საზოგადოება

„გვარამიას საქმე, სააკაშვილის გადაყვანა და ივანიშვილის გავლენები“ – ცვლილებები ევროპარლამენტის ანგარიშში

8 ნოემბერი, 2022 • 1232
„გვარამიას საქმე, სააკაშვილის გადაყვანა და ივანიშვილის გავლენები“ – ცვლილებები ევროპარლამენტის ანგარიშში

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებული ვერსია.

დოკუმენტში შესული ცვლილებებით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურანლოდ, როგორც ჰუმანიტარული საფუძვლით, ასევე პოლიტიკური პოლარიზების შემცირების მიზნით. ამასთან, ანგარიშში შევიდა შესწორება, სადაც მწუხარებაა გამოთქმული იმის გამო, რომ ღრმა პოლარიზება კვლავ ქართული პოლიტიკური გარემოსთვის დამახასიათებელ ნიშნად რჩება და მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, აგრესიული რიტორიკისგან თავი შეიკავონ.

ანგარიშში ასევე დაემატა პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ 19 აპრილის შეთანხმება კვლავ რჩება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და პოლარიზაციის შემცირების გზად და მწუხარებაა გამოთქმული იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული შეთანხმებიდან გავიდა. დოკუმენტში ასევე გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცენ და აღნიშნულია, რომ „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი იყო იარაღი, რათა მათთვის საპარლამენტო მანდატები ჩამოერთმიათ, რაც პირდაპირი დემონსტრირებაა პოლიტიკური მართლმსაჯულებისა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერტობათა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ მიუხედავად საქართველოს მყარი საკანონმდებლო ჩარჩოსი, მედიაგარემო და ჟურნალისტთა უფლებრივი მდგომაროება 2021 წელს გაუარესდა. დოკუმენტში დაგმობილია ჟურნალისტების მიმართ მუქარა, დევნა, ძალადობა და მედიამფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნა:

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და გადახედოს ჟურნალისტების, მედიამფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მათ შორის დასახელებულია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე, ისევე როგორც „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფუძნებლების წინაარმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები.

ამასთან, ანგარიშს დაემატა პარაგრაფი, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა ქვეყნის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე კერძო ინტერესების აღმოხვრა, როგორც ეს მითითებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებში და ნათქვამია, რომ ეს განსაკუთრებით ეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი