საზოგადოება

3 პასუხი, რომელიც ესტონეთის ელჩის აზრით, საქართველომ ბრიუსელიდან შეიძლება მიიღოს

3 ივნისი, 2022 • 1511
3 პასუხი, რომელიც ესტონეთის ელჩის აზრით, საქართველომ ბრიუსელიდან შეიძლება მიიღოს

საქართველოში ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის თქმით, იმისთვის, რომ ევროკავშირში საქართველოს მხარი დაუჭირონ, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ამის შესახებ მან დღეს, 3 ივნისს, ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე –  „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა უკრიანაში რუსეთის ომის დაწყებისას საქართველოს მთავრობის განცხადებებზე და ეს იმით ახსნა, რომ შესაძლოა, ამით ხელისუფლება ცდილობდა, თავიდან აეცილებინა საზოგადოებაში არსებული პანიკა მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.

თუმცა, მისი თქმით, როდესაც ევროკავშირის გზას ადგახარ და გსურს, მისი წევრი გახდე, მაშინ  ვალდებულებული ხარ, იგივე ღირებულებები და პრინციპები გაიზიარო, რომელსაც მისი წევრი ქვეყნები იზიარებენ.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად და ვცდილობთ, რომ ვიხელმძღვანელოთ მაგალითით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, თუ ჩვენ გვსურს, რომ ვინმემ მხარი დაგვიჭიროს და მიგვიღოს, რაღაც მომენტში, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი.

ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

ელჩის თქმით, ესტონეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნისთვის – უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

თუმცა, მისი თქმით, საკითხის ისე დაყენება, რომ „ახლა ან არასდროს“ რელევანტური არაა და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ ბრიუსელში, ამით არ დასრულდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი იქნება. ვფიქრობ, სამი არჩევანია, ერთი არის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მეორეა კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭება და მესამე არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ვსაუბრობდით სხვაობებზე და ვფიქრობ, თქვენ ხვდებით, რომ ფოკუსი ახლა არის უკრაინაზე. თუ უკრაინა მიიღებს ცოტათი მეტს, ვიდრე დანარჩენი ორი ქვეყანა,  ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ესეც არ არის დაზუსტებული. არავის არაფერი გადაუწყვეტია, არავის გავუფრთხილებივართ წინასწარ რაიმე გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა რიინა კალიურანდმა.

ამასთან, ესტონეთის ელჩმა უპასუხა კითხვას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სწორედ იმ პერიოდში დაკავებაზე, როცა ევროკავშირმა საქართველოს განაცხადდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და აღნიშნა, რომ  კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე, არამედ  მართლმსაჯულების სისტემის ზოგად შეფასებაზე.

„ვიცი, რომ საქართველოს  ამ მიმართულებით რაღაც პროგრესი აქვს, მაგრამ წინ გასავლელი კიდევ ძალიან, ძალიან გრძელი გზაა. დიდი  იმედი მაქვს, ეს ბოლო სამართლებრივი საქმეები არ ეფუძნება რაიმე სახის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებს ყველასთან დაკავშირებით, ვინც დაკავებული ან დაპატიმრებულია“, – განაცხადა ელჩმა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ , 28 თებერვალს კიევმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ექნება მზად. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე  წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი