ახალი ამბები

ასოცირების საბჭო საქართველოს მოუწოდებს, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა

22 თებერვალი, 2024 •
ასოცირების საბჭო საქართველოს მოუწოდებს, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა

21 თებერვალს გამოქვეყნდა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს განცხადება მე-8 სხდომის შემდეგ, რომელიც სამშაბათს გაიმართა ბრიუსელში. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, დაასრულოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა 2024 წლის არჩევნებამდე.

“ასოცირების საბჭომ აღნიშნა საარჩევნო კანონმდებლობის  გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიის და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად.  ასევე,  უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი.   ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ OSCE-ODIHR-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მიწვევას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასოცირების საბჭო განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველომ:

  • უნდა უზრუნველყოს  სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად,  განსაკუთრებით – სასამართლოში, პროკურატურაში, ანტიკორუფციულ და საფინანსო  ინსტიტუტებში. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების აუცილებლობა, განსაკუთრებით, უსაფრთხოების უწყებებზე.

  • არსებითად უნდა გაზარდოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან  და შემზღუდველ ზომებთან.   ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პროაქტიულ ჩართულობას და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.

ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თავმჯდომარეობდა.  საქართველოდან მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ რანგში ბრიუსელს პირველად ეწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი