საზოგადოება

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა

11 თებერვალი, 2023 • 1245
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 24 000-ს აჭარბებს.

თურქეთის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში 20 665 დაღუპულია აღრიცხული. სირიიდან 3 553 დაღუპულის შესახებ იუწყებიან. ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის.

მეხუთე დღეა, გრძელდება სამაშველო ოპერაციები, რომელთაც ყინვა ართულებს. საერთაშორისო მედიის ცნობით, თურქეთის ქალაქ სამანდაღში 10 დღის ბავშვი დედასთან ერთად, მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან, ქალაქ ქირიხანში კი — 40 წლის ქალი გადაარჩინეს 104 საათის შემდეგ.

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, 6 000 შენობაა დანგრეული. თურქი ოპოზიციონერები ქვეყნის პრეზიდენტს აკრიტიკებენ, საუბრობენ რა არასათანადო მომზადებაზე ბუნებრივი კატასტროფისთვის, კოორდინაციის ნაკლებობასა და არაკომპეტენტურობაზე.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღიარა გარკვეული ხარვეზები მიწისძვრის შემდგომ ღონისძიებებში, თუმცა იქვე დაგმო კრიტიკოსები “ნეგატიური კამპანიისთვის პოლიტიკური ინტერესების გამო”.

თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. თურქეთში არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, საქართველომაც. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში დასახმარებლად ჩასულია 6810 მაშველი სხვადასხვა ქვეყნიდან.

სირიის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად დაზარალებული არეალი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია, რომელსაც, წლობით მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე, სხვადასხვა ძალა აკონტროლებს.

დამანგრეველი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ სირიის მმართველ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გაეროს ნება დართო, შეიტანოს ჰუმანიტარული ტვირთი მიწისძვრით დაზარალებულ იმ რეგიონშიც, რომელსაც აჯანყებულები აკონტროლებენ.

როგორც BBC წერს, სირიის სამთავრობო მედიის ამ ცნობას გაეროს წარმომადგენლები „სიფრთხილით“ ეკიდებიან და ამბობენ, რომ პარალელურად, ისინი ელოდებიან ჩრდილოეთ სირიაში შესასვლელად დამატებითი გზების გახსნას.

ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ერაყმა დახმარება ალ-ასადის მთავრობის მიერ კონტროლირებად აეროპორტებში გაგზავნეს.

რეჟიმი არაერთგზის უსვამდა ხაზს, რომ დახმარება სირიაში სწორედ იმ ტერიტორიების  გავლით უნდა შევიდეს, რომელსაც თავად აკონტროლებს. თუმცა, ბევრმა გამოთქვა ეჭვი, რომ თუ დახმარება პირდაპირ ალ-ასადის მთავრობის ხელში მოხვდება, მთავრობა რესურსებს მხოლოდ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სურვილისამებრ გაანაწილებდა.

მიწისძვრის შემდეგ, ალ-ასადის მთავრობამ კიდევ ერთხელ გამოიყენა შესაძლებლობა, მოეწოდებინა აშშ-ისა თუ ევროპისთვის მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისკენ. თუმცა, აშშ-მა თქვა, რომ სანქციები ჰუმანიტარულ ღონისძიებებს არ ეხება, დახმარება კი მიდის სირიელ ხალხთან და არა რეჟიმთან. 10 თებერვალს ვაშინგტონმა გასცა 180-დღიანი ლიცენზიაც, რომელიც მიწისძვრასთან დაკავშირებულ ყველა ტრანზაქციას ნებადართულს ხდის.

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, კერძოდ, ამბოხებულთა კონტროლქვეშ მყოფ იდლიბის პროვინციაში, საერთაშორისო დახმარება ამჟამად მხოლოდ ერთი სასაზღვრო პუქნტიდან შედის — თურქეთის მხრიდან. ეს 2014 წლიდან ხდება. მიწისძვრის შემდგომ რამდენიმე დღით შეფერხებული პროცესი ხუთშაბათს აღდგა და ქვეყანაში გაეროს 2 ჰუმანიტარული კოლონა შევიდა.

მიმდინარე დღეებში გაერომ და სხვებმა სირიის რეჟიმსა და მის მოკავშირეებს არაერთგზის მოუწოდეს, დაუშვან სხვა სასაზღვრო პუნქტების გახსნაც ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით.

ამასთან, როგორც Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, თურქეთი განიხილავს დამატებით ორი სასაზღვრო პუნქტის გახსნას სირიასთან, რომელთაგან ერთი სირიის მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე შედის, მეორე — ამბოხებულთა ტერიტორიაზე.

თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობები სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა. ანკარამ ამბოხებულებს დაუჭირა მხარი. თუმცა, ომის დაწყებიდან თითქმის 12 წლის შემდეგ, ერდოღანი ამბობს, რომ შესაძლოა, ალ-ასადს შეხვდეს. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები დეკემბერში, რუსეთის დედაქალაქში, უკვე შეხვდნენ ერთმანეთს.

გაეროს მონაცემებით, მიმდინარე კვირაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ სირიასა და თურქეთში, ჯამში, 24.4 მილიონ ადამიანზე იმოქმედა.

ამავე თემაზე:

ომის შემდეგ, დამანგრეველი მიწისძვრის პირისპირ: სირია კრიზისიდან კრიზისამდე

200 ათასი მხოლოდ მოქალაქეებისგან — თბილისიდან თურქეთისკენ დახმარება დაიძრა

მასალების გადაბეჭდვის წესი