საზოგადოება

საქართველო მესამე ადგილზე

8 აპრილი, 2010 • 1865
საქართველო მესამე ადგილზე

საქართველო C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დაინფიცირებულს მკურნალობა კვირაში, დაახლოებით, 500 ლარი უჯდება. მკურნალობის  ხარჯებს არც სახელმწიფო  აფინანსებს და არც სადაზღვევო კომპანიები.

ადვილად დაღლა, სისუსტე, დეპრესიული განწყობა, გამონაყარი კანზე და ა.შ–ეს ის არასპეციფიკური ჩივილებია, რომელიც  ე.წ  ჩუმ დავადებას, C ჰეპატიტს ახლავს თან.

„C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანს წლების მანძილზე  შესაძლოა არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებნოდეს, ამიტომ  ეს ინფექცია საყურადღებოა იმ მხრივაც რომ 80–85 %  შემთხვევაში ის ქრონიკულად მიმდინარეობს და მხოლოდ 15–20 %–ს გამოუვლინდება მწვავე ჰეპატიტის სახით. ის ღვიძლის ციროზითა და ციროზ–კიბოთი რთულდება“, –ამბობს ევროპის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის მუდმივი წევრი,  სრული პროფესორი, მარინა კვიტაშვილი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, საქართველოში 2009 წელს  მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის 1968 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 13 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველო დაავადებულთა მაჩვენებლის მიხედვით   ეგვიპტისა (მოსახლეობის 15%–20%) და აზიის რეგიონის  (9%) შემდეგ, მესამე ადგილზეა 6.7%–ით, მაშინ როცა აშშ–ში ეს რიცხვი 2%–ია, იტალიაში 3.2%, ჩრდილოეთ ევროპაში კი1%.

„საქართველოში 100 –დან  დაახლოებით 7 ადამიანს  ეს ინფექცია აქვს.  აქედან მკურნალობა სჭირდება დაახლოებით  80 %–ს–ეს დაახლოებით, 100 000–140 000 ადამიანია“, –აღნიშნავს  მედიცინის დოქტორი და საქართველოში C ჰეპატიტის დაძლევის შვეიცარიული პროგრამის, F.Hoffman-La Roche-ის  წარმომადგენლობის სამედიცინო დირექტორი, ნინო გოჩიტაშვილი.

ამჟამად, მსოფლიოში  C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული, დაახლოებით, 170 მილიონი ადამიანია, რაც პლანეტის 3%–ს შეადგენს. ყოველწლიურად კი,  დაახლოებით 160 000 ადამიანი ინფიცირდება და 8–10  ათასი ადამიანი  C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის ქრონიკული დაავადებების შედეგად იღუპება.  სწორედ ამ პრობლემების გამო, ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს უტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

რაც შეეხება დაავადებულთა  ჯგუფებს, საქართველოში ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 68 % ინექციურ ნარკომანებზე მოდის, 23.3 % სხვადასხვა ავადმყოფზე, მათ შორის სქესობრივი გზით დაავადებულებზე და 7.6 % სისხლის დონორებზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2009 წელს  დაინფიცირებული 1406 ადამიანიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი  30–59  წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.  

მკურნალობის ხარჯებს საქართველოში მთლიანად პაციენტი იღებს საკუთარ თავზე. არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა C ჰეპატიტთან დაკავშირებით და არც სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ ქრონიკულ დაავადებებს.

„ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძვირი სიამოვნებაა. სასურველი იქნებოდა ისეთი პროგრამის არსებობა, სადაც გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნებოდა თუნდაც მიზერული ოდენობით მკურნალობის ხარჯების გაღება. თანადაფინანსება, ან სრული დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან“,– ამბობს  ფონდ „ღია საზოგადოება“– საქართველოს  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების კოორდინატორი, თეა ახობაძე. ახობაძის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ ფონდმა დაიწყო C ჰეპატიტის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინიციატივის პროექტის განხორციელება.

„ ჩვენი მიზანია გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაც“ – ამბობს ახობაძე.

საქართველოში C ჰეპატიტის დაძლევის შვეიცარიული პროგრამის, F.Hoffman-La Roche, რომელიც  სხვადასხვა მედიკამენტს და მათ შორის C ჰეპატიტის სამკურნალო პეგილირებულ ინტერფერონსა და პრეპარატ რიბიავინს ქმნის, პაციენტებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათს აწესებს და პეგილირებულ ინტერფერონის შეძენის შემთხვევაში რიბიავინს ჩუქნის.

„ეს არის გენური ინჟინერიით მიღებული პრეპარატი და იმის გამო, რომ რთული პროცესია პრეპარატის შექმნა, პრეპარატის ღირებულებაც  იზრდება. პეგილირებული ინტერფერონის ერთი კოლოფი, რომელიც ერთი კვირის მარაგია, დაახლოებით 500 ლარი ღირს . მეორე პრეპარატი, რიბავირინი, რომელსაც თითქმის იგივე ღირებულება აქვს ბაზარზე, საქართველოში უფასოა პაციენტებისთვის. მაგალითად, რუსეთში,  თითქმის, 2–ჯერ უფრო ძვირი ჯდება ასეთი მკურნალობა“, –ამბობს ნინო გოჩიტაშვილი.

საქართველოში პეგილირებული ინტერფერონს რამდენიმე წელია მოიხმარენ. მანამდე კი, C ჰეპატიტის სამკურნალოდ  არსებობდა ე.წ. სტანდარტული ინტერფერონები, რომელიც  კვირაში სამჯერ გამოიყენებოდა და ამის გამო ორგანიზმში პრეპარატის კონცენტრაციის პიკები და ჩავარდნები აღინიშნებოდა. გოჩიტაშვილის თქმით, ახალი პეგილირებული ინტერფერონების შემოსვლით, ორგანიზმში პრეპარატის სტაბილური კონცენტრაცია იქმნება.

იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ვერ იღებს საკუთარ თავზე C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯებს, მედიკოსები იმით ხსნიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება. „თანადაფინანსებასაც, ალბათ, აზრი უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ თუკი პაციენტი მედიკამენტების მაღალი ფასის გამო მაინც ვერ ჩაიტარებს  მკურნალობას, თანადაფინანსება აზრს კარგავს“, –ამბობს ნინო გოჩიტაშვილი.

 მკურნალობის ხანგრძლივობა კი, თვითონ ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული.

არსებობს C ჰეპატიტის 6 გენოტიპი. საქართველოში პირველი სამია გავრცელებული. მაგალითად, პირველ გენოტიპს, რომელიც საქართველოში ყველაზე ჭარბადაა გავრცელებული  48 კვირიანი მკურნალობა სჭირდება.  მე–2  და მე 3 გენოტიპს  –24 კვირიანი. 

„აზრი იმის შესახებ რომ სახელმწიფო დახმარებას არ უწევს C ჰეპატიტით დაავადებულებს– არასწორია! დღეს, ვინც კი ხვდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაკტიკულ ცენტრში, მუშაობს თანაგადახდის პრონციპი: ნახევარ თანხას იხდის პაციენტი, ნახევარს სახელმწიფო, როგორც მწვავე ასევე ქრონიკულ ან ციროზით გართულებული ფორმების შემთხვევაში, –აღნიშნავს პროფესორი მარინა კვიტაშვილი. 

 „სახელმწიფო საერთოდ არ ფარავს C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის ხარჯებს. სტაციონარში მოხვედრილ ადამიანს  C ჰეპატიტზე არ მკურნალობენ. მკურნალობენ მხოლოდ სიმპტომურად, მაგალითად, გადასხმებით. ამას კი,  სახელმწიფო 50%–ით აფინანსებს.  C ჰეპატიტით მკურნალობისთვის კი, საჭიროა პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი, რომლის ხარჯსაც სახელწიფო არ ფარავს“–ამბობს  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაკტიკული ცენტრის განყოფილების გამგე და მედიცინის  დოქტორი, ფატი გაბუნია.

ფატი გაბუნიას აზრით, სადაზღვევო სისტემა არ მუშაობს საქართველოში ეფექტურად,– „ყველა განვითარებულ სახელმწიფოში სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ ქრონიკულ დაავადებებს“.

სადაზღვევო კომპანია GPI–ის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თინა სტამბოლიშვილის თქმით, ცალსახად ვერ იტყვის, რომ მათი სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს ქრონიკულ დაავადებების და მათ შორის ჰეპატიტის მკურნალობას,– „იმიტომ რომ ზოგიერთ კორპორაციულ დაზღვევაში შედის ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. რაც შეეხება ინდივიდუალურ დაზღვევას,–აქ შედის დიაგნოსტიკა. ეს ყველაფერი კი მაინც დაკავშირებულია თვითონ პაკეტის ფასზე და სხვა პირობებზე. საერთოდ კი, მთელს მსოფლიოში ქრონიკული დაავადებები არის გამონაკლისი, მათ შორის დიაბეტიც და ჰეპატიტი, რომლის დროსაც, ასე ვთქვათ, მაღალია რისკი არაგარანტირებული  გადახდის“,–ამბობს თინა სტამბოლიშვილი.

1999 წლიდან 2010 წლამდე  C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით, 4%–ით გაიზარდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი