საზოგადოება

შსს: ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის 78 742 მოქალაქე შემოვიდა

27 სექტემბერი, 2022 • 1069
შსს: ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის 78 742 მოქალაქე შემოვიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლის სტატისტიკას. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ 21 სექტემბრიდან მოიმატა.

სტატისტიკა, რომელსაც შსს ავრცელებს, საქართველოს საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტს მოიცავს და ასახავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიგრაციას საქართველოში და საქართველოდან:

17 სექტემბერს გადმოკვეთა – 6986; გადაკვეთა – 7406;
18 სექტემბერს გადმოკვეთა – 6606; გადაკვეთა – 6743;
19 სექტემბერს გადმოკვეთა – 6411; გადაკვეთა – 6782;
20 სექტემბერს გადმოკვეთა – 5603; გადაკვეთა – 6199;
21 სექტემბერს გადმოკვეთა – 6402; გადაკვეთა – 6011;
22 სექტემბერს გადმოკვეთა – 6150; გადაკვეთა – 6050;
23 სექტემბერს გადმოკვეთა – 9307; გადაკვეთა – 6214;
24სექტემბერს გადმოკვეთა – 9330; გადაკვეთა – 6249;
25 სექტემბერს გადმოკვეთა – 11 143; გადაკვეთა – 5519;
26 სექტემბერს გადმოკვეთა – 10 804; გადაკვეთა – 4947 რუსეთის მოქალაქემ.

შესაბამისად, მოცემულ პერიოდში, უწყების თქმით, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 78 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 120-მა კი საქართველო დატოვა.
უწყებაში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.

ამასთანავე, შსს-ს თქმით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით:

„სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება.

შესაბამისად, უფრო ხშირად ისმის კითხვები შემოშვების წესებსა და უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ:

„შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ – სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ – შესაბამისი მონაცემების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირებას“, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი