საზოგადოება

წაახალისეს თუ არა ევროპარლამენტარებმა სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნებულიყო?

21 ნოემბერი, 2022 • 2872
წაახალისეს თუ არა ევროპარლამენტარებმა სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნებულიყო?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა წაახალისეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნებულიყო. ასეა თუ არა ეს? — საჯარო კომენტარები ცხადყოფს, რომ ევროპარლამენტარებმა, რომელთაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე ესაუბრა, არათუ წაახალისეს, არამედ გააკრიტიკეს ექსპრეზიდენტის ეს განზრახვა.

კობახიძის ბრალდება 

მიმდინარე წლის ივნისში მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მიეცეს. მსგავსი შესწორება ინიციირებულია ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშშიც, რომელსაც ევროპარლამენტი დეკემბერში უყრის კენჭს.

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში, უკავშირებდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ლობირებას, ახლა კი ამბობს, რომ არსებობს „გლობალური „ომის პარტია“, რომელსაც უნდა მეორე ფრონტი საქართველოში და ამ გლობალური „ომის პარტიის“ გაგრძელებაა საქართველოში „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით“.

თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუციები ხმათა უმრავლესობით მიიღება და მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ პარტნიორებიც ევროპარლამენტში, მათ შორის, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე, „ქართული ოცნების“ პარტნიორი ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წევრი სვენ მიქსერი.

„მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის მიღების საშუალება. ეს ჰუმანიტარული პოზიციაა, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეშფოთებების გამო. ეს არ არის პარლამენტის მიერ პოზიციონირება მის კრიმინალურ ბრალდებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილს პასუხისმგებლობა აქვს მიხეილ სააკაშვილის წინაშე, წაახალისა რა იგი, საქართველოში დაბრუნებულიყო, და ამიტომაც ითხოვს ახლა მის გათავისუფლებას.

„მიქსერზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვებზე შეიძლება თქმა — მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტული ევროპარლამენტარები, EPP, ასე შემდეგ, ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის ის, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა წაახალისეს სააკაშვილი, როდესაც ის უკანონოდ ჩამოდიოდა საქართველოში. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ წაახალისეს სააკაშვილი და ახლა ზრუნავენ მის გათავისუფლებაზე… კეთილი ენებათ და როცა ახალისებდნენ სააკაშვილს, ჩამოსულიყო საქართველოში, მაშინ ეზრუნათ მის თავისუფლებაზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარები სააკაშვილის დაბრუნებაზე

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს ბრიუსელსა და სტრასბურგში შეხვდა. იმ დროისთვის სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას საჯარო განცხადებებშიც აანონსებდა. ევროპარლამენტარებმა, მათ შორის EPP-დან (რომელიც კობახიძემ სააკაშვილის წახალისებაში დაადანაშაულა), მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების განზრახვა არ მოიწონეს.

„ევროპარლამენტარების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან მე მას მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის“, — დაწერა მარინა კალიურანდმა, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა 14 სექტემბერს, ევროპარლამენტარების მრავალფრაქციული ჯგუფის სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ქართულ მედიას კი განუცხადა, რომ არ არის იმ პოზიციაზე, რომ საქართველოში წასვლაზე-არწასვლაზე სააკაშვილს რეკომენდაცია მისცეს, მაგრამ მოუწოდებს, პოლარიზაცია არ გაამძაფროს.

„კონფლიქტის მოგვარებას სჭირდება ძლიერი ლიდერები და ქართველების გაბედულობა, რადგან ამ გზის გაგრძელება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სწორედ ეს ვუთხარით მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ მას სურვილი აქვს სამშობლოში დაბრუნების, მაგრამ მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს”, – ამბობდა ლიეტუველი ევროპარლამენტარი EPP-დან ანდრიუს კუბილიუსი 2021 წლის სექტემბერში.

2021 წლის 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. Renew Europe Group-ის წევრმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა „ნეტგაზეთთან“ 29 სექტემბრის ინტერვიუში თქვა:

„ჩვენ ვიცით ყოფილი პრეზიდენტის განზრახვის შესახებ, რომ დაბრუნდეს საქართველოში 2 ოქტომბერს. ჩვენ მას ვესაუბრეთ ამ საკითხზე. არ ვფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო აზრია. ენთუზიაზმით არ ვუყურებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან შეიძლება, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოს პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ აუცილებელია, ეს არჩევნების დღეს გააკეთოს? ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან მოისმინა ეს გზავნილი ევროპარლამენტში. ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ასეთ გაღრმავებულ პოლარიზებულ გარემოში დაბრუნება. როცა შევხვდით, ის სულ საქართველოზე საუბრობდა, ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე. ამიტომ მას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა გადავადება… მოველი, რომ ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა დაბრუნდეს სააკაშვილი საქართველოში, მისი უფლებები იქნება დაცული და უსაფრთხოება — გარანტირებული, თუმცა არ ვიცი,  რამდენად პოზიტიურად აირეკლება ეს ყოველივე პოლიტიკაზე“.

იმავდროულად, ევროპარლამენტარმა „მწვანეებიდან“ ვიოლა ფონ კრამონმა განცხადება გაავრცელა და თქვა, სააკაშვილის განზრახვა, რომ არჩევნების დღეს დაბრუნდეს საქართველოში, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებოდა. კრამონი ამბობდა, რომ ევროკავშირს კი არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც სააკაშვილის ჩამოსვლა აუცილებლად გააღრმავებდა.

„მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც“, — აცხადებდა ვიოლა ფონ კრამონი.

მიხეილ სააკაშვილის და ნონა მამულაშვილის შეხვედრა ევროპელი კონსერვატორების ჯგუფთან, სტრასბურგი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა ბათუმში გადაღებული ვიდეო და თქვა, რომ 8-წლიანი დევნილობის შემდეგ უკვე საქართველოშია. მას ბრალი წარედგინა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზეც, რაც საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე მეხუთე სისხლის სამართლის საქმეა.

„მას ჰქონდა სრული უფლება, ჩასულიყო თავის ქვეყანაში და მე იმედი მაქვს ღია სასამართლო პროცესის“, — თქვა ევროპარლამენტარმა ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგამ 2021 წლის ნოემბერში, როცა საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი უკვე დაკავებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი