საზოგადოება

როგორ ააფეთქეს ქერჩის ხიდი – 3 ვერსია

10 ოქტომბერი, 2022 • 1524
როგორ ააფეთქეს ქერჩის ხიდი – 3 ვერსია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 70 წლის იუბილედან მალევე, კრემლის მიერ საინჟინრო შედევრად წარმოჩენილი ქერჩის ხიდი აფეთქდა.

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებდა რუსეთის ფედერაციასა და ანექსირებულ ქერჩისა და ყირიმის ნახევარკუნძულებს.

აფეთქებისას სრულად დაინგრა ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთი ზოლი, ასევე დაზიანდა მეორე ზოლიც და გვერდით მდებარე რკინიგზაც.

როგორ მოხდა აფეთქება? – ამ საკითხზე არაერთი ვერსია ვრცელდება უცხოურ მედიაში

სატვირთო – კრემლის ოფიციალური ვერსია 

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ხიდზე აფეთქდა მოძრავი სატვირთო, რამაც შემდგომში გამოიწვია საწვავის შვიდი ვაგონის აალებაც.

კრემლის თანახმად, ავტომობილი ხიდზე მოხვდა ტამანის ნახევარკუნძულიდან, ანუ რუსეთის ფედერაციიდან.

მანამდე სატვირთო შეამოწმეს კიდეც, რისი ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

ტვირთის შემოწმების შემდეგ ინსპექტორი მძღოლს ნებას რთავს, რომ ხიდზე გადაადგილდეს, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში ხიდი ფეთქდება.

რუსული გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ხიდზე დამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მანქანებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობას ამოწმებს, თუმცა სატვირთო არ შეუმოწმებიათ ამ მოწყობილობით.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ინსპექტორი, რომელმაც სატვირთო შეამოწმა, დაკავებულია.

უკვე ცნობილი გახდა, რომ სატვირთოს მფლობელი 25 წლის სამირ იუსუბოვია, თუმცა, მისი განცხადებით, არავითარი კავშირი არ აქვს ხიდის აფეთქებასთან.

იუსუბოვის თანახმად, მართალია, სატვირთო მის სახელზე იყო გაფორმებული, თუმცა, სინამდვილეში, მამამისის ბიძაშვილი, 51 წლის მახირ იუსუბოვი მართავდა, რომელიც აფეთქებას ემსხვერპლა.

როგორც რუსული გამოცემა RBK საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სატვირთოს მძღოლმა ინტერნეტით მიიღო სასუქის გადატანის შეკვეთა და არ იცოდა, რომ აფეთქებაში მონაწილეობდა.

გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თანახმად, შესაძლოა, სატვირთოს მართლაც გადაჰქონდა სასუქი, კერძოდ, ამონიუმის ნიტრატი, იგივე გვარჯილა, რაც სრულებით ლეგალური ტვირთია, რაც ხსნის იმას, თუ რატომ დართო ინსპექტორმა სატვირთოს გადაადგილების ნება.

სწორედ ამონიუმის ნიტრატი დასახელდა ლიბანში, ბეირუთის პორტის აფეთქების მთავარ მიზეზად.

სამხედრო ექსპერტი, დევიდ გენდელმანი BBC-ის რუსულ გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ ლოგიკურია, აფეთქება სატვირთოს გამოეწვია, რადგან უკრაინელებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც საჰაერო თავდაცვითი დანადგარების მოქმედების პირობებში, ხიდს დაბომბავდნენ მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

კატერი – აფეთქება ხიდის ქვემოდან

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში, მომხმარებელთა ნაწილის თანახმად, სავარაუდოდ, მოჩანს მოტორიანი ნავი, რომელიც აფეთქების მომენტამდე ხიდის ქვეშ იმყოფება.

საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფის, Bellingcat-ის წევრმა, ნიკ ვოთერსმა, ეჭვქვეშ დააყენა ასეთი ნავის არსებობა.

მისი განცხადებით, იგი ვერ ხედავს ნავს და გამოსახულება, რომელიც ხიდის ქვეშაა, სავარაუდოდ, არის ტალღა, რომელიც „მიანიშნებს, ან არ მიანიშნებს რაიმეზე“.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აფეთქება გამოიწვია ხიდის ქვეშ მყოფმა ობიექტმა, მაშინ აფეთქების მომენტში უნდა ყოფილიყო ერთგვარი დაყოვნება და აფეთქების ტალღა მომენტალურად არ უნდა გავრცელებულიყო ხიდის ზედა ნაწილზეც.

კომბინირებული ოპერაცია  

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარევის განცხადებით (რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს), ცალკე აღებული მხოლოდ სატვირთო ვერ გახდებოდა ასეთი აფეთქების მიზეზი და საქმე შეიძლება გვქონდეს კომბინირებულ ოპერაციასთან.

ამის შესახებ ვარაუდები მან გამოთქვა ვასილი გოლოვანოვის გადაცემაში Youtube არხზე.

„ეს კომპლექსური ოპერაცია იყო, რომელიც მოიცავდა რამდენიმე პარალელურ მოქმედებას. სატვირთოს თავისით არ შეუძლია ამგვარი დაზიანება გამოიწვიოს, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს შესაძლებელი რომ ყოფილიყო, გაცილებით უფრო ადრეც მოხდებოდა“, – განაცხადა პონომარევმა.

მისი განცხადებით, რუსული მხარე ცდილობს მარტივი მიზეზებით ახსნას ხიდის აფეთქება, რათა უარყოს, რომ ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა უკრაინული მხარის მიერ, რომელიც პროფესიონალურად შესრულდა.

კრემლი კიევს ადანაშაულებს

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა და მომხდარში უკრაინული მხარე დაადანაშაულა. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბასტრიკინმა პუტინს უთხრა, რომ რუსეთმა გამოძიების პირველ ეტაპზე დაადგინა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება ტერორისტული აქტი იყო, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.

“ამ ტერაქტის მიზანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დიდი ობიექტის განადგურება იყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციისთვის, განსაკუთრებით, ყირიმისთვის”, – განაცხადა ბასტრიკინმა.

ამ განცხადებას პუტინმა უპასუხა:

“როგორც თქვენ ახსენით, ეჭვი არ არსებობს, რომ ეს ტერაქტი მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას… და ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან”.

ბასტრიკინმა კი აღნიშნა, რომ “ტერაქტის ავტორები” არიან უკრაინის სპეცსამსახურები, რუსეთის მოქალაქეები და უცხო ქვეყნები, “რომლებიც დაეხმარნენ ამ ტერაქტის მოწყობაში”.

ამასთან, ბასტრიკინმა პუტინთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის საგამოძიებო უწყებებმა დაადგინეს სატვირთოს მარშრუტიც, “რომლითაც მოხდა აფეთქება”:

“ეს არის ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის ტერიტორია. გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია გადამყვანები – პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სატვირთო მანქანის გადაადგილების ორგანიზებაში. FSB-ს თანამშრომლების დახმარებით შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, ვისაც შეეძლო ტერორისტული თავდასხმის მომზადება. ასევე, ადამიანების, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენ ინტერესია ამ აფეთქების მიზნისა და ამოცანის დადგენა. ეს ნამდვილად ტერორისტულ ხასიათს ატარებს. ტერორისტული აქტია”, – უთხრა ბასტრიკინმა პუტინს.


მასალა მომზადებულია Meduza-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი