საზოგადოება

პოლიციამ „ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტთან აქტივისტები არ მიუშვა

28 სექტემბერი, 2022 • 972
პოლიციამ „ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტთან აქტივისტები არ მიუშვა

პოლიციამ რუსეთ-საქართველოს საზღვართან არ მიუშვა მოძრაობა „დროას“ აქტივისტები და მხარდამჭერები, რომლებიც დღეს „ყაზბეგის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის გამართვას აპირებდნენ.

აქტივისტებს ხელში უკავიათ პლაკატები ანტისაოკუპაციო და რუსეთის პოლიტიკის მაკრიტიკებელი წარწერებით, ასევე: „რუსო დეზერტირებო, თქვენ აქ არ გელიან“.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ აედევნათ პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, შემდგომ კი გზის გაგრძელების უფლება არ მისცეს – „შემოგვისაზღვრეს ადგილი და გვითხრეს, რომ შეგვიძლია აქ აქციის ჩატარება და ამ ადგილს ვერ გავცდებით“.

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები დგანან ტრასაზე, მათ პლაკატებს კი პოლიციის კორდონი ეფარება, შესაბამისად, გზაზე მიმავალი მანქანები მომიტინგეებიის აქციას ვერ ხედავენ. პოლიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ მისცემენ აქტივისტებს გადაადგილების საშუალებას, რადგან ეს ეწინააღმდეგება კანონს.

„ჩვენ გვინდოდა, რომ [რუსეთის მოქალაქეებს] სცოდნოდათ ქართველი ხალხის პოზიცია. ვფიქრობთ, რომ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამის მოთხოვნას აზრი არ აქვს“, – ამბობს „დროას“ წარმომადგენელი.


მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 120-მა კი საქართველო დატოვა.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი