ახალი ამბები

ეს ჩემი მთლიანად გამართლებაც არის – სააკაშვილი ჰააგაზე

11 მარტი, 2022 • 2220
ეს ჩემი მთლიანად გამართლებაც არის – სააკაშვილი ჰააგაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ქართული მხარე ბოლომდე გაამართლა.

საუბარია ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინების გამოცემის შუამდგომლობაზე.

სააკაშვილის თქმით, ეს არის ძალიან დიდი ისტორიული ამბავი და  მთლიანად მისი გამართლებაც.

“ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით”. მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა- გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია, და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე დაპატიმრების ორდერი გასცა. წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა. ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.

დაბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს – სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი, ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?! ჩემი მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არა მხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს.
“მძინარე ცხინვალის დაბომბვის” აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ, ნეტავ?!“- განაცხადა სააკაშვილმა.


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიმართა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინების გამოცემის შუამდგომლობით.

ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად  2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი, აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი