ახალი ამბები

ოლიგარქიულმა მმართველობამ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მოშალა — EPP

31 მაისი, 2022 • 997
ოლიგარქიულმა მმართველობამ  საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მოშალა — EPP

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) აცხადებს, რომ ბოლო წლებში შეშფოთებით აკვირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციას.

EPP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას.

„შედეგად მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი მოშლა, მათ შორის, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკურად თანაბარი პირობებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“, — ნათქვამია EPP-ს განცხადებაში.

EPP-ის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ამგვარი ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

„მათ შორის აუცილებელი სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ მიმართულია მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამ ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, — ნათქვამია EPP-ის განცხადებაში.

EPP-ის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის სივრცის შემცირებას.

პარტიის განცხადებით, EPP ყოველთვის იდგა საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროატლანტიკური მომავლის ხელშეწყობის ავანგარდში და სამწუხაროა, რომ საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიული მიღწევები დაკარგა.

EPP აცხადებს, რომ ეს კლვლავ აჩენს ეჭვებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

„სამივე ასოცირებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც მკაფიოდ არჩეულია ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ“, — ვკითხულობთ EPP-ს განცხადებაში.

EPP შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მათი სრული პასუხისმგებლობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და ხაზს უსვამს, რომ ეს საკითხიც უთხრის ძირს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

„საქართველოს მთავრობის უარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და სააკაშვილის გადაყვანაზე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, ასევე, ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად უთხრის ძირს“, — ნათქვამია EPP-ს განცხადებაში.

განცხადების ბოლოს EPP კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ერთგული რჩება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი