საზოგადოება

„სჯობს უშუქოდ და დამოუკიდებლად, ვიდრე რუსებთან“ — ოლენა დემჩენკო კიევიდან

10 ნოემბერი, 2022 • 1764
„სჯობს უშუქოდ და დამოუკიდებლად, ვიდრე რუსებთან“ — ოლენა დემჩენკო კიევიდან

ოქტომბრიდან კიევს, სადაც 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ელექტრო და წყალმომარაგება შეეზღუდა.

რუსეთის თავდასხმის გამო უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% დაზიანებულია, ან განადგურებული. შედეგად, დედაქალაქს ელექტროენერგია და წყალი გრაფიკით მიეწოდება – დღე-ღამეში დაახლოებით 12 საათი.

კიევი ღამით. ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

ოლენა დემჩენკო კიეველია. ერთ-ერთია დედაქალაქის მცხოვრებლებს შორის, რომელსაც გრაფიკის მიხედვით ცხოვრების გადაწყობა მოუწია. მას ქალაქი არც დაბომბვების დროს დაუტოვებია და ამას არც სამომავლოდ გეგმავს. ამბობს, რომ როგორც ის, ასევე ქალაქის სხვა მცხოვრებლები, ყველაფერს გაუძლებენ გამარჯვებისთვის.

ინტერვიუ ოლენასთან დღის იმ მონაკვეთში ჩავწერეთ, როდესაც მის უბანში ელექტროენერგია და, შესაბამისად, ინტერნეტიც ცოტა ხნით ირთვებოდა. ინტერვიუში ოლენამ ისაუბრა თავის ცხოვრებაზე — იმაზე, თუ როგორ გააერთიანა და გააძლიერა მისი მთლიანი კორპუსი საერთო წინააღმდეგობამ და მიუხედავად რთული გამოწვევებისა, როგორ არ შეწყვიტეს უკრაინელი სამხედროების დახმარება.

„აუცილებლად გავუძლებთ“

„ამწამს რუსები არ ისვრიან, არ აგზავნიან თავიანთ „კამიკაძე დრონებს“, არ ანადგურებენ სახლებს, კვარტლებს, საავადმყოფოებს“ ,— ასე დაიწყო საუბარი ოლენამ. მისი თქმით, ამჟამად მთავარი პრობლემა, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ, ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდების შეზღუდვაა.

ყველაფერი 10 ოქტომბერს დაიწყო, მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა ოლქისა და ქალაქის აქტიური დაბომბვა განაახლა. მას შემდეგ ქალაქებმა, მათ შორის, კიევმა, გრაფიკები შეიმუშავეს. ეს გრაფიკები მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს, თუ რომელ უბანში რა დროით გაითიშება შუქი, მოქალაქეებიც შესაბამისად ახერხებენ დღის დაგეგმვას.

„შუქი, სულ მცირე, ითიშება დღეში სამჯერ, 4-4 საათით, მაგრამ არის ისეთი უბნნები, სადაც შუქი არ მოდის 6-8 საათის განმავლობაშიც კი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დაზარალდნენ საბავშვო ბაღები, სკოლები, რადგან მშობლებს, რომლებიც სამსახურში დადიან და შვილების დამტოვებლები არ ჰყავთ, ცხადია, ბავშვები კვლავ დაჰყავთ სკოლებსა და ბაღებში. გამოწვევა კი ის არის, რომ არის შემთხვევები, როდესაც იქაც ითიშება ელექტროენერგია, ან საჰაერო განგაში ირთვება და ასეთ დროს ბავშვები ახლომდებარე თავშესაფრებში გადაჰყავთ. მოკლედ, არ არის საუკეთესო ვითარება.

ჩვენ ამას აუცილებლად გადავიტანთ, რადგან სჯობს, რუსების გარეშე ვიყოთ უშუქოდ, გადავლახოთ ეს გამოწვევები დამოუკიდებლად, ვიდრე გვქონდეს ელექტროენერგია, წყალი და ვიყოთ რუსებთან.

რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთესად ვართ, ვიდრე ის ხალხი, ვინც უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ცხოვრობენ, რომლებიც ან დროებითი ოკუპაციის ქვეშ არიან, ან რომლებიც იმყოფებიან ფრონტის წინა ხაზებზე. ჩვენთან ჯერ კიდევ ასატანია“, — ამბობს ოლენა.

ელექტროენერგიის შეზღუდვას კიეველები სხვადასხვანაირად უმკლავდებიან. ოლენა ამბობს, რომ ზოგმა გენერატორის ყიდვა შეძლო, რომელიც ახლა განსაკუთრებით გაძვირდა, ზოგს კი რამდენიმე „ფაუერბანკი აქვს“ [მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც გამოყენებამდე იტენება].

„მაშინ, როდესაც შუქი არ გვაქვს, ვერ ვმუშაობთ და, შესაბამისად, სხვა საქმეებით ვკავდებით. საბედნიეროდ, ბევრია ისეთი რამ, რისი გაკეთებაც მოხალისეს შეუძლია. შესაბამისად, დიდი ნაწილი ამით არის დაკავებული. არის ხალხი, რომელიც ერთ უბანში მუშაობს, მეორე უბანში ცხოვრობს. შესაბამისად, ისინი მიდიან სამსახურში, მუშაობენ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ კი ბრუნდებიან სახლებში და უკვე იქ გრაფიკის მიხედვით ასრულებენ სახლის საქმეებს.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან არაკომფორტულია, რადგან ბევრი დრო იხარჯება და მოითხოვს ადამიანურ რესურსს. დამღლელია“, — განმარტავს ოლენა.

„ოქტომბერში იყო რამდენიმე ცივი დღე და იყო რთული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წვიმდა და, შესაბამისად, ტემპერატურა მკვეთრად ეცემოდა. ელექტროენერგია 4 საათის განმავლობაშიც კი არ ირთვებოდა. ეს განსაკუთრებით რთული იყო საღამოობით. ჩემს სახლში, მაგალითად, ელექტროენერგიას თიშავდნენ 18:00-დან 22:00 საათამდე, ანუ როდესაც სახლში მოვდიოდი, ბინა ცივი მხვდებოდა, კონდიციონერის და გამათბობლის ჩართვის საშუალება კი არ მქონდა, რადგან ორივე ელექტროენერგიას ან მოიხმარს, ან მასზეა მიბმული.

გათბობის სისტემა ჩვენთან ინდივიდუალურია — ბინებში მისი რეგულირება შეგვიძლია. ჩვენი კორპუსის მცხოვრებლებმა გადავწყვიტეთ, რომ მინიმალურ ტემპერატურაზე ჩავრთავდით გათბობას და სახლიდან რომ გავიდოდით, მას გამოვრთავდით. ამით ჩვენ ვცდილობთ, რომ ქალაქის მთლიან სისტემაზე დიდი დატვირთვა არ იყოს, რათა კიევის სხვა უბნებს ჰქონდეს თუნდაც მინიმალური გათბობის საშუალება“, — ამბობს ოლენა.

ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება ოლენასთვისაც გამოწვევაა. გვიყვება, რომ ახლა დანიშნული დროის მიხედვით გეგმავს ყველაფერს, დაწყებული პროფესიული ვალდებულებებიდან, დამთავრებული, მაგალითად, თმის დაბანით ან პროდუქტების ყიდვით. ამ უკანასკნელს ართულებს ისიც, რომ მყიდველებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, როდისაა შუქი მაღაზიაშიც, რადგან საბანკო ბარათით შეძლონ გადახდა.

„მე, მაგალითად, ხელფასი სრულად მერიცხება ბარათზე, შესაბამისად, მიწევს ბანკში მისვლა და ამ ფულის ანგარიშიდან მოხსნა, მაგრამ ხშირად ესეც შეუძლებელია, რადგან ბანკებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

ეს არ არის ისეთი სირთულეები… იმის ფონზე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვეღუპება უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში. მაგალითად, ჩემი ახლობლები ახლა იმყოფებიან რთულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთით, ასევე, ჩემი ქმარი და ნათესავი კაცები, რომლებმაც სამხედროების დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი ახლა შორს არიან. ამ განცდებთან შედარებით ასეთი დისკომფორტი არც ისე საშიშია“, — ამბობს ოლენა.

„ჩემმა ქმარმა მეტ-ნაკლებად იცის გრაფიკი. როდესაც კავშირი მაქვს, ეგრევე ვამოწმებ „მესინჯერს“ — მომწერა თუ არა. თუ გვაქვს საშუალება და ჩვენი გრაფიკები ემთხვევა, მე ელექტროენერგია მაქვს, მას კი შესაძლებლობა, რომ დამირეკოს, ჩვენ ასე თუ ისე უსაფრთხო „მესინჯერში“ ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ვცდილობთ მოვერგოთ სიტუაციას, მთავარია, რომ ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს, რომ კარგად იყვნენ ისინი, ვისგანაც ზარს ველოდებით“.

გზა, რომელსაც ოლენა გადის სამსახურიდან სახლამდე.

„24 თებერვლის შემდეგ ჩვენ ყველაფერს უფრო მეტად ვაფასებთ, რადგან ომი ყველას უკლებლივ შეგვეხო პირადად. ჩვენთან ომი 2014 წელს დაიწყო, აღმოსავლეთ უკრაინაში. მაშინაც ჩვენს კორპუსს არაერთი ინიციატივა გვქონდა და როგორც შეგვეძლო, ვეხმარებოდით სამხედროებს. მაგრამ იმ დროს პირდაპირ არ შევჯახებივართ თავდასხმებს, იმ განცდას, რომ დილას, უბრალოდ, შეიძლება ვეღარ გაიღვიძო. ასეთი ყოველწამიერი საფრთხე ჩვენს ცხოვრებას მაშინ არ ემუქრებოდა.

ახლა კი ყველაფერი ისე გამწვავდა, რომ ყოველი კეთილი სიტყვა, ყოველი „მადლობა“ და „არაფრის“, ძალიან დასაფასებელი გახდა. ჩვენს სახლში ახლა ბევრია აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან წამოსული ხალხი.. ჩვენ გავერთიანდით, გავერთიანდით ჩვენს ბრძოლაში რუსეთის მიერ დაწყებული უკრაინელთა გენოციდის წინააღმდეგ. საერთო წინააღმდეგობამ გაგვაძლიერა

ამჟამად, დოლარის კურსის ცვლილების, ინფლაციისა და გაზრდილი ფასების გამო, ყველა ოჯახს ხარჯი მოემატა. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვპოულობთ საშუალებებს, რომ დავეხმაროთ ჩვენს ჯარს“, — ჰყვება ოლენა.

ოლენასა და მის თანამეზობლობას ზამთრისთვის რამდენიმე გეგმა აქვს, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან ორი გენერატორის ყიდვა. არის სხვა გეგმებიც, რომლებზეც ქალი ჯერ არ საუბრობს, „მაგრამ უკრაინის ბევრი თანამეგობრის მსგავსად, ჩვენც სულ ვმუშაობთ და ვფიქრობთ, იმაზე, რას მოვიმოქმედებთ მომავალში“.

ინტერვიუს დროს ჩვენ ვკითხეთ ოლენას, რამდენად მართალია ცნობები დედაქალაქის ევაკუაციაზე. ის გვპასუხობს, რომ „ფეიკნიუსია“, თითქოს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ვინმეს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ქალი ჯერ არც თავად აპირებს ქალაქის დატოვებას.

„რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებებს. ისინი, ვისაც ჰყავს ნათესავები სხვა, შედარებით უსაფრთხო ქალაქებში ან აგარაკები, სადაც გათბობა შეშითაც შეიძლება. შეიძლება, ასეთ ადამიანები წავიდნენ. ასევე, თუ იქნება თავდასხმა კიევზე… მაგრამ, საერთო ჯამში, ადამიანები, რომლებიც აქ არიან და არ დაუტოვებიათ კიევი, როგორც მე, ან ადამიანები, რომლებიც დაბრუნდნენ — ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს აქ ჩვენი ცხოვრების აგება, ვიღებთ ყველა ზომას, რომ ეს ზამთარი გადავიტანოთ. და გადავიტანთ კიდეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოგვიწევს ყველაფერი ჩავიცვათ, რაც გვაქვს და ისე ვიაროთ ქუჩებში. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის რუსული აგრესორისგან“, — ამბობს ოლენა დემჩენკო.

როგორც ქალი გვიყვება, 24 თებერვლისა და მრავალი სირთულის გადალახვის შემდეგ ცხოვრების ყოველი წამი გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე მანამდე. დასძენს, რომ სიკვდილის არ ეშინია, მაგრამ არ უნდა, რომ მის ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს ამის გადატანა მოუწიოს, „ახლა კი გავიგე, რომ რაც უნდა ხდებოდეს ცხოვრებაში, ომი უარესია“.

ჩაბნელებული კორპუსები კიევის ერთ-ერთ უბანში. ფოტო: ოლენა დემჩენკო

ინტერვიუს ბოლოს ოლენას ვკითხეთ ბირთვულ იარაღისა და ატომური აფეთქების რისკებზეც. კითხვაზე პასუხად ოლენამ გვითხრა, რომ ეს არ არის იმდენად შიში, რამდენადაც მუდმივი შფოთვა. თუმცა ამ განცდებს მოქალაქეები ინფორმირებულობას უპირისპირებენ. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ და როდის.

„ალბათ, ჩვენ ამაზე ისე ხშირად არ ვფიქრობთ, როგორც იწერებიან და ამბობენ საერთაშორისო მედიები იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველი წამი ომია და სხვა უამრავი საფიქრალი გვაქვს.

მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამის საშუალებას არ მისცემს ტირან პუტინსა და იმ რუსებს, ვინც ამას მხარს უჭერენ და აფინანსებენ .. მჯერა, რომ არ მოხდება კატასტროფა. ეს მართლაც კატასტროფა იქნება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ომი უკრაინაში ის შემთხვევაა, როდესაც ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, დავამარცხოთ პუტინი და ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს ამ გენოციდს“, — მიიჩნევს ოლენა.

მისივე თქმით, „მორალურად ჩვენ ვერ გაგვტეხეს და ვერც გაგვტეხენ. ფიზიკური სიკვდილი არ ნიშნავს დამარცხებას“.

 

 

კიევი ღამით. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY ATTENTION

მასალების გადაბეჭდვის წესი