ახალი ამბები

სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში პარტიებს შორის შეხვედრები დაიწყო

30 აგვისტო, 2022 • 1111
სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში პარტიებს შორის შეხვედრები დაიწყო

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრები დაიწყო.

ახალი ომბუდსმენის შერჩევასთან დაკავშირებით დღეს, 30 აგვისტოს, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრა გამართა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კი ამ საკითხზე ცალკე შეხვედრაზე იმსჯელა.

„ქართული ოცნებასთან“ ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ: „გირჩის“, „მოქალაქეების“, „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

საპარალემენტო პოლიტიკური ჯგუფებიდან მმართველ გუნდთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლებს. აღნიშნულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დღეს შეხვედრა ცალკე გამართეს და როგორც შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მათ, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ლელოს“ ომბუდსმენის საკითხზე საერთო პოზიცია აქვთ.

„ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი უკვე მუშაობენ კანდიდატის შერჩევაზე და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ [ევროკომისიის] 12 პუნქტის შესრულებას. ომბუდსმენის არჩევას, რაც არის გამორჩეული საქართველოს დემოკრატიისთვის, დავუჭერთ სწორედ ამ კანდიდატს მხარს. ჩვენი ფრაქცია მზად არის წარადგინოს ის როგორც კანდიდატი, რადგან  ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ და  ომბუდსმენის შერჩევის საკითხზე ბიუროსა და საკომიტეტო განხილვებისთვის მზად არიან.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ მმართველი პარტია სახალხო დამცველის არჩევის წესის შემუშავების პროცესში კომპრომისებისთვის მზად არის.

თუმცა, მისი თქმით, ოპოზიცია  ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების პროცესის „საბოტაჟს“ ცდილობს და სახალხო დამცველის არჩევის წესი „შეიძლება ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს“. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილის დღევანდელ შეხვედრაზე არმისვლაც იმის ლუსტრაციაა, რომ ისინი უარს ამბობენ იმ  პუნქტის შესრულებაზე, რომელიც ომბუდსმენის შერჩევას უკავშირდება.

მისივე თქმით, „ოცნება“ მაქსიმალურად ეცდება, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველყოს და „შარის მოდების“ საშუალება არავის მისცეს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრის შემდეგ კი მდინარაძემ განაცხადა, რომ  შეხვედრის მონაწილე ოპოზიციის ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ინკლუზიურად და არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური მონაწილეობის გათვალისწინებით წარიმართოს.

„მათი დიდი ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ რეგლამენტის შესაბამისად, წარმდგენი უნდა იყოს პოლიტიკური სუბიექტი – ფრაქცია ან პოლიტიკური ჯგუფი. ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს მოვისმენთ და ჩვენეულ ხედვას გავაცნობთ საზოგადოებას, რომ პროცესი მხოლოდ პროცესისთვის არ იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, არ ჰგონია, რომ „ქართული ოცნება“ ომბუდსმენობის კანდიდატს წარადგენს,  რადგან მას მხარდაჭერა ვერ ექნება.

თუმცა იოსელიანის თქმით, თავად არავის წარმოდგენილ კანდიდატს უპირობოდ არ ენდობა და არასამთავრობო სექტორის კანდიდატი თავადაც უნდა მოსწონდეს, რომ მხარი დაუჭიროს.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი შერჩეული უნდა იყოს სწორედ იმ წესით, რაც ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაშია წარმოდგენილი.

„ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უზრუნველყოს მესამე სექტორის, ასევე, პოლიტიკური პარტიების ჩართულობა. თუ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება გვინდა, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი, ისინი ვის დაუჭერენ მხარს, თუმცა, ამავე დროს, ვთვლი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეიძლება თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღონ, რომ საკუთარი კანდიდატურები წარადგინონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ომბუდსმენის შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და აღნიშნა, რომ მათი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი ისეთი კანდიდატის მხარდაჭერაა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის იქნება მისაღები.

„ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს გამჭვირვალე პირობებში, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და, რა თქმა უნდა, კანდიდატს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაც არის შემდეგი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და კანდიდატს პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩვენ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა კანდიდატურა შესთავაზოს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება პარლამენტარებმა უნდა მიიღონ. მისი თქმით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ოცნებასთან“ შეხვედრას არ დაესწრნენ , არასამთავრობო სექტორს  ამოეფარნენ.

„ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა[…] იმის უკან დაიმალო, რომ მოდი, სახალხო დამცველის კანდიდატურას სხვა ხალხი ამირჩევს და მე უბრალოდ მექანიკურად ამას პარლამენტში შემოვიტან, ეს, მგონი, არასერიოზულია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას თავის პოზიცია ჰქონდეს და ღია დისკუსიით გაარკვიონ, რა უნდათ.

„წინ ბევრი დისკუსია გველის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, და თუ საჯარო დისკუსიები გაიმართება და ყველასთვის გასაგები იქნება, ვინ რა პოზიციებზე დგას, მაშინ ჩვენ მინიმუმ დავაკმაყოფილებთ გამჭვირვალობის კრიტერიუმს და თუ მერე ამას სათანადო კონსენსუსი მოჰყვება, მაშინ ეს არჩევანიც იქნება საკმაოდ ლეგიტიმური“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას შეფასებით, სანამ არჩევის წესი დადგინდება, მანამ არჩევის კრიტერიუმი უნდა იყოს დადგენილი.

„სახალხო დამცველის თანამდებობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ თანამდებობაზე უნდა იყოს პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.


მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. პარლამენტმა ლომჯარიას შემცვლელი  სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

ამასთან, სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.

ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს უნდა მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი