ახალი ამბები

სააკაშვილის განზრახვა დღეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს – ფონ კრამონი

29 სექტემბერი, 2021 • 2821
სააკაშვილის განზრახვა დღეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს – ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაგეგმილ დაბრუნებას და ამბობს, რომ:

  • ამგვარი ნაბიჯი ამ დროისთვის კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს;
  • ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში;
  • ამ პოზიციას ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც იზიარებენ…

ფონ კრამონმა ამ საკითხთთან დაკავშირებით 29 სექტემბერს გაავრცელა  ვრცელი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში, უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოსა და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება.

ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე, ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად.

ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებს პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას“.

2021 წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოპოზიცია ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად. წინა არჩევნების მსგავსად, მიხეილ სააკაშვილს ამ არჩევნებზეც აქვს დაანონსებული საქართველოში დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი