საზოგადოება

რატომ არ კეტავს რუსეთი საზღვარს მობილიზაციის მიუხედავად?

27 სექტემბერი, 2022 • 1349
რატომ არ კეტავს რუსეთი საზღვარს მობილიზაციის მიუხედავად?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ნაწილობრივი მობილიზაციის პირობებში მოქალაქეთა გადაადგილებაზე შეზღუდვა გათვალისწინებული არ არის“.

რუსეთის ხელისუფლებას არ განუმარტავს, თუ რატომ არ კეტავს საზღვარს და არ უშლის ხელს პოტენციური მებრძოლების გადინებას. ანალიტიკოსების აზრით, მობილიზაციის გამო გაზრდილი უკმაყოფილების ფონზე, მოსკოვის ინტერესებშიცაა, ქვეყანა დატოვონ მოქალაქეებმა, რომლებიც გაწვევას გააპროტესტებდნენ.

„რუსეთის ხელისუფლებამ, სულ მცირე, 10 დღის განმავლობაში საშუალება მისცა თავის გასაწვევ მოქალაქეებს, რომ გასულიყვნენ ქვეყნიდან, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ნაკლები წნევა ჰქონოდა შიგნით — ერთგვარად ორთქლი გამოუშვა. გამოიქცა ის ხალხი, ვინც პოტენციურად ყველაზე მეტად გააპროტესტებდა ამ მასობრივ გაწვევას და ფრონტზე გაგზავნას. იგივე ეხება მათ ოჯახებს“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბადრიძე.

თუმცა ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანში სიტუაცია შეიცვლება და რუსეთი შეზღუდავს მობილიზაციას დაქვემდებარებული მამაკაცების ქვეყნიდან გადინებას.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ რუსეთი ჩაკეტავს საზღვარს, როცა ეს დასჭირდება.

„ამ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლებას აწყობს ყველაზე საპროტესტო მუხტის მქონე მოქალაქეების გადინება — ეს ჰგავს გაზის გაშვებას, რომ არ აფეთქდეს. უნდათ, მოიშორონ კრიტიკული მასა, განსაკუთრებით, დიდი ქალაქებიდან: მოსკოვიდან, პეტერბურგიდან… მაგრამ თუ ნახეს, რომ გამსვლელთა რაოდენობა მატულობს და იმაზე მეტია, ვიდრე თვითონ ფიქრობდნენ, მერე უკვე, რა თქმა უნდა, ჩაკეტავენ საზღვარს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კაკაჩიამ.

მიზეზი, რომ რუსეთისთვის უმჯობესია „არასანდო მოქალაქეების“ გადინება, გარკვეულწილად „გათქვა“ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელმაც პუტინს მოუწოდა, არ იდარდოს „გაქცეულებზე“.

„დაე, გაიქცეს 30 ათასი, 50 ათასი. რა, აქ რომ დარჩენილიყვნენ, ჩვენი ხალხი იქნებოდა? დაე, გაიქცნენ. არ ვიცი, თქვენ ამას როგორ ხედავთ, მე დიდად არ მიდარდია, როცა რამდენიმე ათასი გაიქცა 2020 წელს. ბევრი მათგანი უკან დაბრუნებას გვთხოვს. ისინიც დაბრუნდებიან. უბრალოდ, უნდა გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცევით მათთან მიმართებით“, — უთხრა ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. შედეგად ქვეყნის დატოვება დაიწყეს მოქალაქეებმა, ძირითადად, კაცებმა, რომელთაც არ სურთ, ფრონტის ხაზზე გაიწვიონ. მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა თვითმფრინავის ბილეთებზე, რიგებია რუსეთის სახმელეთო საზღვარზე საქართველოსთან, ყაზახეთთან, მონღოლეთთან და ფინეთთან. მგზავრთა ნაკადები ამ ქვეყნებში განსაკუთრებით გაზრდილია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდულია შესვლა ევროკავშირის ოთხ ქვეყანაში (პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა), რომლებსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ.

რუსული გამოცემა Meduza წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის დასრულებამდე საზღვრების ჩაკეტვას არ გეგმავს, თუმცა შესაძლოა ვითარება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნიდან რუსების “მასობრივი გადინება” დაიწყება.

რამდენმა ადამიანმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, უცნობია. 26 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა თქვა, რომ მხოლოდ საქართველოს საზღვარზე რუსული საბაჟო პუნქტი „ზემო ლარსი” ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი