საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12-ვე რეკომენდაცია „ზედმიწევნით შეასრულა“.
მისივე განცხადებით, ახლა ელოდება საქართველო ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას.
„ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ, ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიეცა სტატუსი, თუმცა გვჯერა, ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ.
12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტის და მთავრობის ჩართულობით, ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას.
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერჯერობით დამაჯერებელი ნაბიჯები არ გადაუდგამს.






