ახალი ამბები

პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებას უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ტერაქტს უწოდებს

9 ოქტომბერი, 2022 • 1173
პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებას უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ტერაქტს უწოდებს

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა და მომხდარში უკრაინული მხარე დაადანაშაულა. ამის შესახებ მან საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბასტრიკინმა პუტინს უთხრა, რომ რუსეთმა გამოძიების პირველ ეტაპზე დაადგინა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება ტერორისტული აქტი იყო, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.

“ამ ტერაქტის მიზანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დიდი ობიექტის განადგურება იყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციისთვის, განსაკუთრებით ყირიმისთვის”, – განაცხადა ბასტრიკინმა.

მის ამ განცხადებას პუტინმა უპასუხა:

“როგორც თქვენ ახსენით, ეჭვი არ არსებობს, რომ ეს ტერაქტი მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას… და ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები – უკრაინის სპეცსამსახურები არიან”.

ბასტრიკინმა კი აღნიშნა, რომ “ტერაქტის ავტორები” არიან უკრაინის სპეცსამსახურები, რუსეთის მოქალაქეები და უცხო ქვეყნები, “რომლებიც დაეხმარნენ ამ ტერაქტის მოწყობაში”.

ამასთან, ბასტრიკინმა პუტინთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის საგამოძიებო უწყებებმა დაადგინეს სატვირთოს მარშრუტიც, “რომლითაც მოხდა აფეთქება”:

“ეს არის ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის ტერიტორია. გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია გადამყვანები – პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სატვირთო მანქანის გადაადგილების ორგანიზებაში. FSB თანამშრომლების დახმარებით შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, ვისაც შეეძლო ტერორისტული თავდასხმის მომზადება და ადამიანების, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენ საექსპექრტო გამოძიებას ამ აფეთქების მიზანისა და ამოცანის დასადგენად. ეს ნამდვილად ტერორისტულ ხასიათს ატარებს. ტერორისტული აქტია”, – უთხრა ბასტრიკინმა პუტინს.


შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ხიდის ნაწილი, – საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული, – ჩამონგრეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი