საზოგადოება

საუკუნის წინანდელი ქართული კარიკატურები, რომელთა ნაწილი დღესაც აქტუალურია

7 ნოემბერი, 2022 •
საუკუნის წინანდელი ქართული კარიკატურები, რომელთა ნაწილი დღესაც აქტუალურია

XX საუკუნის დასაწყისის ქართული პრესის არქივი სავსეა ჟურნალ-გაზეთებით, რომლებიც, სხვა ტიპის მასალებთან ერთად, მრავალფეროვანი კარიკატურებით იღებდნენ მიზანში კრიტიკის ობიექტებს.

კარიკატურები გვხვდება როგორც სატირულ-იუმორისტულ პრესაში, ისე უფრო ფართო პროფილის მქონე ჟურნალ-გაზეთებში. ისინი, ხშირ შემთხვევაში, შესამჩნევად მწვავე და გრაფიკულად დახვეწილია.

მაშინდელი კარიკატურები ერთგვარი სარკეა იმხანად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისა, ისევე, როგორც პრობლემებისა, რომლებიც თბილისისა და სხვა ქალაქების მოსახლეობას აწუხებდა.

შინაარსითა და გზავნილებით ერთმანეთისგან განსხვავებული ნახატებს შორის “ნეტგაზეთმა” ამოარჩია კარიკატურები, რომლებსაც გაზეთ “ცნობის ფურცლის” სურათებიანი დამატება აქვეყნებდა 1901-1906 წლებში.

უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ოსკარ შმერლინგს — გერმანული წარმოშობის ქართველ ფერმწერს, რომელმაც მრავალი სახასიათო გრაფიკა შექმნა იმ პერიოდში გამომავალი ჟურნალ-გაზეთებისთვის.

სხვა ასპექტების გარდა, ეს კარიკატურები საინტერესოა იმითაც, რომ იქ ასახული არაერთი პრობლემა საუკუნის შემდეგაც არ გამქრალა და სხვადასხვა ფორმით კვლავ რჩება ქალაქისა თუ ქვეყნის ყოველდღიურობაში.

თბილისის(და არა მხოლოდ) ხელმძღვანელობის კრიტიკა

გაზეთ “ცნობის ფურცლის” სურათებიანმა დამატებამ გამოცემის პირველსავე წელს “შეუტია” ხელისუფალთ, რომელთაც ქალაქის საქმეები ებარათ.

გაზეთში დაბეჭდილ კარიკატურებში ვხვდებით კრიტიკას შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების, თბილისისა თუ ქუთაისის ხელმძღვანელობის მუშაობის ნელი ტემპისა თუ ქალაქის ბიუჯეტის ფლანგვის გამო.

წლიდან წლამდე, კარიკატურების დიზაინი თუ ირონიული წარწერების სტრუქტურა იცვლება, თუმცა პრობლემები, რომლებზეც გაზეთი ჩივის, არსად მიდის.

04.01.1904

09.02.1904

08.09.1902

25.07.1904 *ცელიანი ჩონჩხი განასახიერებს ქოლერას ეპიდემიას

26.10.1903

22.09.1901

ანტისანიტარია, გაუმართავი ტრანსპორტი და სხვ.

თბილისში სისუფთავის ნაკლებობა, კეთილმოუწყობელი ქუჩები და გაუმართავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმ პრობლემებს შორისაა, რომელთაც  ყველაზე ხშირად ვხვდებით კარიკატურებში.

აქედან ზოგიერთი ქალაქში გავრცელებულ უსიამოვნო სუნს ეხება, ზოგი — მოუკირწყლავ ქუჩებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ავტორი არასაკმარის განათებასა და ნელ ტრამვაიზე ჩივის.

08.09.1902

25.12.1902

08.09.1902

23.03.1903

15.07.1904

10.11.1902

20.10.1902

02.12.1904

01.02.1904

“არტისტული საზოგადოების”, ბინების მეპატრონეების და სხვათა კრიტიკა

“ცნობის ფურცლის” სურათებიანი დამატება, ხელისუფლათა საქმიანობის გარდა, ეხმიანებოდა მაშინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს.

გაზეთის კრიტიკული თვალი სწვდებოდა მაშინდელ “ინტელიგენციას”, ხელოვანებს, ბანკს, გაქირავებული ბინების მეპატრონეებსა და სხვებს.

18.07.1904

23.05.1904

10.09.1904

16.06.1902

31.03.1902

03.04.1905

 

21.04.1902

15.09.1902

“ფანჯარას ვუკეტავ — კარებიდან შემოდის…”

რუსეთის იმპერიის სხვადასხვა მხარეში 1905 წელს დაწყებული მასობრივი პროტესტისა და არეულობის ტალღა იმდღევანდელ საქართველოსაც სწრაფად მოედო.

რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედმა სხვა ჯგუფებმა ღიად დაიწყეს ბრძოლა ცვლილებებისთვის.

ეს ის პერიოდია, როცა იმპერიაში სოციალური და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. რეპრესიებსა და მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაემატა რუსეთის მარცხიც იაპონიასთან ომში, რამაც საზოგადოების მღელვარება გააძლიერა და ამ ფონზე რევოლუციურ ჯგუფებს მოქმედების დაწყება გაუადვილა.

1905 წლის ეფექტი “ცნობის ფურცლის” სურათებიან დამატებასაც დაეტყო. ამ პერიოდის არაერთი კარიკატურა ცალსახად პოლიტიკური შინაარსისაა.

20.11.1905

05.02.1906

10.11.1905 კარიკატურა აშარჟებს რეპრესიებით ცნობილ გენერალს, დმიტრი ტრეპოვს, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორად საქმიანობდა.

12.03.1906 საუბარია 1905 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტზე, რომლის თანახმადაც ხალხს სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები უნდა მისცემოდა.

08.12.1905

16.02.1906

19.02.1906

09.06.1905

19.02.1906

16.03.1906

მასალების გადაბეჭდვის წესი