საზოგადოება

ყირიმის ხიდის აფეთქება: რუსული მედია “ქართულნომრიან მე-2 მანქანაზე” წერს

10 ოქტომბერი, 2022 • 2028
ყირიმის ხიდის აფეთქება: რუსული მედია “ქართულნომრიან მე-2 მანქანაზე” წერს

რუსული მედიაპლატფორმების თანახმად, 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების “ოპერაციაში”, აფეთქებული სატვირთო მანქანის გარდა, ჩართული იყო მეორე სატვირთო მანქანაც, რომელსაც, სავარაუდოდ, აფეთქებისათვის საჭირო ნივთიერებები გადაჰქონდა.

ტვირთის მარშრუტზე საუბრისას ისინი საქართველოსა და ქართულნომრიან მანქანას ახსენებენ.

რუსული მედიასაშუალებების მიერ აღწერილი სცენარის მიხედვით, ჯერ ერთმა სატვირთომ ჩაიტანა რუსეთში ასაფეთქებელი საშუალებები, შემდეგ მისი ტვირთი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოტვირთეს და მეორე ფურგონში განათავსეს, რომელიც ყირიმისკენ გაემართა და საბოლოოდ აფეთქდა კიდეც. ამ ვერსიაში ქართულნომრიანი ფურგონი ისაა, რომელმაც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი საშუალებები ჩაიტანა რუსეთში და არა ის, რომელიც აფეთქდა.

რას წერს რუსული მედია

“კომსომოლსკაია პრავდა” 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში წერს ტვირთის — ასაფეთქებელი მასალების — მიწოდების მარშრუტზე, რომელშიც, სამთავრობო გამოცემის ვერსიით, საქართველოც ხვდება.

გამოცემის თანახმად, ტვირთი მოიცავდა ხის 22 ყუთს, თითოეულში 9 ხვეული კინოფირით, ერთი ყუთის წონა კი დაახლოებით 1 ტონა იყო.

“კომსონოლსკაია პრავდას” თანახმად, ხსენებული ტვირთი ზღვით ჩავიდა ბულგარეთიდან საქართველოში.

“დამკვეთი უკრაინის მოქალაქე იყო. შემდეგ ის[ტვირთი] მოათავსეს სატვირთო მანქანაში უცხოური ნომრით, მძღოლი კი “ვოთსაფის” მეშვეობით დაუკავშირდა დამკვეთს.

ფოთიდან სატვირთო მანქანა სომხეთში წავიდა, სადაც ტვირთი საბაჟო კავშირის წესების მიხედვით განბაჟდა — ამბობენ, რომ ეს ტიპური, უეჭველი მარშრუტია რუსეთში მიმავალი სატვირთო მანქანებისთვის.

შემდეგ ავტომობილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოვიდა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მეშვეობით”, — წერს გამოცემა.

“კომსომოლსკაია პრავდას” მიხედვით, ბოლო წერტილი იყო არმავირი — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში — სადაც ხსენებული ყუთები მეორე სატვირთო მანქანაზე გადაიტვირთა, რომელიც შემდგომ ყირიმისაკენ გაემართა.

სტატიის დასასრულს ავტორი აღნიშნავს, რომ “როგორც ჩანს, ასაფეთქებელი ნივთიერება როგორღაც ფირის რულონებში იყო ჩადებული”.

“უფრო მეტიც, ის არ ჩანდა რენტგენზე… და დამზადდა ბულგარეთში. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერაქტის ორგანიზებაში უკრაინის გარდა უცხოეთის სპეცსამსახურებსაც შეეძლოთ მონაწილეობა”.

მანამდე, 9 ოქტომბერს, სანამ რუსული მედია მეორე მანქანაზე დაიწყებდა საუბარს, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრნიკმა ვლადიმერ პუტინს შეხვედრაზე განუცხადა, რომ რუსეთის საგამოძიებო უწყებებმა დაადგინეს სატვირთოს მარშრუტი, “რომლითაც მოხდა აფეთქება”.

მან ახსენა ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და კრასნოდარის ტერიტორია.

“გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია გადამყვანები – პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სატვირთო მანქანის გადაადგილების ორგანიზებაში”, — ამბობდა ბასტრნიკი.

10 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია განაახლეს რუსულმა ტელეგრამის არხებმაც, “Baza” და “Mash”. ისინი უშუალოდ ახსენებენ “ქართულნომრიან” მანქანას.

“Mash” აღნიშნავს, რომ “ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების ისტორიაში კიდევ ერთი სატვირთო მანქანა გამოჩნდა. სავარაუდოდ, სწორედ მისი მეშვეობით ჩაიტანეს ასაფეთქებელი საქართველოდან, ჩრდილოეთ ოსეთის გავლით”.

არხი ირწმუნება, რომ 8 ოქტომბერს რუსეთის საგზაო პოლიციაში შევიდა მონაცემები – ძებნაში იყო წითელი ავტომობილი DAF “ქართული ნომრებით”.

“ჯგუფებმა აქტიურად დაიწყეს ყველა სატვირთოს შემოწმება, რომლებიც ემთხვეოდა აღწერას და გაჩერებული იყო სადღაც [ჩრდილოეთ ოსეთის] რესპუბლიკაში”, — ვკითხულობთ ტექსტში.

“Mash”-ის მიხედვით, საღამოს მსგავსი მანქანა იპოვეს ვლადიკავკაზის გასასვლელზე, რესტორან „ვოკრუგ სვეტასთან”.

“ადგილზე გამოიძახეს ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრი და უშიშროების ფედერალური სამსახური. სატვირთო წაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. მძღოლი შიგნით არ იყო, იგი მოგვიანებით გამოჩნდა და უმალ დააკავეს”, — წერს არხი.

თავის მხრივ, ტელეგრამის არხი “Baza” ასევე ამბობს, რომ “ასაფეთქებელი ნივთიერების ტვირთი, რომელიც, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდზე ტერაქტის დროს გამოიყენეს, რუსეთში “ქართულნომრიანი” მანქანით ჩამოიტანეს”.

“განბაჟება მან სომხეთის ტერიტორიაზე გაიარა. მას შემდეგ, რაც მანქანამ საზღვარი გადაკვეთა და არმავირამდე მივიდა, იქ გადმოტვირთეს და მანქანა ჩრდილოეთ ოსეთში დააბრუნეს. სატვირთო 8 ოქტომბერს სწორედ იქ აღმოაჩინეს”, — წერს ტელეგრამის არხი.

“ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა რუსულ მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარისთვის. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

რა მოხდა

კრემლის მიერ საინჟინრო შედევრად წარმოჩენილი ქერჩის ხიდი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 70 წლის იუბილედან მალევე აფეთქდა.

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებდა რუსეთის ფედერაციასა და ანექსირებულ ქერჩისა და ყირიმის ნახევარკუნძულებს.

აფეთქებისას სრულად დაინგრა ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთი ზოლი, ასევე დაზიანდა მეორე ზოლიც და გვერდით მდებარე რკინიგზაც.

რუსეთმა ხიდის აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა და 10 ოქტომბერს, დილის საათებში, კიევსა და სხვა ქალაქებზე მიიტანა იერიში. უკრაინის ცნობით, დაბომბვების შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის არაერთი დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.

გაიგეთ მეტი

როგორ ააფეთქეს ქერჩის ხიდი – 3 ვერსია

მასალების გადაბეჭდვის წესი