ახალი ამბები

ჰააგის სასამართლომ მინძაევის და კიდევ 2 პირის დაკავების ორდერი გასცა

30 ივნისი, 2022 • 823
ჰააგის სასამართლომ მინძაევის და კიდევ 2 პირის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების ბრალდებაზე სამი პირის დაკავების ორდერი გასცა. ესენი არიან მიხაილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავიდ სანაკოევი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, 2022 წლის 24 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ, სხდომის თავჯდომარის, მოსამართლე პიტერ კოვაჩის, მოსამართლე რეინე ადელაიდე სოფი ალაპინი-განსუს და მოსამართლე მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერას შემადგენლობით, პროკურორის 2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობის საფუძველზე დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ თითოეულს ამ სამი ეჭვმიტანილიდან ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულების ჩადენაში.

სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეთნიკურ ქართველად აღქმული სამოქალაქო პირები დააკავეს საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე:

„აღნიშნული პირები შემდგომში დააპატიმრეს, დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას, და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (ე.წ. „იზოლატორში“, ან „კაპეზეში“). მოგვიანებით კი მოხდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს. გაცვლის შედეგად, დაპატიმრებული პირები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სამხრეთ ოსეთი“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აღნიშნავენ, რომ მიხაილ მიარამოვიჩ მინძაევი რუსეთის მოქალაქეა. ის წარსულში მსახურობდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე და, 2005 წლიდან, სულ მცირე, 2008 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი.

სასამართლოს განცხადებით, მას, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.

გუჩმაზოვი კი, სასამართლოს თქმით, რუსეთისა და აგრეთვე, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც შესაბამის პერიოდში იყო იზოლატორის ხელმძღვანელი, რომელსაც, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.

რაც შეეხება დავიდ სანაკოევს, ის აღნიშნულ პერიოდში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ადამიანის უფლებათა საკითხებში. სასამართლოს თქმით, მას, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში:

„პალატამ მითითება მისცა სასამართლოს სამდივნოს ხელმძღვანელს, პიტერ ლუისს, მოამზადოს თხოვნა თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ეჭვმიტანილი პირების დაკავება და გადმოცემა და, სასამართლოს პროკურორთან კონსულტაციისა და შეთანხმების საფუძველზე, გადასცეს აღნიშნული თხოვნა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას, ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა მათ ითანამშრომლონ სასამართლოსთან ეჭვმიტანილი პირების დაკავებისა და გადმოცემის თხოვნის აღსრულების მიზნით“, – აცხადებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

2016 წლის 27 იანვარს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს უფლებამოსილება მიანიჭა, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილ იქნა სამხრეთ ოსეთში, საქართველოში, და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი