, რომელიც დღეს არის საქართველოში. სტატუსის მიღების შემდეგ ან ივანიშვილმა უნდა დათმოს საკუთარი ძალაუფლების ელემენტები და დაუბრუნოს ინსტიტუტები სახელმწიფოს, ან ევროპული ინტეგრაცია შევა ჩიხში, როგორც ეს მოხდა თურქეთთან. ასე რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს ძალაუფლების განმტკიცებისთვის და, მეორე მხრივ, ახლავე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე და კანდიდატის სტატუსზე, თუკი მისსავე ძალაუფლებას მომავალში შეუქმნის საფრთხეს“, — ამბობს გიორგი რუხაძე.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი იქნება, მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან ოფიციალურად ინფორმირებულია კანონპროექტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე.

„ზუსტად კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი იქნება. ხელისუფლებას ყველანაირი ინფორმაცია გააჩნია ევროკავშირის განწყობებზე ამ კანონპროექტთან მიმართებით. ჩემთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი მისული იყო საგარეო საქმეთა მინისტრთან. გაფრთხილება ოფიციალურად მიღებული აქვთ. ამ კანონის მიღების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მიღება გადაიდება. დიდი კვლევა არაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, იმოქმედებს თუ არა ეს კანონპროექტი კანდიდატის სტატუსზე“, — აცხადებს გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი; ფოტო: ნეტგაზეთი

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ “კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს”. კახა გოგოლაშვილს მაგალითად მოჰყავს რუსეთის ანალოგიური კანონი, რომელიც დისკრიმინაციულად მიიჩნია ევროპის პარლამენტმა, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, სტრასბურგის სასამართლომ კი დაადგინა ევროპის საბჭოს რამდენიმე კონვენციის, ასევე, გაეროს ეგიდით მიღებული კონვენციის დარღვევა. ხოლო უნგრეთის ანალოგიური კანონის გაუქმება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მოითხოვა. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, გოგოლაშვილის აზრით, ასევე, ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმებას, რომლითაც საქართველო თანხმდება ევროკავშირთან სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის თანამშრომლობას, რაც თავისთავად გულისხმობს ევროკავშირის მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსებას.

„და ეს დაფინანსება არ არის უცხო ქვეყნის ინტერესების ლობირება, ეს არის საქართველოს რეფორმირების მხარდაჭერა“, — დასძენს იგი.

გოგოლაშვილი ცინიზმს და თავხედობას უწოდებს უცხოური გავლენის აგენტების კანონის ინიციირებას მაშინ, როდესაც საქართველო ელის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„ყველანაირი ლეგალური, მორალური, გონივრული არგუმენტები აბსოლუტურად უგულებელყოფილია პროცესში, როდესაც ხელისუფლება ასეთი სახით ცდილობს კანონის მიღებას და თან ასეთ ეტაპზე, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის ავტორიტარულ რეჟიმს. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება აპირებს, ავტორიტარული სამყაროს გვერდზე დგომას ამ ომში. ამიტომ არც საზოგადოებას საქართველოში, არც უცხოეთში და, მით უმეტეს, არც მთავრობას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ილუზიები, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას აპატიებენ“, — დასძენს იგი.

ქართველი და უცხოელი ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა.

„ქოცური ავტორიტარიზმის საქართველოს ევროკავშირი უარს ეტყვის“ — ნატა საბანაძე

უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რას გამოიწვევს უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება

მასალების გადაბეჭდვის წესი