საზოგადოება

“ვსხედვართ, ველოდებით” — რა ღირს პროდუქტი ბაზარში საახალწლოდ

30 დეკემბერი, 2022 • 9238
“ვსხედვართ, ველოდებით” — რა ღირს პროდუქტი ბაზარში საახალწლოდ

“დეზერტირების ბაზარში ახალი წლის წინა დღეს დიდი რაოდენობით ხალხია, თუმცა გამყიდველების ნაწილი მომხმარებლის სიმცირეს მაინც უჩივის”, — “ნეტგაზეთის” სტატიას ამ შესავლით 3 წელი შეუსრულდა, თუმცა მოვაჭრეთა უმრავლესობა 2022 წლის მიწურულსაც ანალოგიურ პრობლემაზე ჩივის.

“შარშან ასეთი სიტუაცია ნამდვილად არ იყო. წელს ვსხედვართ, ველოდებით, ხალხი დადის და მყიდველი არ გვყავს”, — გვეუბნება ნათია ზარქუა, რომელიც 10 წელია, დეზერტირების ბაზარში ყველით, ნიგვზითა და სხვა ნობათით ვაჭრობს.

მისი სიტყვებით, ადამიანები ფასებს კითხულობენ, შემდეგ კი ჩივიან, რომ ფული არ აქვთ. ნათიას ესმის მყიდველის:

“ხალხი ჯერ გაოგნებულია, რომ გამოდიან და ამხელა სხვაობაა [ფასებში წინა წლებთან შედარებით]. არეულები არიან. ძალიან ცუდი სიტუაციაა”.

დეზერტირების ბაზარი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მიმდინარე წლის დეკემბრის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერაც არ გამოუქვეყნებია, თუმცა ფასების ზრდაზე ნოემბრის მაჩვენებელიც მოწმობს.

ნოემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.8%-ით არის გაზრდილი. მაგალითად, ბოსტნეული და ბაღჩეული 26%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები — 23.8%-ით; რძე, ყველი და კვერცხი — 18.3%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — 15.7%-ით, თევზეული — 13.6%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები — 9.1%-ით, ხილი და ყურძენი — 6.9%-ით.

გარჩეულ ნიგოზს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, სხვადასხვა ფასი აქვს: იშვიათად იწყება 15-16 ლარიდან, უფრო ხშირად — 20 ლარიდან, და ფერისა და ხარისხის მიხედვით კი 30 ლარამდე ადის.

ზოგი მოვაჭრე ამბობს, რომ წელს ნიგოზი გააიაფეს:

“წელს ბევრია [საზღვარგარეთიდან] შემოტანილი [ნიგოზი]… ის, რომ შემოვიდა ბევრი, იმან ჩააწვინა [ქართული]”, — გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ნიგოზს 16-30 ლარად ყიდის.

თუმცა ზოგიერთი გვეუბნება, რომ ამ პროდუქტს წელს შარშანდელზე ძვირად ყიდის.

“წინა წელს ვყიდდით 20-ში, 18-ში, 17-ში, შეძლებისდაგვარად… [ახლა] 23-დან 28 ლარამდე მერყეობს ფასი”, — გვეუბნება ნათია ზარქუა.

დეზერტირების ბაზარი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

1 კგ გოჭის ფასი ძირითადად 25-30 ლარია. ერთ-ერთ მოვაჭრე შედარებით მოზრდილ გოჭს [კგ] 20 ლარად ყიდდა, ყველაზე პატარას — 35-ად. ვინც ამბობს, რომ წელს გოჭი გააძვირეს, ცხოველის საკვებისა და საწვავის ფასების ზრდაზე საუბრობენ.

“ყოველ წელს გაუარესებაა. ხომ ხედავ, რა ცხოვრება მოვიდა. შარშან ვყიდდი 15-17-20 ლარად”, — გვეუბნება საშუალო ასაკის კაცი, რომელიც სოფელ კარდენახიდან ჩამოვიდა თბილისში და 25 ლარად ყიდის გოჭს.

1 ცალი ინდაურის ფასი 75 ლარიდან იწყება და 180-მდე ადის. ერთ-ერთი მოვაჭრე აღნიშნავს, რომ წელს ინდაური იმაზე მცირე რაოდენობით იყიდება, ვიდრე უწინ, ვინაიდან სიმინდი გაძვირდა. მეორე, საკვებთან ერთად, საწვავის გაძვირებაზეც ჩივის.

დეზერტირების ბაზარში 1 კგ. ღორის ხორცი 12-15 ლარია, 1 კგ. ქათმის ფასი კი 8 ლარიდან იწყება.

იმერული ყველი 17-18 ლარი ღირს, სულგუნი — 25-30 ლარი.

ხილის ფასები მრავალფეროვანია: ვაშლის ფასი 50 თეთრიდან იწყება და ხარისხისა თუ სახეობების 5 ლარამდე ადის, მანდარინის ფასი 1.5-5 ლარია, ფორთოხლის — 3-5 ლარი.

დეზერტირების ბაზარი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ციტრუსით მოვაჭრე ქალი ამბობს, რომ წელს ამ პროდუქტს უფრო ძვირად ყიდის, ზოგიერთი კი პირიქით, გაიაფებაზე საუბრობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ამის მიზეზი უხვი მოსავალია. ის არც მყიდველის ნაკლებობას უჩივის. სხვები საპირისპიროს ამბობენ:

“მყიდველი ძალიან ნაკლებადაა”, — გვეუბნება კაცი ხილით სავსე დახლთან, რომელსაც მეწყვილე უსწორებს, რომ “მყიდველი არის, მაგრამ ფული — არა”.

დეზერტირების ბაზარში თაფლი ძირითადად 20 ლარად დაგვიფასეს, მხოლოდ ერთ შემთხვევაში — 15 ლარად. ბაზრის მოპირდაპირე მაღაზიაში 1 კგ. ასაწონი კანფეტის ფასები 9.5 ლარიდან იწყება, შოკოლადის კი — 12 ლარიდან.

ახალი წლის მოახლოების ფონზე, ბაზრის ტერიტორიაზე, ზოგ შემთხვევაში, გადაადგილებაც ჭირს. სხვა საკითხია, ფასების ზრდის ფონზე, ვინ რის ყიდვას გასწვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი