საზოგადოება

მომავალ კვირას პატიმრების, მათ შორის, სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ — მიტროპოლიტი გრიგოლი

18 დეკემბერი, 2022 • 1037
მომავალ კვირას პატიმრების, მათ შორის, სააკაშვილის მონახულებას ვგეგმავ — მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლ ბერბიჭაშვილის განცხადებით, მომავალ კვირაში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.

“ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, ადამიანები დაბნეულებიც კი არიან… მე ვგეგმავ მომავალ კვირაში პატიმრების მონახულებას, მათ შორის, ბატონი მიხეილ სააკაშვილისა. ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ”.

“რა თქმა უნდა, კადრები ნანახი მაქვს, თუმცა სრული ინფორმაცია ნამდვილად არ ვიცი. კადრები ხშირად ისეთი ჯადოქრობის ქვეშ გადიან ხოლმე, რომ ათას რამეს გაჩვენებენ”, — დასძინა მან.

მიტროპოლიტის სიტყვებით, ისურვებდა, რომ “ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, სრული მკურნალობა მიიღოს იმისათვის, რომ დაცული იყოს მისი, როგორც ადამიანის, როგორც პიროვნების, როგორც პატიმრის სიცოცხლე”.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მეოთხე დღეა, ენმ-ის წარმომადგენელ დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში შიმშილობს.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დეპუტატების მიერ შიმშილობის დაწყებამდე, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრები, რომლებიც კლინიკა “ვივამედში” სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული.

პენიტენციური სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელებას და ამბობს, რომ კადრები “სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს” ასახავს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ხსენებული კადრები სიმულაციების მტკიცებულებას არ შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი