ახალი ამბები

200 ათასი მხოლოდ მოქალაქეებისგან — თბილისიდან თურქეთისკენ დახმარება დაიძრა

10 თებერვალი, 2023 •
200 ათასი მხოლოდ მოქალაქეებისგან — თბილისიდან თურქეთისკენ  დახმარება დაიძრა

ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი, რომელიც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოში შეაგროვეს, უკვე გზაშია. სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული რამდენიმე ტრაილერი თურქეთისკენ პარასკევს, 10 თებერვალს გაემართა.

თურქეთისა და სირიის საზღვარზე მიმდინარე კვირის დასაწყისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, ბოლო მონაცემებით, 22 000-ს გადააჭარბა. თურქეთში 19 388, სირიაში — 3 377 მოქალაქის დაღუპვა აღრიცხეს.

ათასობით შენობა დაინგრა, მრავალი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. ბუნებრივი კატასტროფის არეალში სამაშველო ოპერაციებს ყინვა ართულებს.

მიწისძვრიდან მეორე დღეს, საქართველოში თურქეთის საელჩომ გამოაქვეყნა თბილისში გახსნილი პუნქტების სია, სადაც მსურველებს თურქეთის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების მიტანა შეეძლოთ. ამოქმედდა ორი საბანკო ანგარიშიც.

გასული დღეების განმავლობაში, შესაბამის პუნქტებში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მეზობელ ქვეყანაში გასაგზავნად ადამიანებს ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და საკვები მიჰქონდათ.

“როცა გაჭირვებული ადამიანი ასეთი სიტუაციაში ვარდება, ნამდვილად უნდა დავეხმაროთ… ზამთრის ქურთუკები მოვიტანე, ქალის ჩექმა და ხელთათმანები”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ქალმა, რომელმაც ტანისამოსით სავსე პარკი თავისუფლების მოედანზე, “თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის”(GÜRTİAD) ოფისში მიიტანა.

დღის განმავლობაში ოფისის მისაღები სამოსითა და სხვადასხვა პროდუქტით ივსებოდა. GÜRTİAD-ის თანამშრომლები ყუთებში ანაწილებდნენ მიღებულ დახმარებას, რომელიც, იქაც და სხვა პუნქტებშიც, 10 თებერვლის საღამომდე გროვდებოდა.

საბოლოოდ, ყუთები ავჭალაში, მთავარ საწყობში მიჰქონდათ და თურქეთში გასაგზავნად ამზადებდნენ. პარასკევს საწყობის ტერიტორიიდან ჰუმანიტარული დახმარებით სავსე 5 ტრაილერი წავიდა თურქეთისკენ.

“როგორც კი გამოცხადდა ეს შესაძლებლობა, იმ წუთიდან ვცქმუტავდი, რათა მომესწრო მოტანა.

ზღვაში წვეთიც კი არ არის ეს, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ ადამიანებმა ამ გამოუთქმელი ტრაგედიისას, სოლიდარობისა და თანადგომისთვის”, — აღნიშნა სალომე სუხიშვილმა, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება თურქეთის საელჩოსთან მიიტანა.

ჰუმანიტარული დახმარება თურქეთის საელჩოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

იქვე, საელჩოს ღობეზე, მოქალაქეები ყვავილებს, სათამაშოებსა და ნახატებს ტოვებენ. შენობაში სამძიმრის წიგნია გახსნილი. იქვეა სამგლოვიარო გვირგვინებიც.

“ადამიანებს საქართველოს ყველა კუთხიდან მოაქვთ პროდუქტი, საკვები, ტანსაცმელი, ჰიგიენური პროდუქცია… ასევე, [ანგარიშის ნომრებზე] შეგროვდა 197 000 ლარამდე თანხა, რომელიც გადაირიცხება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც თანაგრძნობა გამოხატა, გვერდში დაგვიდგა, გვერდში დაუდგა თურქეთს ამ საშინელ დროს”, — უთხრა “ნეტგაზეთს” GÜRTİAD-ის გენერალურმა მდივანმა ირინა კოლესნიკოვამ.

თურქეთში არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, საქართველომაც.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად 1 მლნ ლარი გამოიყო. დახმარებას მეზობელ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტიც აგზავნის.


თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად, თურქეთის საელჩოს სახელით ორი ანგარიშია გახსნილი “იშ ბანკსა” და “ზირაათ ბანკში”:

Ziraat Bank: GE53ZB0000003608000136

İş Bank: GE37IS0000646446468007

მიმღები: თურქეთის საელჩო

დანიშნულების ნაწილში მიუთითეთ ” შემოწირულობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი