“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს. ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, 31 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარადგენს, თუ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში კრიზისი ხელოვნურად შეიქმნება და პარლამენტს ასარჩევად არც ერთი კანდიდატი არ წარედგინება.
“საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას. ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებს და არასამთავრობო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით.
კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს საზოგადოებისთვის, თუ პირს შეკრავენ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არც ერთ კანდიდატურას იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს [ევროკავშირის] რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერევით”, – განმარტა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა დღესვე დაარეგისტრირებს ცვლილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას. ასევე შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრძანება გამოსცეს, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი. მისი განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება ჯგუფი, რომელიც ომბუდსმენობს მსურველთან განაცხადებს შეისწავლის და საპარლამენტო სუბიექტებს პარლამენტში კენჭისყრისთვის წარუდგენს.
მდინარაძის თქმით:
- ნებისმიერ პირს შეეძლება სახალხო დამცველის კანდიდატურაზე განცხადების შეტანა
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით
- კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ 7 კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებების დარეგისტრირებას გეგმავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ომბუდსმენის არჩევის კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მანამდე “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა გააკეთა, რასაც ფრაქცია “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს.
მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. პარლამენტმა ლომჯარიას შემცვლელი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.
ამ დროისვის არსებული ინფორმაციით, ენმ, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი აპირებენ მხარი დაუჭირო არასამთავრობო ორგანიზციების მიერ დასახელებულ კანდიდატურებს. სხვა პარტიების პოზიციებს ომბუდსმენის კანდიდატურებზე გაეცანით – აქ.
სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.
ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.