საზოგადოება

“წერილი ევროკავშირს” და პასუხი ბრიუსელიდან საქართველოს მოქალაქეებს

19 მაისი, 2022 • 4863
“წერილი ევროკავშირს” და პასუხი ბრიუსელიდან საქართველოს მოქალაქეებს

თითქმის ერთი თვის წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა წერილი შეადგინეს, რომელზე ხელმოწერითაც მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანების სურვილსა და მხარდაჭერას აფიქსირებენ.

დოკუმენტის მიზანი ევროკავშირისთვის ევროინტეგრაციის საკითხში ქართველი ხალხის ერთიანობის და მრავალრიცხოვნების დაფიქსირებაა. მასზე ხელმოწერა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

იდენტური წერილი ამ დროისთვის 1000 მოქალაქემ უკვე გაუგზავნა ევროკავშირის სხვადასხვა ორგანოს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან პასუხი კი ყველა მათგანმა მიიღო.

წერილის გაგზავნა შესაძლებელია სპეციალურად შექმნილი საიტიდან: ge2eu.com

რა წერია წერილში

“სრულიად საქართველოს საზოგადოება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, საზოგადოებრივი მოძრაობის, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში”, – ასე იწყება წერილი, სადაც მოთხრობილია საქართველოს ფასეულობების და რუსეთის მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის შესახებ.

წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები და წევრები, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი.

წერილის ერთ-ერთი თანაავტორი, ნიკა დავითაშვილი “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ დოკუმენტი ორ მნიშვნელოვან თეზისს შეიცავს:

  1. საქართველო ევროპის ნაწილად ყოფნას ნამდვილად იმსახურებს
  2. საქართველოს მიტოვება რუსეთის პირისპირ, ქვეყნის გაწირვას ნიშნავს

მისი თქმით, წერილის მიზანი ევროპარლამენტარებისთვის ევროინტეგრაციის საკითხზე საქართველოს მთავრობის პოზიციების პარალელურად, ქვეყნის მოქალაქეების პოზიციის დაფიქსირებაა:

“ჩვენ გვსურს ევროპარლამენტს და ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობას ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია საქართველოს მთავრობის პოზიციისგან განსხვავდება, რომელიც [მთავრობის პოზიცია] უფრო პრორუსულია, ვიდრე თავად აცხადებენ. თუ არც მოქალაქეებმა ვიმოქმედეთ და მთავრობამაც გააგრძელა ის, რასაც აკეთებს, ევროპელები ჩათვლიან, რომ ის სამაშველო რგოლი, რომელიც კითხვარის სახით გადმოგვიგდეს, წყალში გადაყრილი იქნება და რუსეთის ორბიტაზე დავრჩებით”, – ამბობს დავითაშვილი.

მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის შექმნის იდეა ფიზიკოს გია დვალის განცხადების შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და საქართველოს მიერ EU-კითხვარის მიღების შემდეგ გია დვალმა ხაზი გაუსვა მოქალაქეების უშუალო აქტიურობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

“ფანჯარა, რომელიც გაიხსნა უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გვაძლევს შანსს, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს და ჩვენ თუ გვინდა ამ შესაძლებლობის გამოყენება, მხოლოდ ამ კითხვარის იმედზე არ უნდა ვიყოთ. კითხვარი სუფთა ტექნიკური ნაწილია [პროცესის]… ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიიღება მოსახლეობის და მთავრობის ქცევაზე დაკვირვებით”, – განმარტავს დავითაშვილი.

მისი განცხადებით, აღნიშნული წერილის გარდა სამოქალაქო გაერთიანება “ევროინტეგრაციის ჯგუფი” სხვა აქტივობებსაც გეგმავს, მათ შორის ვიდეორგოლის გაკეთებას, რომელიც ქართველების რეალურ ფასეულობებს გააცნობს საერთაშორისო საზოგადოებას.

ამასთან, დავითაშვილის განცხადებით, “ევროინტეგრაციის ჯგუფი” გეგმავს, რომ იდენტური წერილი, საზღვარგარეთ მყოფმა ცნობილმა ქართველებმაც გაუგზავნონ ევროპარლამენტს და სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს, რათა გამოიკვეთოს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას “ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად მათთვის ნაცნობი ქართველებიც უჭერენ მხარს”.

რა უპასუხეს ბრიუსელიდან საქართველოს მოქალაქეებს

ნიკა დავითაშვილის თქმით, ყველამ, ვინც აღნიშნული წერილი გააგზავნა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფისისგან პასუხი მიიღო.

საპასუხო წერილში მეცოლას 2022 წლის 28 აპრილს გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი, სადაც ის აცხადებს, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმებოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამენ.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 17 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპულმა პარლამენტმა “არასავალდებულო რეზოლუცია” მიიღო. რეზოლუციაში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს (და უკრაინას) ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება შეუძლია იმ პირობით, თუ ქვეყანა უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას.

“გარდა ამისა, ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს საქართველოს (და უკრაინის) ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და ასევე შიდა რეფორმების განხორციელების მამოძრავებელი ძალაა”, – აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან მიღებულ წერილში ასევე მოყვანილია 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუციის შინაარსი, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტი მიესალმება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.

ასევე ამ ნაწილში განმარტებულია, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაღრმავებული თანამშრომლობა და ევროკავშირის დახმარება ეფუძნება პრინციპს “მეტი მეტისთვის”.

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტის ოფისისგან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის როლი გადაწყვეტილების მიღების ნაწილში შეზღუდულია.

ნიკა დავითაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პასუხი ხალხისთვის, ვინც წერილი გააგზავნა ან მომავალში გეგმავს ამის გაკეთებას, მოტივაციაა, რადგან “ისინი ხედავენ, რომ მათ უსმენენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი