საზოგადოება

ომის შემდეგ, დამანგრეველი მიწისძვრის პირისპირ: სირია კრიზისიდან კრიზისამდე

10 თებერვალი, 2023 • 1498
ომის შემდეგ, დამანგრეველი მიწისძვრის პირისპირ: სირია კრიზისიდან კრიზისამდე

ორშაბათს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთთან ერთად ყველაზე მეტად სირიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი დააზარალა: ქალაქები და სოფლები, რომელთა მრავალი მოსახლეც უკვე იტანჯებოდა წლობით მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგებით.

ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებული სირიის რეგიონები სხვადასხვა ძალის კონტროლქვეშაა, იქ მცხოვრებ მილიონობით მოქალაქეს კი ჰუმანიტარული დახმარება მიწისძვრამდეც სჭირდებოდა.

თუ მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთს გარედან მყისიერად დაეხმარნენ, სირიის შემთხვევაში ბუნდოვანია, მიიღებს თუ არა ქვეყანა კატასტროფის შედეგებთან გასამკლავებლად საჭირო ჯეროვან რესურსს, ან თუ მიიღებს, ვის მიერ და როგორ განაწილდება ის.

კრიზისიდან კრიზისამდე

2011 წელს გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა, გაეროს მონაცემებით, 300 000 ადამიანი შეიწირა.

6 თებერვლის მიწისძვრით დაზარალებულ მრავალ დასახლებაში საჰაერო დაბომბვების შედეგად უკვე განადგურებული ან დაზიანებული იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, სახლები, კლინიკები თუ საავადმყოფოები.

ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრები 4.5 მილიონი ადამიანის ყოველდღიურ გასაჭირს რიცხვებიც აჩვენებს: გაეროს თანახმად, მათი ნახევარი ომის გამო უკვე იყო იძულებით გადაადგილებული, 1.7 მილიონი პირი კი კარვებსა და ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს.

რეგიონის მცხოვრებელთა 90%, გაეროს მიხედვით, მიწისძვრამდეც ჰუმანიტარული დახმარების იმედად იყო.

კაცი თვალს ადევნებს სამაშველო ღონისძიებებს მიწისძვრით დაზარალებული იდლიბის საგუბერნატოროს ქალაქ ჰარიმში. ფოტო: EPA 

სისხლისმღვრელი ომის შემდეგ ჩრდილო-დასავლეთი სირია პოლიტიკურად დაქსაქსული რეგიონია: მიწისძვრით დაზარალებული არეალის დიდ ნაწილს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება აკონტროლებს, ზოგიერთ სხვა ტერიტორიას კი — თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ჯგუფები, ჯიჰადისტები და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული ძალები.

იდლიბის საგუბერნატორო, რომელიც ალ-ასადის მოწინააღმდეგე ამბოხებულების ერთ-ერთი ბოლო დასაყრდენია, თურქეთთან იყოფს საზღვარს. იქ დომინირებს მთავრობის მოწინააღმდეგე ჯიჰადისტური ალიანსი “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი”.

სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირე რუსეთის ძალები წლების განმავლობაში ჰაერიდან ბომბავდნენ ტერიტორიას, რის შედეგადაც არაერთი დასახლება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩათვლით, დაინგრა, მილიონამდე მოქალაქე კი იძულებით გადაადგილდა.

ყოველივე ამის შემდეგ 3 -მილიონიან იდლიბს, რომლის მოსახლეობის ნახევარსაც ომის გამო სირიის სხვა ტერიტორიებიდან გამოქცეული მოქალაქეები შეადგენენ, დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფა დაატყდა თავს.

“ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომელთან ერთადაც 5 წელი ვმუშაობდი, დაახლოებით 2 წლის წინ რუსეთის ავიადარტყმებისას დაიღუპა. დღეს კი აღმოვაჩინე, რომ მთელი მისი ოჯახი, მისი ცოლი და შვილები, შენობის ჩამონგრევას შეეწირნენ”, — უთხრა CNN-ს იდლიბში მცხოვრებმა მუსტაფა ედომ.

ხალხი თვალს ადევნებს სამაშველო ოპერაციას მიწისძვრით დაზარალებულ ალეპოში. ფოტო: EPA

მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებს შორისაა ალეპოც, საიდანაც სამთავრობო ძალებმა 2016 წელს, მძიმე ბრძოლებისა და რუსეთის მონაწილეობით განხორციელებული საჰაერო დაბომბვების შედეგად განდევნეს ამბოხებულები.

გაეროს ცნობით, ალ-ასადის ძალების მიერ ალეპოს სრულად დაკავებამდე, ქალაქში 35 000 შენობა დაინგრა ან დაზიანდა. მიუხედავად აღდგენის მცდელობებისა, ერთ დროს სირიის კომერციული ცენტრი მიწისძვრამდეც შერყეული ინფრასტრუქტურის პირობებში ცხოვრობდა.

მიიღებს თუ არა ქვეყანა საჭირო დახმარებას

სირიაში, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მიწისძვრის შედეგად დაღუპული 3 162 მოქალაქეა აღრიცხული, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი, სახელმწიფო მედიის ცნობით — 1 262.

გაეროს მიხედვით, მიწისძვრამ, რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე, სირიაში 10.9 მილიონ ადამიანზე იმოქმედა. ეს მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით 15.3 მილიონ პირს იქამდეც სჭირდებოდა დახმარება.

მძიმე პოლიტიკური ვითარება მიწისძვრით დაზარალებული ქვეყნისთვის საჭირო რესურსების მიწოდების პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.

ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ერაყმა და რუსეთმა დახმარება რეჟიმის მიერ კონტროლირებად აეროპორტებში უკვე გაგზავნეს. სხვებმა, მათ შორის, ჩინეთმა, საუდის არაბეთმა, კატარმა და კანადამ დახმარების დაპირება გასცეს, თუმცა, როგორ მიაღწევს ეს უკანასკნელი სირიამდე — დაუზუსტებელია.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის თქმით, მეტია საჭირო. ის საერთაშორისო საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს, თუმცა მისივე პოზიციაა, რომ ნებისმიერი ჰუმანიტარული რესურსი სირიაში მთავრობასთან შეთანხმებით, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით უნდა ჩავიდეს.

ამ მოთხოვნას ბევრი სკეპტიკურად უყურებს, შიშობს რა, რომ თუ დახმარება პირდაპირ ალ-ასადის რეჟიმს მიეწოდება, ეს უკანასკნელი მიღებულ რესურსებს მხოლოდ თავის კონტროლირებად არეალში, სურვილისამებრ გაანაწილებს.

ბაშარ ალ-ასადი ვლადიმერ პუტინთან ერთად. ფოტო: EPA 

“…წარსულის გამოცდილებიდან ვიცით, რომ მთელი ფინანსური დახმარება, რომელიც დამასკოში მყოფი მთავრობის ხელში გადის, ისევ მთავრობის დაფინანსებას ხმარდება.

ის მიდის ისეთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ალ-ასადის ოჯახთან”, — ციტირებს DW ანიტა სტაროსტას, რომელიც გერმანიაში მოქმედ ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან “Syria for Medico International” თანამშრომლობს.

თავის მხრივ, დამასკოში მოქმედი ორგანიზაცია “სირიის არაბული წითელი ნახევართმვარე” ირწმუნება, რომ მზადაა, ამბოხებულთა ტერიტორიებსაც მიაწოდოს დახმარება.

მიწისძვრის შემდეგ სირიის რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოიყენა შესაძლებლობა, მოეწოდებინა აშშ-ისა თუ ევროპისთვის მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისკენ. მისი მტკიცებით, სანქციები ქვეყანაში დახმარების შესვლას აბრკოლებს, თუმცა ალ-ასადის ხელისუფლების ეს მოთხოვნა ზოგიერთმა უკვე შეაფასა კატასტროფით სარგებლობად სანქციების გაუქმების მიზნით.

თავის მხრივ, აშშ აღნიშნავს, რომ პარტნიორებთან ერთად მუშაობს სირიისთვის დახმარების მისაწოდებლად, თუმცა გამორიცხავს რეჟიმთან თანამშრომლობას, რომელიც “სასტიკად ექცევა თავის ხალხს”.

“ჩვენ გვყავს ჰუმანიტარული პარტნიორები [სირიის] მიწაზე, რომელთაც შეუძლიათ, გაწიონ მიწისძვრის შემდგომ [საჭირო] დახმარება”, — დასძენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი. მისივე სიტყვებით, სწორედ სირიის რეჟიმია ის, ვისაც არასდროს დაუყენებია პირველ ადგილზე თავისი ხალხის ინტერესები და კეთილდღეობა.

“დახმარება, რა თქმა უნდა, მიდის სირიელ ხალხთან და არა რეჟიმთან. ეს არ შეიცვლება”, — ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

 ერთადერთი სასაზღვრო პუნქტი თურქეთ-სირიის საზღვარზე, საიდანაც ქვეყანაში საერთაშორისო დახმარება შედის. ფოტო: EPA

ალ-ასადის მთავრობა დიდი ხანია ეწინააღმდეგება ჰუმანიტარულ ოპერაციას, რომელიც 2014 წლიდან სირიაში თურქეთის საზღვრის გავლით დამასკოს კონტროლს მიღმა დარჩენილი ტერიტორიიდან ხორციელდება.

უწინ საერთაშორისო დახმარება სირიაში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ დადგენილი 4 სასაზღვრო პუნქტიდან, ალ-ასადის რეჟიმის თანხმობის გარეშე შედიოდა.

თუმცა რუსეთმა, რომელიც ჰუმანიტარულ ოპერაციას სირიის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევს, გაეროში ვეტოს უფლება გამოიყენა, რის შემდეგაც ასეთი პუნქტების რაოდენობა მხოლოდ ერთ, თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე ბაბ ალ-ჰავას პუნქტამდე შემცირდა.

პირველი, თუმცა, არასაკმარისი

ხუთშაბათს, 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ პირველად, თურქეთ-სირიის საზღვარი გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოლონამ გადაკვეთა. ის ექვსი მანქანისაგან შედგებოდა.

გასული სამი დღის განმავლობაში ბაბ ალ-ჰავას სასაზღვრო პუნქტზე არანაირი ჰუმანიტარული დახმარება არ გამოჩენილა. პუნქტის ადმინისტრაციის თქმით, თურქეთიდან ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ თურქეთში დაღუპული სირიელების 300 ცხედარი გადაიტანეს.

“როგორ შეიძლება, გზები დაკეტილი იყოს დახმარებისთვის, თუმცა ღია იყოს დაკრძალვის კოლონებისთვის?” — ამბობდა მაზინ ალუში, ბაბ ალ-ჰავას პუნქტის წარმომადგენელი.

მანამდე გაეროში აცხადებდნენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების გაჩერების მიზეზი მიწისძვრის გამო გზების დაზიანება იყო. გარდა ამისა, ორგანიზაციაში ხაზს უსვამდნენ, რომ სირია კონფლიქტის ზონაა, რაც კიდევ უფრო ართულებდა ვითარებას.

სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხუტები” — სამოქალაქო ომის დროს ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელიც ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მიწისძვრით დაზარალებულთა გადარჩენის ოპერაციაშია ჩართული — გაეროსაგან მიღებული პირველი ტვირთით იმედგაცრუებულია.

“თეთრი ჩაფხუტების” წარმომადგენლებს ქალაქ იდლიბში ნანგრევებიდან ბავშვი ამოჰყავთ. ფოტო: EPA

ორგანიზაციის თანახმად, ესაა ჩვეულებრივი ტვირთი, რომელსაც მიწისძვრამდეც იღებდნენ და არა “სპეციალიზებული დახმარება და აღჭურვილობა სამძებრო-სამაშველო ჯგუფებისთვის, ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების გადასარჩენად”.

აღნიშნულის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა დასძინა, რომ “უფრო მეტი დახმარება გზაშია, თუმცა გაცილებით, გაცილებით მეტია საჭირო”.

მიწისძვრიდან მეოთხე დღეს, თურქეთსა და სირიაში ნანგრევებიდან ისევ ამოჰყავთ გადარჩენილები, თუმცა ოპერაციას მეტად ართულებს ყინვა ორივე ქვეყანაში.

”ჩვენ გვაქვს დიდი შეფერხებები წყლის, საწვავის, ელექტროენერგიის, კომუნიკაციების, ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი ელემენტების მიწოდების კუთხით”, — თქვა “ჯანმოს” ინციდენტებზე რეაგირების მენეჯერმა რობერტ ჰოლდენმა პრესკონფერენციაზე.

“რეალური საფრთხეა, რომ მეორეული კატასტროფის მომსწრენი გავხდებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე თავდაპირველმა კატასტროფამ, თუ არ ვიმოქმედებთ იმავე ტემპით და ინტენსივობით, როგორც ამას ვაკეთებთ სამძებრო-სამაშველო [სამუშაოების] შემთხვევაში”, — დაამატა მან.

სირიისათვის 3.5 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა. აღნიშნული ფული უნდა დაიხარჯოს თავშესაფრების მოსაწყობად, ასევე, ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური და სამედიცინო პროდუქციის შესაძენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი