საზოგადოება

„მასობრივი კრივი ხშირად მთავრდებოდა დასახიჩრებით“ — როგორ ერთობოდნენ თბილისში XIX საუკუნეში

26 ივლისი, 2022 • 2423
„მასობრივი კრივი ხშირად მთავრდებოდა დასახიჩრებით“ — როგორ ერთობოდნენ თბილისში XIX საუკუნეში

1851 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე კრიტიკულ შეტყობინებას უგზავნის კავკასიის მეფისნაცვალს, რომლითაც თბილისში გამართული მასობრივი კრივის შესახებ ჩივის და მსგავსი ღონისძიებების აკრძალვას ითხოვს მთელი კავკასიის მასშტაბით.

რთული სათქმელია, ბოლოს როდის მოაწყვეს დედაქალაქის ქუჩებში კრივი, როგორც გასართობი ღონისძიება. ცნობილია, რომ ეს იყო მასშტაბური და ხშირად სახიფათო პროცესი, რომელშიც თბილისის მრავალი მოქალაქე ერთვებოდა მაყურებლისა თუ ორთაბრძოლის მონაწილის ამპლუაში.

ცნობები, რომლებიც თბილისურ კრივზე შემორჩა, მოგონებებში, XIX საუკუნის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებში თუ მოგვიანო სამეცნიერო ნაშრომებშია გაბნეული. სწორედ აღნიშნული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რა ხდებოდა ქალაქში “სალდასტის” თუ “მუშტის” კრივის დროს.

სად და როდის მართავდნენ კრივს

ღონისძიებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო თბილისის ცხოვრების ნაწილი, პრაქტიკულად არაფერი აქვს საერთო თანამედროვე კრივთან, რბილი ხელთათმანებით, რინგითა თუ მონაწილეთა განსაზღვრული რაოდენობით.

თბილისური კრივი იყო მასობრივი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ქალაქის სხვადასხვა უბნის მოსახლეობა ერთმანეთს ეჯიბრებოდა არამხოლოდ მუშტით: ბრძოლის წესები კრივის სახეობაზე იყო დამოკიდებული.

მწერალ იოსებ გრიშაშვილის თანახმად, რომელმაც მოცულობითი ინფორმაცია შეკრიბა თბილისურ კრივზე წიგნში “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა”(1927), ეს იყო “საჯარო გასართობი” და “ფიზიკური ვარჯიშობა”, რომელსაც არც განცხადება სჭირდებოდა და არც შათირების (კურიერების) დაგზავნა.

“კრივი ჩვენებური, თბილისური ჩვეულებაა. საგულისხმოა, რომ სხვა ერს (ინგლისური ბოქსის გამოკლებით) მუშტი არ უყვარს, მაგ. რუსს სილა უფრო ემარჯვება. ყარაჩოღელსაც უყვარს სილა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგ.: ამქრის დღესასწაულზე…

კრივის დროს კი დოგადოგა მიდიოდნენ ერთმანეთზე: ჯერ ერთი მოკრივე შემოჰკრავდა ერთი ხელით მუშტს, ხოლო თუ მოპირდაპირე ისეთი სუსტი აღმოჩნდებოდა, რომ ამ ერთი მოქნეული მუშტით წაბარბაცდებოდა, მაშინ მეორე მხრიდან მეორე მუშტსაც მიარტყამდა მისაშველებლად, რომ ზეზე დამდგარიყო სწორად:

მერე დაიჭერდა ორივე ხელით — შეაჯანჯღარებდა, შეასწორებდა და კვლავ იწყებოდა ახალი გამოცდა ბრძოლისა”, — წერს გრიშაშვილი.

იოსებ გრიშაშვილი. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია 

მაინც სად და როდის იმართებოდა მასობრივი კრივი თბილისში? გრიშაშვილის მიხედვით, ორთაბრძოლა კვირაობით, ყველიერის [დიდი მარხვის წინა კვირა] ბოლო დღეებში, აგრეთვე, ნათლისღების მეორე დღეს ეწყობოდა.

“ყველაზე დიდი კრივი — ეგრეთწოდებული “ავლაბრის კრივი” — იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამ სახელწოდების ეკლესიის მახლობლად”, — ამატებს მწერალი.

გრიშაშვილის მიხედვით, ძველად სიონის ტაძარი ქალაქის ორი მოკრივე გუნდის საზღვრად მიიჩნეოდა — ჩრდილოეთისა და სამხრეთის.

მოკრივეთა მიჯნას წარმოადგენდა აგრეთვე შუაბაზარი — დუქნებითა და სახელოსნოებით დაფარული ტერიტორია, რომელიც კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელ კოტე აფხაზის [ლესელიძის] ქუჩის ხაზს გასდევდა. იყო შემთხვევაც, როცა მოკრივეთა გუნდებს მტკვარი ჰყოფდათ.

კრივს სხვადასხვა ადგილას მართავდნენ. ავლაბრის გარდა, მას ასევე ატარებდნენ მეტეხის ციხის ქვედა ნაწილში, ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე არსენალის უბნის მიმდებარედ, სიონის ქუჩაზე, აბას-აბადის მოედანზე, ბოტანიკური ბაღის ზემოთ, ჩანჩქერის თავზე და მამადავითის ყელთან, სადაც უწინ, გრიშაშვილის თანახმად, დაცემული ადგილი ყოფილა.

“ბლომად იყვნენ ხოლმე თავგახეთქილები, ცხვირპირდამტვრეულები”

კრივში ძირითადად ხელოსანთა წრიდან გამოსული მოქალაქეები მონაწილეობდნენ, ზოგჯერ კი ვაჭრებიც უერთდებოდნენ. გრიშაშვილის გადმოცემით, ჩვეულებრივ, ღონისძიებას ე.წ. წარჩინებული პირები მფარველობდნენ.

კრივს თავისი, “ხალხის ჩვეულებაზე დამყარებული” წესები ჰქონდა, თუმცა მოკრივეთა რიცხვი განსაზღვრული არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში, პირობითად, ათასობით ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობა.

იმისათვის, რომ ორთაბრძოლა უკეთ აღექვათ,  რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის, დავით ბებუთაშვილის (ბებუთოვი) თანახმად, მაყურებლები სახურავებსა და ბანებზე იკავებდნენ ადგილს. თუ შეჯიბრი ქალაქგარეთ იმართებოდა, მოქალაქეები გორაკებსა და მაღლობებზე ადიოდნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალს მასობრივ ჩხუბს.

“კრივში წართმეული იარაღი, სარტყელი, ქუდი თუ ნაბადი ითვლებოდა კანონიერ ნადავლად ანუ ალაფად”, — წერს ბებუთაშვილი, რომლის რუსულენოვანი მოგონებების ფრაგმენტების თარგმანიც “ივერიის” 1885 წლის იანვრის ნომერშია მოცემული.

კრივი მრავალრიცხოვანი მაყურებლის ყიჟინით იხსნებოდა, რის შემდეგაც ჩხუბს, როგორც წესი, 18-20 წლის ბიჭები იწყებდნენ. მომდევნო ეტაპზე პროცესში 25-30 წლის კაცები ერთვებოდნენ, ბოლოს კი, როცა ბრძოლა გამწვავდებოდა, გრიშაშვილის სიტყვებით:

“ორივე ბანაკიდან გაისმოდა ძახილი: “ქომაგი!” “ქომაგი!” და ეშხში შესული დარბაისელი და გამოცდილი ფალავნები უკვე ნამდვილ კრივს იწყებდნენ”.

ვანო ხოჯაბეგოვი – კრივი. ფოტო: Burusi.wordpress.com

გრიშაშვილის სიტყვებით, 10-15 წუთის შემდეგ მოკრივეთა ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, “ნაცემი და დაბეგვილი მოკრივენი სტოვებდნენ ასპარეზს” და ნელა იხევდნენ უკან. მეორე მხრივ, მწერალი აღნიშნავს, რომ სტატიკური ბრძოლა, ე.წ. დამდგარი კრივი, ხშირად 2-3 საათსაც გრძელდებოდა.

“ბრძოლა [უკან დახევით] არ მთავრდებოდა: დამარცხებულნი იშველიებდნენ ქვებს, აგურებს, ხის ნაჭრებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ.

ამის გამო ხშირად იმსხვრეოდა მეზობელი სახლების კარფანჯრები, აივნები, შუშაბანდები და სხვ.”, — ციტირებს მწერალი რუსეთის არმიის კიდევ ერთ გენერალ-ლეიტენანტს, სტეპან კიშმიშევს.

ბრძოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ თბილისური კრივი მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურას არ აზიანებდა: გრიშაშვილის სიტყვებით, ჩხუბი ხშირად მთავრდებოდა ფიზიკური დასახიჩრებით და ბლომად იყვნენ ხოლმე “თავგახეთქილები, თვალწავარდნილები და ცხვირპირდამტვრეულები”.

“ბევრი მოკრივე ბრძოლიდან დაჭრილი გამოჰყავდათ; [საგნები] ხშირად მოხვედრია დამსწრეებსაც, რომელთა შორის მაღალი თანამდებობის პირნიც იყვნენ”, — აღნიშნავს მწერალი კიშმიშევზე დაყრდნობით.

კრივის შედეგების სიმძიმე მის სახეობაზეც იყო დამოკიდებული. ცნობების თანახმად, ქალაქში კრივის რამდენიმე ტიპს განარჩევდნენ. მათგან ყველაზე გავრცელებული იყო “მუშტის კრივი” და “სალდასტის კრივი”, იგივე ქვის კრივი. ეს უკანასკნელი, მუშტის გარდა, შურდულებისა და ხის ხმლების გამოყენებასაც უშვებდა.

“შურდული ერთგვარი ხელით ნაქსოვი აბრეშუმის ლენტი იყო სიგრძით 2 არშინი[1 არშინი=71.12სმ], შუა გულს ცოტა განიერი. ამ განიერ ადგილას ქვას სდებდნენ და თავიანთ მეტოქეს გამეტვით ესროდნენ”, — წერს მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი წიგნში “ძველი თბილისის იშვიათი ამბები”.

დავით ბებუთაშვილის ვერსიით, კრივის ჩატარების სეზონი და ადგილი სწორედ მის ტიპზე იყო დამოკიდებული. მწერლის თანახმად, მუშტის კრივი ზაფხულობით იმართებოდა ქალაქის ქუჩებში, ქვის კრივი კი — ზამთარში, ქალაქგარეთ.

რას ჰყვებოდნენ ისინი, ვინც მოესწრო

იმისათვის, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ, რა ხდებოდა თბილისში კრივის დროს, ხელთ გვაქვს მინიმუმ ორი ადამიანის ნაამბობი: მწერლისა და ჟურნალისტის, ნიკო ავალიშვილის წერილი, რომელიც გრიშაშვილმა გამოაქვეყნა 1927 წელს და დავით ბებუთაშვილის მემუარები, რომლებიც 1867 წელს დაიბეჭდა.

ნიკო ავალიშვილი იხსენებს, რომ თავისი უფროსი ძმის მეგობარს ხშირად დაჰყავდა საჯარო ღონისძიებებზე, მათ შორის, კრივზე.

“მაშინ (1855წ. და შემდეგ) კრივი იმართებოდა კვირა დღეობით, შუადღის შემდეგ ორი სამი საათიდან, კვირაცხოვლის არეში, ეხლა რომ არსენალის დიდი შენობებია, იმ მეიდანზედ.

ის ადგილი თუმცა მცირედად დაბალ-მაღალი ვაკე იყო და ნაპირზედ ხევებიც ჰქონია, მაგიერად რბილი და თითქმის უქვო ადგილი იყო”, — დასძენს ის .

ავალიშვილის ვერსიით, მოკრივეები “ზემო” და “ქვემო” უბნებად იყოფოდნენ, “ამ ორი უბნის შუახაზი” კი ავლაბრის, კლდისუბნის, ჩუღურეთის, კუკიის, ვერის, დიდუბისა და სხვა რამდენიმე წერტილის შუაში ექცეოდა.

“კრივი იწყებოდა მოზარდი ყმაწვილკაცებით და იგინი რომ გახურებაში შევიდოდნენ, ხან ერთი და ხან მეორე უკან დაიწევდა, მაშინ დაჯაბნილს და დაწეულს მისი უბნის დიდრონები ჩაეშველებოდნენ;

ეხლა ისინი დასწევდნენ უკან მოპირდაპირე უბანს და მათაც დიდრონები ჩაეშველებოდნენ, და ასე თანდათანი დიდრონების ჩაშველებით კრივის ასპარეზს დიდრონები იჭერდნენ და მაშინ მოზარდი ახალგაზრდობა დაქანცული და დაბეგვილი სტოვებდა ასპარეზს…” — აღნიშნავს მწერალი.

ნიკო ავალიშვილი. წყარო: ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია 

მისი სიტყვებით, ორივე უბანს თავისი სახელგანთქმული მოკრივენი ჰყავდა, რომლებიც მარქაფა(მაშველ) რაზმს ქმნიდნენ და “მარტო გაჭირვების დროს” ერთვებოდნენ კრივში:

“ამ მარქაფა მოკრივეთა სახელი მარტო სამისა მახსოვს: ლოპიანა, გიჟუა, და ღორ-კოლა. მათში ყველაზე სახელგანთქმული ლოპიანა იყო, ის რომ ჩაერეოდა კრივში, მოპირდაპირეს ისე აწვებოდა, როგორც ძლიერი რამ მანქანა და ბევრჯელ ყოფილა, რომ ხევში ჩაურეკნია მოწინააღმდეგე უბანი”.

ავალიშვილის გადმოცემით, მოკრივეებს შიგადაშიგ შესვენებაც ჰქონდათ, რომლის დროსაც “თავიანთ ბელადებს გარს ეხვეოდნენ”.

ორთაბრძოლა, მწერლის ვერსიით, შებინდებისას, ე.წ. გენერალური ბრძოლის შემდეგ მთავრდებოდა, როცა განთქმული ფალავნებისგან შეკრული დამხმარე რაზმებიც ბოლომდე ერთვებოდნენ კრივში და “ლოპიანასი და მისი ამხანაგების მეოხებით ზემო უბანი დიდათ გაიმარჯვებდა — ან ხევში ჩაჰრეკავდა ან უიმისოდაც დაჰქსაქსავდა, დაირეკავდა ქვემო უბანს”.

“არ მახსოვს, რომ ქვემო უბნის გამარჯვება ვისმე როდისმე ეთქვას”, — ჰყვება ნიკო ავალიშვილი.

თბილისური კრივის შესახებ საინტერესო ცნობები აქვს დავით ბებუთაშვილსაც, რომელმაც, როგორც ამბობს, თავად მიიღო მონაწილეობა ორთაბრძოლაში. მისი გადმოცემით, “კრივში ომს იწყებდნენ” შურდულებით, რომლებითაც ქვებს ისროდნენ მოწინააღმდეგის მიმართულებით.

გენერალ-ლეიტენანტის სიტყვებით, შურდულები “პატარანი იყვნენ, უფრო სათამაშონი, და არა იმგვარნი, როგორთაც ხმარობდნენ საომრად… ძველნი ხალხნი”.

“თავდაპირველად მეშურდულები თოფჩების მსგავსად მოახდენდნენ ცოტაოდენ არეულობას მტრის რაზმებში. მერმე მეხმლენი დაწინაურდებოდნენ და ხელდახელ დაერეოდნენ.

ამათ ეხმარებოდნენ მეშურდულენი, რომელნიც ისე ახლო მიჰყვებოდნენ მათ, რომ უშურდოლოდ ხელით გაისროდნენ ქვებს. ამ შემთხვევაში ქვებისგან საფარად ჰქონდათ ნაბდები”, — წერდა ბებუთაშვილი.

მთავარი ქვის კრივები, მისი გადმოცემით, იმართებოდა ყველიერის დროს და მთავრდებოდა დიდმარხვის პირველ დღეს. აღნიშნული ორთაბრძოლები ემთხვეოდა ყეენობას — ხალხურ დღესასწაულს თბილისში.

დავით ბებუთაშვილის თანახმად, სწორედ ყეენობას გაიმართა კრივი სოლოლაკში, რომელშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა. მისი მონაყოლის მიხედვით, ბრძოლა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.

“ბრძოლა დავიწყეთ ჩვენ, ქვემო უბნის ბავშვებმა. მე გადავხტი წინ და სხვებთან ერთად დავიწყე შურდულით ქვების სროლა. ქამარზედ მეკიდა ხის ხმალი და მარცხენა მხარეზეც საფრად ნაბადი მქონდა.

ახლო რო მივედით, მოწინააღმდეგენი ხმალში იწვევდნენ ერთმანეთს. ერთი გამბედავი ყმაწვილი დახტოდა ჩვენს წინ და თავს იფარავდა ჩემი შურდულისგან. უეცრათ მოვარდა ჩემთან. ჩვენ შევეტაკენით და დავიწყეთ ერთმანეთს ხმლებით ცემა. ჩემი მოქიშპე დავჭერი. მაგრამ მეც გამიპო იმან წარბი”.

დავით ბებუთაშვილი. ფოტო: nplg. gov.ge 

ბებუთაშვილის გადმოცემით, ამის შემდეგ მაყურებლის რიგებში გადაინაცვლა, დიდებს შორის კი ქვის სროლა და ხელჩართული ჩხუბი გრძელდებოდა:

“ჩვენებმა ჩუმად, შუაღამისას გაგზავნეს ერთი რაზმი ზემო მხარის გარს შემოსავლელად, თითქმის ექვს ვერსამდე. ამ რაზმს ჰქონდა ნაბრძანები, გასულიყო ორშაბათს და ასე თორმეტ საათზე გადმოშვებოდა სოლოლაკის მთას და მოსწოლოდა მტერს.

ამასთანავე მთაზე, ოქროყანიდან დაწყებული, ამ რაზმს უნდა დაეყენებინა საუკეთესო მეშურდულენი, რომ მტრისთვის ზურგში დაეწყოთ სროლა… ორივე მხრიდან გამოვიდნენ მეშურდულენი ათასობით და სეტყვასავით მიაყარეს ქვები ერთმანეთს. ყველგან გაცხადებული შეტაკება იყო.

მომხდურებს როცა წააქცევდნენ, სცდილობდნენ მთიდან გადმოგდებას, მაგრამ ამხანაგები შეეშველებოდნენ და ომი ისევ გათანასწორდებოდა”.

ბებუთაშვილი წერს, რომ ხალხს “დაჯერებით სწამდა” ზედა უბნელების გამარჯვების, თუმცა ბრძოლა სხვაგვარად განვითარდა. ზემო უბნელთა მარცხის ეპიზოდს გენერალ-ლეიტენანტი ასე აღწერს:

“უეცრად მოისმა საშინელი ყვირილი. განთქმულ მებრძოლთა სახელი ელვასავით მოეფინა მთელ ხალხს და მეომრებს რაღაც ელექტრონისებურმა ნაპერწკალმა გაურბინა ძარღევბში. ზურნისა და საყვირების გამაყრუებელი ღრიალი მოეფინა არემარეს.

ომი ცეცხლივით აინთო. ეხლა იბრძოდნენ ხის ხმლებით. ქვებს აღარ ხმარობდნენ. კრივის წესით, ხმალდახმალ შეტაკებაში ქვის სროლა მხდალობად ითვლებოდა. ზემოუბნელები შესუსტდნენ და უკუიქცნენ. ქვემოუბნელებმა დაიჭირეს მთა და მტერი გაიქცა სოლოლაკის ხეობისკენ”.

“ფიზიკური ვარჯიშობა” თუ სახიფათო შეჯიბრი

თბილისური კრივისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჟურნალ “ცისკარში” 1869 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში დრამატურგი და მსახიობი იოსებ ელიოზაშვილი აღნიშნულ ჩვეულებას მოიხსენიებს “ზნეობით სწავლად ვაჟკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა”. ის წუხს, რომ “ამა კრივებში უარჯიშობისა გამო” მოქალაქეების ბრძოლისუნარიანობა დაეცა.

მსგავს რიტორიკას ვხედავთ დავით ბებუთაშვილის მოგონებებში, როცა ეს უკანასკნელი კრივის “ჭეშმარიტად დადებით მხარეზე” საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ქართველი კაცი პატარაობიდანვე იწვრთნებოდა სამხედრო ხერხებში, ავარჯიშებდა თავის საღ გონებას და გამჭვრეტელობას”.

“ერთი სიტყვით, კრივში ქართველი იძენდა ყველა იმ თვისებებს, რომელნიც ძვირფასნი არიან სამხედრო საქმისათვის”, — ამბობს ის.

მეორე მხრივ, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ორთაბრძოლის სახიფათო ბუნებას, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულზე საუბრისას კარაპეტ გრიგორიანცი დანანებით აღნიშნავს კრივში ზრდასრული მოქალაქეების მონაწილეობის ფაქტს.

“ამ საქმის შესახებ შეიძლება ვინმემ იფიქროს, თუ ისინი ბავშვები იქნებოდნენ. სამწუხაროდ, მე დაგარწმუნებთ, რომ იმათში ერივნენ ვაჟ-კაცებიც, ვაჭრები, მოხელეები, მოქალაქენი და მოსამსახურენი.

ეჭვი არ არის, რომ თქვენ ადვილად მიხვდებით, თუ კვერცხის ტოლა ღონივრათ ნასროლი ქვა ადამიანს სახეში, თავში, ანუ საფეთქელში მოხვდა რა დღეს დააყენებდა. კვირაში ხუთი ათი სული ხომ ადვილად მოკვდებოდა და ერთი იმდენიც დამახინჯდებოდა”, — დასძენს ის.

თავის მხრივ, იოსებ გრიშაშვილი ხაზს უსვამს, რომ შურდულები პატარა ზომისა იყო და ხმლებიც — ხის, მაგრამ “მაინც საშინელი და დაუზოგავი ხდებოდა ეს “უმუშტო კრივი” “.

“მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ “ცხვირპირის დამტვრევას” სულაც არ მოსდევდა ბოროტი გრძნობები და ხშირად ასე ფიზიკურად დასახიჩრებულნი, ნიშნად შერიგებისა, სალხინო ადგილებში მიდიოდნენ და ერთად დროს ატარებდნენ”, — ამატებს მწერალი.

ბრძანება, რომელიც თბილისურ კრივთან დაკავშირებით გამოიცა ჩერნიშიოვსა და ვორონცოვს შორის საუბრის მიმოწერის შემდეგ. წყარო: “კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის” მიერ შეგროვილი აქტები, ტომი X

არქივში შემონახულია ოფიციალური მიმოწერა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ალექსანდრ ჩერნიშიოვსა და კავკასიის მეფისნაცვალს, მიხეილ ვორონცოვს შორის 1851 წელს შედგა. ჩერნიშიოვმა ვორონცოვს მისწერა იმავე წლის თებერვალში გამართულ მასობრივ კრივზე თბილისში, სომხის ბაზრის[შუაბაზრის] მიმდებარედ.

ჩერნიშიოვმა ახსენა იმ დროს გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმადაც ორთაბრძოლას მსხვერპლი და ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა. ტექსტში აღნიშნულია, რომ კრივს თან ახლდა ქვების სროლა.

სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ვორონცოვს ეკითხება, რამდენად სანდოა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთი მხრივ, პროცესში ცნობილი ქართული გვარები მონაწილეობდნენ და თუ მოიმოქმედა ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაიმე, რათა აღეკვეთა არეულობა.

აღნიშნულს მოჰყვა კავკასიის მეფისნაცვლის განმარტება, რომლითაც მან ჩერნიშიოვს შეახსენა, რომ თბილისური კრივი საქართველოში რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ აიკრძალა, თუმცა პავლე ციციანოვმა, რომელიც 1803 წელს გახდა საქართველოს მთავარსადალი, ის ისევ დაუშვა.

ვორონცოვი ხაზს უსვამს, რომ ციციანოვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო არა მხოლოდ ის, რომ “მის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფდა”, არამედ იმიტომ, რომ “ხალხს თავისებურება არ დაჰკარგვოდა და სამხედრო საქმეში გაწვრთნილიყო”[გრიშაშვილის თარგმანი].

ის იქვე დასძენს, რომ კრივის სრულად აკრძალვა, თბილისის შიგნითაც და მის გარეთაც, დაამწუხრებდა მოქალაქეებს, რომელთაც წინა თაობებისგან ერგოთ მათთვის საყვარელი გასართობი. მეფისნაცვალი ასევე ახსენებს ქართველებისთვის დამახასიათებელ გამბედაობას, რომელიც, ვორონცოვის სიტყვებით, განაპირობებდა მათ მზადყოფნას, დაეცვათ თავიანთი საზღვრები და ებრძოლათ მტრის წინააღმდეგ რუსეთის ჯარის ნაწილებთან ერთად.

აღნიშნულის შემდეგ საიმპერატორო კარმა გასცა ბრძანება, მოქალაქეებისთვის კრივის ნება დაერთოთ ქალაქგარეთ, იარაღის გამოყენების გარეშე. ბრძანების მიხედვით, პროცესისთვის თვალი უნდა ედევნებინა პოლიციას და შესაბამის მომენტში შეეჩერებინა ის.

როდის გაუჩინარდა მასობრივი კრივი თბილისის ცხოვრებიდან

რთული სათქმელია, უკანასკნელად როდის ჩატარდა მასობრივი კრივი თბილისსა თუ მის გარეთ. ფაქტია, რომ 1869 წელს ჟურნალ “ცისკარში” და 1885 წელს “ივერიაში” გამოქვეყნებულ სტატიებში კრივზე უკვე წარსულ დროში საუბრობენ.

“ივერიის” სტატიის ავტორი, რომელიც მოხსენიებულია, როგორც “პეტერბურგელი სტუდენტი”, დასძენს, რომ კრივი იმავე საუკუნის 60-იან წლებში გადავარდა. გრიშაშვილის თანახმად, სალდასტის, ანუ ქვის კრივი “სამუდამოდ აიკრძალა” ალექსანდრე ბარიატინსკის დროს, რომელიც 1856-1863 წლებში იყო კავკასიის მეფისნაცვალი.

გრიშაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ქვის კრივის აკრძალვის შემდეგ “დარჩა მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივი, რომელმაც სამოცდაათიან წლებამდე გასტანა”.

“ამ გვიანმობამდე დარჩენილ მუშტის კრივს, რომელიც ქალაქგარედ იმართებოდა, პოლიციის ზედამხედველობით, თავისი წესები ჰქონდა, გამომუშავებული. ხშირად ზოგიერთ მოკრივეს საშინელი მაგარი ცაცია ჰქონდა, ვისაც შემოჰკრავდა — მორჩა, ცოცხალი ვეღარ ადგებოდა.

აი, ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან, როგორც ამბობენ, “ხელი ჰქონდა მოწერილი”, რომ იგი აღარ იკრივებდა… მაგრამ, როგორც ყოველგვარ დადგენილებას, რასაკვირვეულია, ამასაც გვერდს უხვევდნენ, “ხელისმოწერა” — ხელისმოწერად რჩებოდა და ამ მუშტის კრივსაც მოჰყვებოდა ხოლმე თავისი მსხვერპლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სალდასტის კრივს”, — აღნიშნავს ის.

კარაპეტ გრიგორიანცის ვერსიით, ქვის კრივები თბილისში 1878 წლამდე იმართებოდა, მისი გადავარდნის შემდეგ კი “დაიწყეს გაცხარებული მუშტის კრივები”. გრიგორიანცის თანახმად, მუშტის კრივები “ქალაქის შორეულ უბნებშიაც იმართებოდა, მაგრამ მთავარი ცენტრი იყო ბოტანიკური ბაღის სამხრეთის მხარეს, თათრების სასაფლაოს ზემოთ”.

 კარაპეტ გრიგორიანცის “ძველი თბილისის იშვიათი ამბები”

“ყოველ კვირა დღით ნასადილევისას იმ ბაღში იკრიბებოდნენ ქალაქის ყველა უბნის მარჯვე ღონიერი ბიჭები. მე არ მახსოვს, თუ რომელი უბანი რომელს ებრძოდა, მხოლოდ ამდენს ვიტყვი, რომ ერთობ საზარელი სანახავი იყო იმათი მუშტის ხმის გაგონება. უიარაღო ომს რომ იტყვიან, ის იქნებოდა.

მე კარგათ მახსოვს იმათი ბელადი უმძლავრესი მეტის მეტი ღონიერი მუშტის პატრონი, რომელსაც მეტ სახელად ქარაფ ქანდოღას ეძახდნენ, რომელიც ნიშნავს “კლდის დამრღვევს”. ეს ფალავანი ჩაერევოდა თუ არა, მაშინვე ზღვის ტალღასავით ხალხი აქეთ იქით გაექანებოდა.

მუშტის კრივის ბანაკს ამ გვარი ბელადები ბევრი ჰყავდა, მაგრამ ყველას თავი იყო ქარაფქანდოღა, რომელსაც ბოლოს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ მუშტით კაცს არ გაარტყას”, — ვკითხულობთ მხატვრის ჩანაწერებში.

მისივე სიტყვებით, მუშტის კრივიც მავნებელი იყო და “პირის სახეში დაკაწრული, თვალებჩასისხლიანებულებიც მრავალი გვინახავს”, თუმცა ქვის კრივთან შედარებით “ეს თითქმის ერთი გასართობი ყოფილიყო”, რომლის დროსაც “იშვიათად კვდებოდა ვინმე”.

“მუშტის კრივმაც რამდენიმე წელი გასტანა, ესე იგი 1882 წლამდისინ ვიდრე გამოჩნდებოდა ახალგაზრდა ყმაწვილი მოჭიდავე კულა გრდანელი”, — წერს გრიგორიანცი.

თბილისურ კრივზე საუბრის დასასრულს იოსებ გრიშაშვილი დასძენს იმასაც, რომ კრწანისის სასაფლაოზე ნანახი აქვს ქვა, რომლის ქვეშაც, მისი აზრით, სალდასტის კრივის მსხვერპლი განისვენებდა. ეპიტაფიაზე ეწერა:

“გულში ქვა მომხვდა, მეცა ზარები,

თავს დამეხვივნენ ტოლნი-ჯარები,

საწყალ დედაჩემს შერჩეს გონება,

ყველამ მაღირსეთ თითო ცხონება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი