საზოგადოება

ხელისუფლება 12 რეკომენდაციას დიდწილად შესრულებულად თვლის და სტატუსს 2024 წლისთვის ელის

21 დეკემბერი, 2022 •
ხელისუფლება 12 რეკომენდაციას დიდწილად შესრულებულად თვლის და სტატუსს 2024 წლისთვის ელის

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, 2023 წლის თებერვალში საქართველოს  დასრულებული უნდა ჰქონდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება.

მისი თქმით, ევროკავშირი მარტიდან აპირებს საქართველოს პროგრესის შეფასების დაწყებას გაფართოების პაკეტის ფარგლებში, რაც შემოდგომაზე დასრულდება.

„ქართულმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ წლის ბოლომდე დაასრულებს სამუშაო დავალების შესრულებას და შემდგომში უკვე დაელოდება იმ რეკომენდაციებს და შეხედულებებს, რომლებიც წამოვა ვენეციის კომისიიდან… ეს პერიოდი მართლაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ უკვე მიღებული გვაქვს გზავნილი, რომ ალბათ, გაზაფხულიდან გაფართოების პაკეტის შეფასება დაიწყება. ამიტომ თებერვლისთვის მთლიანად უნდა გვქონდეს დასრულებული ის, რასაც ვაკეთებთ 12 რეკომენდაციის ჩარჩოს ფარგლებში. საქართველომ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა და იმედი მაქვს, რომ 2024 წელს საქართველო, ალბათ, უკვე შეხვდება კანდიდატის სტატუსით“, — განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან ელოდება კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში მოისმინეს, თეიმურაზ ჯანჯალიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას ევროპაში უკვე შეცდომად თვლიან.

„კითხვარის შევსების შემდეგ ჩვენ არაოფიციალურად შევეცადეთ, რომ საელჩოებს საშუალებით გაგვეზიარებინა გაწეული საქმიანობა, რომელიც მთავრობამ, პარლამენტმა, ყველამ ერთად გავატარეთ. ერთ-ერთი ქვეყანა იყო, მაგალითად, ხორვატია, რომელსაც ჩვენ ველაპარაკეთ. იყო ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები და გვქონდა ძალიან მაღალი დონის [შეხვედრები] და დადებითი შეფასება იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, თან დამოუკიდებლად. ვიცით, რომ სხვა ასოცირებულ პარტნიორებს გარკვეული დახმარება აღმოუჩინეს ევროკავშირის ინსტიტუტებმაც და კონკრეტულმა ქვეყნებმაც. ჩვენ ყოველგვარი დახმარების გარეშე შევძელით [კითხვარის შევსება], ამის შეფასებაც მოხდა და ეს იყო ერთ-ერთი ელემენტი, რის გამოც დღეს იძახიან, რომ შეცდომა იყო დაშვებული, როცა საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. მათ კარგად დაინახეს, რა გზა გავიარეთ, კარგად ხედავენ, რა შედგები გვაქვს და ამიტომაც დღეს ხმამაღლა ამბობენ, რომ ეს იყო შეცდომა“, — განაცხადა ჯანჯალიამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველოს სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ყველა რეკომენდაცია გარკვეულწილად შესრულებული აქვს.

„12-ვე რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს უკვე აქვს პროგრესი. თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც ყველა რეკომენდაცია გარკვეულწილად შესრულებულია. არის საკითხები, რაც ჩვენზე ნაკლებად არის დამოკიდებული დროის თვალსაზრისით — უკავშირდება ვენეციის კომისიიდან და ODIHR-დან შეფასებების მომზადებას. რამდენიმე კანონპროექტი გაგზავნილია და მათგან ველოდებით შეფასებას და, შესაბამისად, გარკვეულწილად სცდება იმ დროის ჩარჩოს, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მოვნიშნოთ შესრულებულად რეკომენდაციები, არამედ ის იყოს ხარისხიანად შესრულებული. მაგრამ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12-ვე მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ჩვენი მხრიდან დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, სრულყოფილად შესრულებულია“, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო,  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭია კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერჯერობით დამაჯერებელი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობის დამაჯერებელი ნაბიჯები არ გვინახავს – ლანდსბერგისი

მასალების გადაბეჭდვის წესი