საზოგადოება

ჰააგის პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

11 მარტი, 2022 • 2390
ჰააგის პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინების გამოცემის შუამდგომლობით მიმართა.

ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად  2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი, აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.

ამასთან, პროკურორმა პარალელი გაავლო უკრაინასთან და აღნიშნა, რომ მათმა ოფისმა უკრაინაში არსებული სიტუაციის წინასწარი შემოწმების დროს მსგავსი ქმედებების ნიმუშები გამოავლინა.

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო დანაშაულების შესახებ მიმდინარე ბრალდებებით, რომლებიც ხდება დღეს უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე“, – განაცხადა პროკურორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი