ახალი ამბები

ხიდაშელის თქმით, სანადირო მეურნეობების განვითარებას რაჭის გარდა სხვა რეგიონებშიც აპირებს

26 აპრილი, 2022 • 1844
ხიდაშელის თქმით, სანადირო მეურნეობების განვითარებას რაჭის გარდა სხვა რეგიონებშიც აპირებს

ინვესტორი, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადაეცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, არის დავით ხიდაშელი, რომელიც „დავითგარეჯის“ საქმეში ფიგურირებს და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორია.

სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია 1,15 მილიონ ლარად გაიყიდა – აუქციონში გამარჯვებული გახდა ერთადერთი პრეტენდენტი, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“, რომელიც დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.

რა ვიცით ამ დროისთვის

ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „მთის ამბებმა“ გაავრცელა მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში ითხოვდა საჯარო ინფორმაციას შესაბამისი უწყებებისგან.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ კომპანიას ფლობს შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტირებული კომპანია, GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED (IC20160464).

„მთის ამბების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, არაბეთში რეგისტრირებული GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED-ის მესაკუთრეები არიან დავით ხიდაშელი და მისი შვილი, მარიამ ხიდაშელი.

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია,

  • ლიცენზიის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიცია;
  • სალიცენზიო ფართობზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მოახდინოს წარსულში არსებული სანადირო სახეობების, კერძოდ, კეთილშობილი ირემის (Cervus elaphus Linnaeus – კავკასიური ფორმა) და დომბას (Bison bonasus – ევროპული ბიზონი (დომბა)) რეინტროდუქცია სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
  • სალიცენზიო ფართობზე, სახეობათა რეინტროდუქციისათვის, მოაწყოს სამონადირეო მეურნეობის საშენები.

რას ამბობს ხიდაშელი

26 აპრილს „რუსთავი 2-მა“ გამოაქვეყნა დავით ხიდაშელის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში, – მათ შორის „აფრიკასა და ევროპაში“, – ფლობს „რამდენიმე სანადირო მეურნეობას“ და სურვილი ჰქონდა, „საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა“.

„4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არცერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა“, – აცხადებს ხიდაშელი.

იგი ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე წელია, თანამშრომლობს ესპანურ კომპანიასთან, რომელიც გარეული ღორების ფერმებს ფლობს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა.

„აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში“, – აცხადებს დავით ხიდაშელი.

ბიზნესმენის განცხადებით, „თუ ვინმეს სურვილი ექნება, საქართველოში სანადირო მეურნეობების განვითარების საქმეში“ შეუერთდეს, „აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს, სიამოვნებით“ შექმნის ამხანაგობას და მისცემს შესაძლებლობას, „ამ სფეროს განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ“.


დავით ხიდაშელი არის ბიზნესმენი, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება.

ხიდაშელმა 26 აპრილის განცხადებაში დაადასტურა ისიც, რომ „დავითი“, რომელსაც ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში ახსენებს, სწორედ ისაა.

კერძოდ, ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია, ხოლო ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ამუშავებს.

დავით ხიდაშელი წინააღმდეგობაში მოდის ვლადიმერ ევტუშენკოვის განცხადებასთან, რომლის თანახმადაც, ალი უზდენოვი შეხვდა პრემიერს, თუმცა არა საქმიან, არამედ „დასვენების“ საკითხზე.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი