საზოგადოება

აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგაში დასრულდა, ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

16 დეკემბერი, 2022 • 2392
აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგაში დასრულდა, ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა.

პროკურორის ოფისმა 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად  2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი —სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია.

„ბრალდებები, რომელთა მიმართაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა“, — ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

პროკურორის თანახმად, აღნიშნული ეჭვმიტანილები მათ შორის არიან, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა“, — აცხადებს პროკურორი და დასძენს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა საქართველოს ხელისუფლებას.

პროკურორი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა, სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

„თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერ შესრულება. რეალური შედეგების მისაღწევად ჩვენ ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა. სიტუაციური დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული დასრულების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ასევე ასახავს იმ მზარდ, სამართლიან მოლოდინს, რომ სასამართლო გამოძებნის გზებს და საშუალებებს, რათა რეალურად იმუშაოს რამდენიმე სიტუაციაზე შეზღუდული რესურსების პირობებში“, — ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

კარიმ ხანის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება და მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპის დასრულება.

„თუმცა ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი  გააგრძელებს ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების პასუხისგებაში მისაცემად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა. მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“, — აცხადებს პროკურორი.

კარიმ ხანს მიაჩნია, რომ რესურსების ეფექტიანი მართვის გარდა, დასრულების სტრატეგიების განხორციელება, შესაძლოა, თანამშრომლობისა და კომპლემენტარობის საბაზისო პრინციპების ნათელ გამოხატულებად იქცეს და ხელი შეუწყოს ახალი საქმეების წარმოებას რომლებიც, ერთობლივი მუშაობის წყალობით, შესაძლოა ადგილობრივ სასამართლოებამდეც მივიდეს.

„უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას“, — აცხადებს კარიმ ხანი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ამბობს, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ამ მიზნით, მისი ოფისი დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა და ჩვენი მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით.

ამ თემაზე:

ჰააგის პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

ეს ჩემი მთლიანად გამართლებაც არის – სააკაშვილი ჰააგაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი