საზოგადოება

„NGO-ების „აგენტებად“ გამოცხადება თავისუფალი ადამიანების გაქრობას ემსახურება“

29 დეკემბერი, 2022 • 1872
„NGO-ების „აგენტებად“ გამოცხადება თავისუფალი ადამიანების გაქრობას ემსახურება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად გამოეყვნენ და „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ, არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრის შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივით გამოდიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს ინიციატივა რუსეთის ფედერაციაში არსებული რეპრესიული გარემოს მსგავსი ვითარების შექმნისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინების მცდელობას წარმოადგენს, ეწინააღმდეგება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და აღრმავებს ნაპრალს დასავლელ პარტნიორებთან.

„უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი“

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტარმა გურამ მაჭარაშვილმა 29 დეკემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ორ კანონპროექტს პარლამენტში იანვარში შეიტანენ.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა „შესაბამისი“ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, რომელიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდება და „საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავს მიზნად“.

ამ საკითხზე საუბარი „ხალხის ძალამ“ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სოზარ სუბარმა 18 ნოემბერს ხელისუფლებას მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, – მისი სიტყვებით, „აგენტურის“, – დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევისკენ“.

პარალელურად, 2022 წლის შემოდგომის განმავლობაში, სამთავრობო მედიების, მათ შორის „იმედისა“ და „პოსტივის“ ეთერში შეინიშნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები, სადაც საუბარი იყო „მდიდარი ენჯეოების კლანზე“, მათ „გაუმჭვირვალობაზე“ და ა.შ.

ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება ვარაუდი, რომ „ხალხის ძალის“ ბოლო ინიციატივები „ქართული ოცნების“ ინტერესებითაა ნაკარნახევი. მაგალითად, ანა აბაშიძე, ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს:

„მგონი, საქართველოში გონიერ ადამიანთა შორის აღარავის არ სჯერა, რომ „ხალხის ძალა“ არის დამოუკიდებელი ძალა, რომელიც შეიძლება თავის ინიციატივას აჟღერებდეს. მათ თავიდანვე თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიცია კი არ ვიქნებით, არამედ ვართ ხალხი, რომლებიც დამატებით ინფორმაციას ვიტყვით, რასაც „ოცნება“ ვერ ამბობსო… ეს არის „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფი, რომელიც ტესტავს იდეებს, რასაც „ოცნება“ გეგმავს“.

„ამერიკული მოდელი“?

„ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად ეფუძნება „ამერიკულ გამოცდილებასა და რამდენიმე დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილებას“.

ჯერჯერობით უცნობია კანონპროექტების დეტალური შინაარსი, თუმცა „ხალხის ძალის“ დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, – რომელიც კარგად იცნობს შეერთებული შტატების კანონმდებლობას, – „ნეტგაზეთს“ ეუბნება:

„შეერთებულ შტატებში ნამდვილად მოქმედებს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რომელიც 1938 წელს მიიღეს, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის დეპარტამენტში რეგისტრაცია სავალდებულოა, თუმცა ამ კანონის ადრესატი არ არიან არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები, თუნდაც  სხვა ქვეყნიდან ფინანსდებოდნენ“.

მას მაგალითად მოჰყავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – გერმანული ორგანიზაცია, რომელსაც არაერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში, აქვს წარმომადგენლობა.

გიორგი გოცირიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

„ასეთი ტიპის ორგანიზაცია, ამერიკული კანონმდელბობით, არცერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება უცხოელ აგენტად. ამერიკული კანონის მიხედვით, უცხოელ აგენტად ითვლება სხვა სახელმწიფოს ლობისტი, ანუ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც იცავს სხვა ქვეყნის მთავრობის ინტერესებს, სხვა ქვეყნის მთავრობას ლობირებს აშშ-ის მთავრობის წინაშე“, – განმარტავს გიორგი გოცირიძე.

იგი იხსენებს საკუთარ გამოცდილებას 2006-2008 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობისას, სოზარ სუბარის ომბუდსმენობის პერიოდში, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უწევდა დახმარებას სახალხო დამცველის აპარატს. სოზარ სუბარი ახლა სწორედ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერია.

გოცირიძის თქმით, მსგავსი დახმარებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, დღემდე ხშირია ხოლმე.

„ეს არის აბსოლუტურად მისაღები პრაქტიკა, რაც არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს უცხო ქვეყნის აგენტურულ საქმიანობად, რაც აშშ-ში ამ კანონის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა. აშშ-ის კანონი ეხება გამჭვირვალობას, მიზნად ისახავს იმის დადგენას, ვინ არის უცხო ქვეყნის ლობისტი. ეს არის მთავარი არსი ამერიკული კანონისა. ის არ ეხება ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებისკენ მიმართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – აცხადებს გიორგი გოცირიძე.

„შეუსაბამო 12 რეკომენდაციასთან“

ანა აბაშიძის შეფასებითვე, ეს ინიციატივები ეწინააღმდეგება ევროკომისიის/ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას: „ეს არის ევროპული მომავლისათვის აბსოლუტურად შეუსაბამო. მეტიც, ეს არის ის, რაც იქნებოდა ანტონიმი იმ 12 პრინციპისა, რასაც უნდა ვასრულებდეთ“.

„ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც ევროკომისიისგან მივიღეთ, მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი „ოცნებამ“, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქმიანად დაკავშირდნენ ხელისუფლებასთან და პირდაპირ წერია, რომ ყველა გადაწყვეიტლების მიღებისას სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს ჩართული. ამის საპირისპიროდ კი ვხედავთ, რომ აგენტებად მოგვიხსენიებენ და მექანიზმის შექმნას აპირებენ, რათა „გაანეიტრალონ“ სამოქალაქო სექტორი“, – ამბობს ანა აბაშიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

უფლებადამცველის შეფასებით, როდესაც ინიციატივის ავტორები იყენებენ სიტყვა „აგენტს“, ეს ნიშნავს, რომ „ამგვარი რეესტრის გაკეთების შემდეგ ადამიანებს დაიჭერენ, როგორც აგენტებს. ჩვენ, – მე, ჩვენს კოლეგებს, თქვენც, – მედიებიც იგულისხმება ფართო გაგებით სამოქალაქო სექტორში, ნებისმიერ ჩვენგანს დაიჭერენ, რადგან ეს არ არის ისეთი მსუბუქი სიტყვა, რომელიც შეგიძლია უბრალოდ კრიტიკისთვის გამოიყენო“, – ამბობს ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე ასევე აცხადებს, რომ სინამდვილეში, სამოქალაქო ორგანიზაციები ყოველწლიურად ატარებენ მონიტორინგსა თუ ფინანსურ აუდიტებს, რაც საჯაროა, სახელმწიფოს კი ამა თუ იმ ორგანიზაციის ფინანსური შემოწმება, კანონიერი საფუძვლის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლია:

„არანაირი საჭიროება იმისა, რომ ახალი მექანიზმი შეიქმნას ჩვენი კონტროლისა, არ არსებობს. ამ იდიოტური ინიციატივის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ დაგვაშინონ, გაგვაჩუმონ და გაგვაქრონ. გადაქექავენ ყველა წამატებული ქვეყნის ისტორიას, ძველ კანონმდებლობას გადმოიღებენ და დაეყრდნობიან. ასე ეცდებიან გაამართლონ რუსული პოლიტიკა“, – ამბობს ანა აბაშიძე.

„მსგავსება რუსულ კანონთან“

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ეს ინიციატივები რუსეთში მოქმედ კანონმდებლობას ჰგავს.

„ეს იდეები, რასაც ამჟამად ვისმენთ, ყველაზე ახლოს დგას რუსეთთან… ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარეობს არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის მოგუდვა, არამედ თავისუფალი ადამიანების გაქრობა საჯარო სივრციდან, რაც საგანგაშოა“, – აცხადებს აბაშიძე.

გიორგი გოცირიძესაც მიაჩნია, რომ „ხალხის ძალის“ წარდგენილი ინიციატივა არის „წმინდად რუსული მოდელი, როდესაც ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიკერებით დევნიან. ეს არის წმინდად რუსული მოდელი“.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც რუსეთში 2012 წლიდან არსებობს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, ავალდებულებს, უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირდნენ.

კანონის მიღების შემდეგ „უცხოეთის აგენტების“ ცნება კიდევ გაფართოვდა და უცხოეთის აგენტთა კატეგორიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები, რუსეთის ცალკეული მოქალაქეები და აქტივისტებიც, რის შედეგადაც არაერთი მათგანის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნა.

2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „უცხოური აგენტების“  შესახებ რუსული კანონმდებლობა  ადამიანის უფლებებს არღვევს. გიორგი გოცირიძე ამბობს:

„ავიღოთ მაგალითად რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელიც საბჭოთა დისიდენტის, ანდრია სახაროვის შექმნილი ორგანიზაციაა – ის მოწოდებული იყო უფლებების დაცვისკენ. „უცხოური აგენტის“ რეგულაციების დაწესებამ გამოიწვია ამ უძველესი ორგანიზაციის ლიკვიდაცია. სწორედ ამ სცენარს ვხედავთ საქართველოში. რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველების დევნა დაიწყო სწორედ მსგავსი სახის კანონის შემოღებით, რასაც არაფერი საერთო ჰქონია ამერიკულ ანალოგთან“.


არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელი დონორების კონტროლი 2017 წლიდან გამკაცრდა უნგრეთშიც.

კერძოდ, უნგრეთის კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ (24 000 ევროზე მეტს), ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ ფინანსირებას იღებს“ და ყოველწიურად დეტალური ანგარიში წარმოადგინონ.

თუმცა, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ძირითად უფლებებს არღვევს და ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი