საზოგადოება

ევროპარლამენტმა მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები უკვე მიიღო, საქართველოზე – არა. რატომ?

1 ივნისი, 2022 • 3250
ევროპარლამენტმა მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები უკვე მიიღო, საქართველოზე – არა. რატომ?

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა  ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან – გახდებიან თუ არა წევრობის კანდიდატები.

თუმცა, განსხვავებით საქართველოსაგან, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკური მხარდაჭერა უკვე დააფიქსირა ევროპარლამენტმა და მხარდამჭერი რეზოლუციები მიიღო.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რატომ არ იღებს ევროპარლამენტი რეზოლუციას უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებითაც.

რა ხდება?

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ექნება მზად. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე  წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ვიდრე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, ევროპარლამენტმა უკრაინის მიერ განაცხადის გაკეთებიდან მეორე დღესვე, პირველ მარტს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

5 მაისს მსგავსი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

მიუხედავად იმისა, რომ  ევროპარლამენტი აპლიკანტი ქვეყნის გაწევრიანების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა არ არის, მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტს ჯერ არ მიუღია.

მოლდოვის რეზოლუციის თანდართულ აღწერაში, და არა რეზოლუციის ტექსტში, ნახსენებია საქართველოც. კერძოდ, აღწერაში ვკითხულობთ:

„ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე  და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის 49-ე მუხლის შესაბამისად და „დამსახურების საფუძველზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭოს გამართვამდე  ევროპარლამენტის ერთი სასესიო კვირაა (6-9 ივნისს) დარჩენილი,  დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არაა.

“ეს იქნებოდა სიგნალი”

როგორც ნეტგაზეთის რესპონდენტები ამბობენ, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროპარლამენტს საქართველოსთან დაკავშირებით მხარდამჭერი რეზოლუცია სწორედ ევროპული საბჭოს გამართვამდე მიეღო, რათა მისი საკითხი წინ წამოწეულიყო და  გადაწყვეტილების მიმღებების დღის წესრიგში მოქცეულიყო.

„ბუნებრივია, ზოგადად, ყოველთვის მნიშვნელოვანია ევროპარლამენტისგან გარკვეული მესიჯების მიღება რეზოლუციის სახით, უბრალოდ, დროს თუ ავიღებთ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ახლა მიეღოთ რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული, ზუსტი და პირდაპირი მოწოდება იქნებოდა[…] იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის პარლამენტი ხალხის ნებას გამოხატავს და აქედან გამომდინარე, ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუცია. შესაბამისად, მათ მიერ ასე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია და სიგნალი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამბობს ნეტგაზეთთან ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე.

„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილიც ამბობს, რომ რეზოლუციის გზით ევროპარლამენტის მხრიდან სიგნალის გაგზავნა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ძალიან მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა იქნებოდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გზაზე.

„გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, მაგრამ ევროპარლამენტიდან მსგავსი პოლიტიკური მხარდაჭერის დაფიქსირება, ცხადია, გააადვილებდა ამ ამოცანას“, – ამბობს სამადაშვილი.

მოლდოვის აქტივობები ევროპაში მხარდაჭერის გასაზრდელად

სამადაშვილმა ნეტგაზეთთან განცხადების გაკეთების შემდეგ საქართველოს და მოლდოვის მთავრობების აქტივობებიც შეადარა. მან ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა  ევროპარლამენტში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები, რომელიც ერთ პერიოდში გაიმართა. თუმცა, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, სანდუმ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა და თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარდა ამისა, საქართველოს მიმართ სკეპტიციზმის შემცველი განცხადებების ზრდის ფონზე, თვალშისაცემია ევროპის დედაქალაქებში მოლდოვის მიმართ მხარდაჭერის ზრდა. კერძოდ, უკრაინაში ომის შემდეგ მოლდოვის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გაიზარდა. ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია შეშფოთებით, ომი არ გავრცელდეს მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც ბოლო პერიოდში სიტუაცია დაიძაბა. მეორე მხრივ, მოლდოვის უპირობო მხარდაჭერით უკრაინის მიმართ და მისი როლით უკრაინელი ლტოლვილების მიღებაში.  საპასუხოდ კი რუმინეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ  მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმას ორგანიზება გაუკეთეს.

მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის სახელით სრული სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყანას. გრძელვადიანი მხარდაჭერა აღუთქვა მოლდოვას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთმაც, სადაც მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვიზიტით მაისის ბოლოს იმყოფებოდა.

განსხვავებით საქართველოსგან, მაისის თვეში მოლდოვა უკრაინასთან ერთად მიწვეული იყო G7-ის შეხვედრაზე. G7-ის მასპინძელმა გერმანიამ ეს მიწვევა იმით ახსნა, რომ „ომის დაწყებიდან მოლდოვა ძალიან ბევრს მუშაობდა, განსაკუთრებით, უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაზე და მათ ზრუნვაზე. დიდი შვიდეულის პარტნიორებისთვის, ასევე, ძალიან ღირებულია ქვეყნის შეფასებები რეგიონში არსებული ვითარების შესახებ“.

“მოლდოვის რეზოლუციაში ჩვენზეც არის ლაპარაკი”

სწორედ სამადაშვილი იყო ის დეპუტატი, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენა, რომ ევროპარლამენტს საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია არ მიუღია და ამის მიზეზი ჰკითხა. რეზოლუციის შესახებ შეკითხვა მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.

სალომე სამადაშვილს იმავე დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან უპასუხა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და მას შეახსენა წლების განმავლობაში საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტირების შესახებ მიღებული რეზოლუციები. მათ შორის, ბოჭორიშვილმა 2020 წელს მიღებული რეზოლუციაც დაასახელა, სადაც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაა შეფასებული. აღნიშნულ რეზოლუციაშივეა ჩანაწერი, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს  საქართველოს და ევროკავშირის შემდგომ დაახლოებას და ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმების 49-ე მუხლის თანახმად, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

თუმცა, როგორც სალომე სამადაშვილი  ნეტგაზეთთან ამბობს, ორი წლის წინ საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაკეთებულიც კი არ ჰქონდა და დღეს ქვეყანას სჭირდება სწორედ მის აპლიკაციასთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელიც მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერდა.

„ეს [ბოჭორიშვილის მიერ ნახსენები დოკუმენტი] არის ორი წლის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ზოგადად არის დაფიქსირებული უფლება ევროკავშირში აპლიკაციის შეტანის ყველა ევროპული ქვეყნის მიერ და დღეს „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ეს საზოგადოებას ისე შემოასაღოს, თითქოს კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპარლამენტს უკვე გამოთქმული აქვს ორი წლის წინ. ეს არის მტკნარი ტყუილი.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში რა რეზოლუციები მიიღო ევროპარლამენტმა და მარტში ჩვენი განაცხადის შეტანის შემდეგ ევროპარლამენტს სიტყვა არ უთქვამს ჩვენი აპლიკაციის მხარდასაჭერად“, – ამბობს სამადაშვილი.

რატომ არ არის საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით რეზოლუცია მიღებული? ნეტგაზეთმა მაკა ბოჭორიშვილსაც ჰკითხა, მან კი მოლდოვის შესახებ რეზოლუციის თანდართულ აღწერაზე მიგვითითა, სადაც საქართველოც ნახსენებია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი

„მოლდოვის რეზოლუცია რაც მიიღეს, ის რეზოლუცია იყო, რასაც ჩვენ სექტემბერში ველოდებით ასოცირების იმპლემენტაციაზე. მანამდე ის მოხერხდა, რომ მოლდოვის რეზოლუციაში ჩვენზეც არის ლაპარაკი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ჩვენს რეპლიკაზე, რომ საქართველო თავად რეზოლუციის ტექსტში ნახსენები არაა, ბოჭორიშვილმა გვიპასუხა:

„რა მნიშვნელობა აქვს, დასაწყისშია თუ ბოლოში, ხომ არის… ეს იმას ხომ არ აუქმებს, რაც აქამდე უთქვამს ევროპარლამენტს. მე მგონი, არ უთქვამს ევროპარლამენტს, რომ ვაუქმებთო. ნახეთ 49-ე მუხლი“, – თქვა ბოჭორიშვილმა.

თუმცა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით მიღებულ ცალკე რეზოლუციასა და მოლდოვის რეზოლუციის თანდართულ აღწერაში ხსენებას შორის რომ დიდი განსხვავებაა, ვანო ჩხიკვაძეც ადასტურებს.

„ცალკე რეზოლუცია ქვეყანაზე სულ სხვა არის და უბრალოდ, სხვა ქვეყნის რეზოლუციის ტექსტში რომ გახსენებენ იმის გამო, რომ ტრიოს ფორმატი არსებობს და სამივეს ასოცირების ხელშეკრულება გაქვს, ალბათ, სხვა არის. როგორ შეიძლება, ეს ორი რამე ერთმანეთს შევადაროთ“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებში ევროკავშირის 49-ე მუხლზე მითითებას დიდწილად ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს ვანო ჩხიკვაძე. თუმცა ამბობს, რომ ეს ტექსტები 3 მარტის შემდეგ დამდგარ ახალ რეალობას ვეღარ ასახავს.  მისი თქმით, ზუსტად ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით საჭიროა, რომ ახალი რეზოლუცია იქნას მიღებული.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე

რატომ არ იღებს ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას?

მიუხედავად ახალი რეალობისა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა. ამის მიზეზად კი ნეტგაზეთის რესპონდენტები ქვეყნის შიგნით არსებულ საკითხებს ასახელებენ, რაც ევროპელი პარტნიორების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა და მათთვის გვერდის ავლა ვერც რეზოლუციის ტექსტში მოხერხდებოდა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტნიორი  სოციალისტები და დემოკრატები (S&D), თანხმდებიან, რომ დღეს საქართველოზე ისეთი რეზოლუციის მიღება, სადაც კრიტიკა არ ჩაიწერება, შესაძლებელი არ არის.

მისი თქმით,  ევროპარლამენტი ვერ მიიღებს რეზოლუციას, სადაც არ ისაუბრებს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, ჩავარდნილ სასამართლო რეფორმაზე, 5 ივლისის ძალადობასა და ბევრ სხვა პრობლემაზე, რომელიც დღეს არსებობს.

 „ლელოს“ პოლიტიკურ მდივანი სალომე სამადაშვილი

„რეალურად „ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია, რომ ისინი ევროპარლამენტში აქტიურად ლობირებდნენ სწორედ იმას, რომ არ მიიღონ რეზოლუცია. დღეს  ევროპარლამენტში იმგვარი პოლიტიკური ვითარებაა, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისაც კი ეშინია ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ამ რეზოლუციაში კრიტიკული შენიშვნები აუცილებლად იქნებოდა, რომ მიეღოთ“, – უთხრა ნეტგაზეთს სამადაშვილმა.

ვანო ჩხიკვაძის აზრით, საქართველოში არსებული რეალობის გამო თავად ევროპარლამენტი ამჯობინებს, ამ ეტაპზე რეზოლუციის მიღებისგან თავი შეიკავოს.

მისი თქმით, ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი ეცდება რეზოლუციაში თავის ნაწილი შეიტანოს და ამის გათვალისწინებით საერთო ტექსტზე შეთანხმება ძნელი იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ ამის მაგალითია 31 მაისს „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) საკმაოდ კრიტიკული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველო დემოკრატიის უკუსვლას განიცდის და „არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ“ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მოშალა.

„უფრო მეტად ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რის გამოც ვერ ხერხდება რეზოლუციის მიღება, ვიდრე ის, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ეს უნდა საქართველოში… რეზოლუცია საქართველოზეა და რაც საქართველოში ხდება, ის უშლის ან უწყობს ხელს ყოველთვის ასეთი დოკუმენტის მიღებას “, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არაა, ვანო ჩხიკვაძე არ გამორიცხავს სასესიო კვირამდე, რომელიც 6-9 ივნისსაა, დღის წესრიგში ბოლო მომენტში რაღაც ცვლილებები შევიდეს.

„მე რამდენადაც ვიცი, არის საუბარი, რომ ევროპის პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება დაბალანსება იმ კრიტიკის ფონზე, რაც, სავარაუდოდ, იქნება ჩადებული ამ რეზოლუციაში და რა ფორმას მიიღებს ეს მოწოდება“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

რატომ არ მიიღო ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია, ან ხომ არ აპირებს მის მიღებას ისე, როგორც ეს უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში გააკეთა – ამ კითხვით ნეტგაზეთმა ევროპარლამენტის პრესსამსახურსაც მიმართა და მათგან პასუხს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი