ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების ცნობით, მობილურზე დაკავშირების მცდელობისას, შემთხვევით მოისმინეს ბიზნესმენ დავით ხიდაშელისა და უცხო პირის საუბარი რუსულ ენაზე, სადაც ხიდაშელი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის „დათრევას“ ცდილობს.
„დავიქირავე გერმანელები, მე კი არ დავიქირავე, სიტუაციამ დაიქირავა და ისინი ამზადებენ დიდ პრეზენტაციას მთავრობისთვის, რათა მათ დეკემბერში აჩვენონ ჩვენი მხრიდან როგორ მოგვარდეს ყველაფერი იქ. ლაპარაკი არაა შენთვის, არამედ იმაზე, როგორ განვაახლებ ანაკლიასაც კი. იმიტომ რომ თუ მე ანაკლიას დავითრევ, მორჩა“, – ისმის ფორმულას მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.
ნეტგაზეთი ცდილობს კომენტარისთვისა და, ასევე, ჩანაწერის ნამდვილობის შესახებ პოზიციის მოსმენისთვის ბიზნესმენს დაუკავშირდეს.
ვინ არის დავით ხიდაშელი
დავით ხიდაშელი ბიზნესმენია, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა საქმე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ და შემდეგ მათი დაკავება.
თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის “ვალი მიჰყვება”.
დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.
ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.
ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ხიდაშელი ფლობს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეში ტყის ათასობით ჰექტარს, რომლის ნაწილსაც, როგორც თავად განაცხადა, გასხვისებას უპირებს.
ხიდაშელის სახელი გამოქვეყნდა უკრაინულ პორტალზე „War and Sanctions“, სადაც უკრაინულ მთავრობას მის დასანქცირებას მოუწოდებდნენ. ხიდაშელმა ამ ფაქტს „აფერისტობა და ტყუილი“ უწოდა.
ანაკლიის პორტისა და ტვირთბრუნვის შესახებ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამუშაოები ადგილზე ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.
პანდემიის დასრულებისა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო ტვირთბრუნვა გაიზარდა.
შესაბამისად, გაიზარდა დაწოლა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის- რკინიგზაზე, საავტომობილო გზებსა და საზღვაო პორტებზე, ქვეყანას კი კვლავ არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო არაფერს აკეთებს თითქმის 3 წლის წინ შეჩერებული პროექტის განსავითარებლად.
სახელმწიფოს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად „კარგი დროა“, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია, თუ როდის უნდა ელოდოს საზოგადოება პორტის აშენებას, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია.
გუშინ 25 ნოემბერს საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ „შუა დერეფნის“ ეფექტურობის და მიმზიდველობის გაზრდისათვის ერთობლივი ზომები მიიღონ.
შუა დერეფანი გულისხმობს აზია-ევროპის სავაჭრო გზას, რომელიც საქართველოზეც გადის და მოიცავს საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურას.
შეხვედრაზე, რომელიც ყაზახეთში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე.
ნეტგაზეთის მასალა არქივიდან: