საზოგადოება

„წამება, ტყვეობა და დახვრეტა“ – უკრაინელების ისტორიები ოკუპაციისას

18 მაისი, 2022 • 1777
„წამება, ტყვეობა და დახვრეტა“ – უკრაინელების ისტორიები ოკუპაციისას

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა კიევისა და ჩერნიჰივის რეგიონებში ომის დანაშაულის ამსახველი ისტორიები შეაგროვა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში, მაშინ მოხდა, როცა ამ ოლქებს რუსეთის ჯარები აკონტროლებდა. ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა, საუბარია მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და მკვლელობის ფაქტებზე.

კვლევისას ორგანიზაციის განცხადებით, ამ რეგიონების 17 სოფელში სიკვდილით დასჯის 22, მკვლელობის 9, გაუჩინარების 6, წამების 7 და არაადამიანურ პირობებში იძულებით მოთავსების 21 შემთხვევა აღწერეს. ჯამში ორგანიზაციამ ჩაწერა 65 ადამიანთან ინტერვიუ რომელთა შორის, წამების მსხვერპლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და სხვა მოწმეები არიან.

„ნეტგაზეთი“ ამ ადამიანების ისტორიებს უცვლელად გთავაზობთ:

სოფელი ანდრიივკა, კიევის ოლქი

66 წლის ანასტასია ანდრიივნა 45 წლის შვილთან, იჰორ სავრანთან ერთად სოფელ ანდრიივკაში ცხოვრობდა, რომელიც კიევის ჩრდილოეთით 40 კილომეტრში მდებარეობს. მისი თქმით მაშინ, როდესაც 26 თებერვალს სოფელში რუსული ჯარები შევიდნენ, მის სახლსაც მიადგნენ. ქალი იხსენებს, რომ მის ვაჟს რუსმა სამხედროებმა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და ყველას სიკვდილით დაემუქრნენ, ვისაც კი ჩართულ ტელეფონს უპოვიდნენ.

ქალი ჰყვება, რომ ჯარისკაცებს თავისი ძველი ტელეფონი მისცა, ახალი მობილური კი, რომელიც მუშაობდა, დამალა. ანასტასია ანდრიივნას თქმით, მის სახლში რუსი მეთაური სამხედროებთან ერთად 19 მარტს კიდევ მივიდა და შინ შეშვება მოითხოვა. მათი თქმით, ჰქონდათ მოწყობილობა, რომელმაც იმ ტერიტორიაზე მობილური ტელეფონის კავშირი დააფიქსირა. ანდრიივნას თქმით, მეთაურმა ის ოთახში შეიყვანა და ტელეფონის ძებნა დაიწყო, სანამ ჯარისკაცებმა მისი ვაჟი ეზოში მდებარე სამზარეულოში ძალით გაიყვანეს. ქალი ამბობს, რომ გაიგონა როგორ იპოვეს რუსმა სამხედროებმა მისი შვილის ძველი სამხედრო ქურთუკი და სროლა დაიწყეს. ქალი ამბობს, რომ მეთაურმა მას სახლში დარჩენა უბრძანა, მისი ვაჟი კი თან წაიყვანეს.

ქალი ამბობს, რომ 30 მარტის ღამით რუსებმა სოფელი დატოვეს რის შემდეგაც პირველად დატოვა სახლი შვილის პოვნის იმედით. ქალის თქმით, შვილის ცხედარი, რომელიც ფეხსაცმლით იცნო, სახლიდან 100 მეტრში იპოვა:

„ემბრიონის პოზაში იწვა, ცელები თავის ქვეშ ჰქონდა მოთავსებული მისი ქურთუკი კი მხრებზე ეგდო. ყურში ჰქონდა ტყვია ნასროლი და მთელი სახე სისხლით დაფარული. მისი საუკეთესო მეგობარი, ვოლოდიმირ პოჟარნიკოვი მის გვერდით იწვა, მასაც ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ფეხი არაბუნებრივ პოზაში ჰქონდა მოხრილი“ – იხსენებს ქალი.

სოფელი მოტიჟინი, კიევის ოლქი

4 აპრილს კიევიდან 50 კილომეტრში მდებარე სოფელ მოტიჟინში Human Rights Watch -ის მკვლევრებმა ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ სოფლის მერი, 51 წლის ოლჰა სუხენკო იყო. მასთან ერთად იპოვეს მისი ქმრის, იჰორის და ვაჟის, ოლექსანდრის ცხედრებიც. ორგანიზაცია აცხადებს, რომ იქვე იყო მეოთხე ცხედარიც, რომლის ვინაობაც ამ დრომდე დადგენილი არაა.

კაცს, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხდა, თვალებზე წებოვანი ლენტი ჰქონდა აკრული. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ნაპოვნ ცხედარს თავის არეში დიდი ხვრელი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ზუსტი გარემოებების დადგენა ვერ შეძლეს, მიყენებული დაზიანებებით, ორგანიზაციაში მსჯელობენ, რომ სავარაუდოდ, ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

ნოვი ბიუკივი, ჩერნიჰივის ოლქი

სოფელ ნოვი ბიუკივში მცხოვრები, რომელიც 20 სხვა ადამიანთან ერთად რუსმა ჯარისკაცებმა საქვაბეში გამოკეტეს, აცხადებს, რომ 30 მარტს, მანამ სანამ, რუსი სამხედროები ტერიტორიას დატოვებდნენ, რამდენიმე ჯარისკაცი მათთან მივიდა და უთხრა, რომ 8 ადამიანის სიკვდილით დასჯის ბრძანება ჰქონდათ მიღებული და იკითხეს ხომ არ იყვნენ „მოხალისეები“.

მას შემდეგ, რაც ნაბიჯი არავინ გადადგა, თვითმხილველის თქმით, მათ 8 კაცი წაიყვანეს, მომდევნო დღეს კი, როცა რუსული ჯარები ჩერნიჰივიდან გავიდნენ, მათგან ორის ცხედარი საქვაბიდან 50 მეტრში იპოვეს. სოფლის მოსახლეობის თქმით, გარდაცვლილებს თავი გასრესილი ჰქონდათ, ოდნავ მოშორებით კი მესამე ადამიანის გვამიც იპოვეს.

Human Rights Watch აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა დადგენა, თუ რა შეემთხვა დანარჩენ 5 კაცს.

ვოლოდიმირ ჟადანის სახლში 7-8 რუსი სამხედრო 24 მარტს მივიდა და ჰაერში სროლა დაიწყეს. სამხედროები 64 წლის კაცისგან ტელეფონის გადაცემას ითხოვდნენ:

„საცვლებში ვიყავი… ცემა დამიწყეს, მიწაზე დამაგდეს და ფეხებს მუცელსა და ზურგში მირტყამდნენ. ტელეფონის ჩაბარებას მოითხოვდნენ. შემდეგ თვალები ამიკრეს და ხელები შემიკრეს. მხოლოდ ქურთუკისა და ფეხსაცმლის ჩაცმის ნება დამრთეს, შარვლის არა და მეზობლებთან ერთად სოფლის ბაღის სარდაფში წამიყვანეს, სადაც სახვევი მომხსნეს, თუმცა უკუნი სიბნელე იყო და ვერაფერს ვხედავდი. ღამე იქ გავატარეთ, ყინვაში“ – იხსენებს კაცი.

მისი მონაყოლის მიხედვით, დილას რუსმა სამხედროებმა შარვალი მისცეს, თვალები ისევ აუკრეს და დასაკითხად იქვე მდებარე სკოლის შენობაში გადაიყვანეს, საღამოს კი გაუშვეს. კაცი იხსენებს, რომ სახლში დაბრუნებულს ბინა გაძარცვული დახვდა.

24 მარტს დააკავეს 66 წლის კაციც, რომელსაც რუსმა სამხედროებმა ტელეფონი უპოვეს. კაცი სოფლის ცენტრში მდებარე შენობის საქვაბეში 20 ადამიანთან ერთად გამოკეტეს. კაცი ოთახში არსებულ რამდენიმე მეტრიან ორმოში ოთხ სხვა დაკავებულთან ერთად ჩააგდეს, სადაც ხუთი ღამე გაატარა. მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში ტუალეტით სარგებლობის უფლება მხოლოდ სამჯერ მისცეს. დატყვევებულ ადამიანებს რუსი სამხედროები არ აძლევდნენ საკვებსა და წყალს, მხოლოდ ერთ ბოთლ ლიმონათს დღეში ხუთივე კაცისთვის:

„ერთ-ერთს მთელი ეს დრო ხელები შეკრული და დასივებული ჰქონდა“ – იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სტარი ბიუკივი, ჩერნიჰივის ოლქი

სოფელ სტარი ბიუკივში რუსმა სამხედროებმა 27 თებერვლის მდგომარეობით სულ მცირე 6 ადამიანი მოკლეს. ერთ-ერთი გარდაცვლილის დედა, ვიქტორია ჰლადკა იხსენებს, რომ ოჯახი სახლის სარდაფში იმალებოდა. მისი 29 წლის შვილი ბოჰდანი და 39 წლის სიძე ოლექსანდრი ეზოში მოსაწევად იყვნენ ასულები, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა დაინახეს და წაიყვანეს. ქალის თქმით, ბოჰდანი ფოსტაში მუშაობდა და კიევში მენეჯმენტს სწავლობდა, ოლექსანდრი კი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ქალმა შვილის, სიძის და კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი მინდორში მეორე დღეს იპოვა.

ცხედრის გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ 29 წლის ბიჭს ნეკნები ჰქონდა ჩატეხილი, გულში დანით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული და თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი. ოლექსანდრის ცხედრის შესწავლით კი გამოიკვეთა გულთან ახლოს დანით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, 39 წლის კაცს ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

იაიდნე, ჩერნიჰივის ოლქი

ორგანიზაციის განცხადებით, სოფელ იადნეს 350 მოსახლე, რაც სოფლის თითქმის სრულ მოსახლეობას შეადგენს, 28 დღის განმავლობაში რუს სამხედროებს სკოლის სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი. Human Rights Watch აცხადებს, რომ ოთახს არ ჰქონდა ვენტილაცია და სანიტარული პირობებიც არ იყო დაცული. დატყვევებულ ადამიანებს შორის 70 ბავშვი, მათ შორის 5 ახალშობილი იყო. ორგანიზაცია წერს, რომ ტყვეობაში დაიღუპა 10 ხანშიშესული მოქალაქე.

ორგანიზაციის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სკოლა სამხედრო ბაზად აქციეს და მოქალაქეები მის სარდაფში გამოკეტეს. ჯამში Human Rights Watch ესაუბრა 13 ადამიანს, რომლებიც სკოლის ქვეშ სარდაფში იყვნენ გამოკეტილი. სარდაფი მათი თქმით, ორი დიდი და ექვსი პატარა ოთახისგან შედგებოდა. მათი თქმით, მოქალაქეების განთავსების შემდეგ რუსმა სამხედროებმა კარი ჩაკეტეს და მას დღეში მხოლოდ ერთხელ აღებდნენ, რა დროსაც ადამიანებს გარეთ მდებარე ტუალეტით სარგებლობა და საკვების ცეცხლზე მომზადება შეეძლოთ. ტყვეებს იშვიათად აძლევდნენ უფლებას სახლში წასულიყვნენ საკვების მოსატანად და შემდეგ ისევ სარდაფში კეტავდნენ.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ შენობაში ჰაერის და სივრცის ნაკლებობა იყო. მათ ითქმით, ტუალეტის ნაცვლად ურნების გამოყენება უხდებოდათ. ორგანიზაციის თქმით, ბევრი მათგანი შეუძლოდ გახდა.

თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, დაბომბვისგან თავის დაცვის მიზნით რამდენიმე ადამიანი სარდაფში საკუთარი სურვილითაც ჩავიდა, ზოგი კი რუსმა სამხედროებმა ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს. ოლჰა ვოლოდუმირივნა ჰყვება, რომ მის სახლში სამი რუსი სამხედრო 3 მარტს მივიდა, მისი 63 წლის ქმარი სცემეს, ტელეფონი დაუმტვრიეს და ორივე მათგანი სხვენში გამოკეტეს, ამ დროს კი რუსი სამხედროები მის სახლში ცხოვრობდნენ. სამი დღის გასვლის შემდეგ, ქალის თქმით, მას და მის ქმარს სამხედროებმა სკოლის სარდაფში ჩასვლის ბრძანება მისცეს.

ამავე დღეს, საკუთარი სახლის სარდაფში ცოლთან, შვილთან, სიდედრთან და 3 წლის შვილიშვილთან ერთად დაბომბვას თავს აფარებდა ვოლოდიმირ ივაშჩენკო, როდესაც მუს სახლში ხუთი რუსი სამხედრო მივიდა და ყველას გარეთ გამოსვლა უბრძანა. ივაშჩენკოს 70 წლის სიდედრი, რომელიც ჯოხით გადაადგილდებოდა, სარდაფში დარჩა. კაცმა სცადა სამხედროებისთვის აეხსნა, რომ ქალს სიარული უჭირდა, თუმცა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ თუ ქალს არ ამოიყვანდა, იქ ხელყუმბარას ჩააგდებდნენ. ამის შემდეგ ივაშჩენკო და მისი ოჯახი სკოლის სარდაფში წაიყვანეს:

„ნესტი იყო და ყველა ახველებდა. საკმარისი ჰაერი არ იყო, ასობით ადამიანი იყო, მაგრამ დასაძინებელი სივრცე არა. თავდაპირველად რამდენიმე დღით გამოგვკეტეს, ტუალეტისთვის ბოთლებს და ურნებს ვიყენებდით. წარმოიდგინეთ კვირების განმავლობაში სკამზე ჯდომა, როცა არსადაა ადგილი დასაწოლად“ – იხსენებს კაცი.

კიდევ ერთი ქალი, რომელიც სკოლის სარდაფში გამოკეტეს, იხსენებს, რომ ოთახში შუქი ვერ აღწევდა და დაჯდომა მხოლოდ პატარა, საბავშვო სკამებზე შეეძლოთ. მისი თქმით, ბავშვები მშობლებს კალთაში ესხდნენ და იქვე იძინებდნენ. ჰაერი კი სავსე იყო მტვრით და კირით კედლებიდან:

„ერთი კვირის შემდეგ, ყველა ძლიერად ახველებდა. ყველა ბავშვს მაღალი სიცხე და სპაზმები ჰქონდა ხველებისგან, გული ერეოდათ. ვცდილობდით ზედმეტი არ გვემოძრავა რადგან ადამიანები ერთმანეთთან ახლოს, მჭიდროდ ისხდნენ, მხოლოდ გვერდულად გავლა შეგვეძლო.

ვცდილობდით ბევრი არ დაგველია, რადგან საკმარისი წყალი არ იყო, ჯარისკაცები კი გარე ტუალეტის გამოყენების ნებას არ გვრთავდნენ. პირველ დღეებში საჭმელს საერთოდ არ გვაძლევდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ნება დაგვრთეს სახლში წავსულიყავით და საჭმლის მარაგები წამოგვეღო. მოგვიანებით ნება დაგვრთეს გარეთ ცეცხლი დაგვენთო საკვების მოსამზადებლად“, – აცხადებს თვითმხილველი.

ქალის თქმით, ჯარისკაცებმა ნება არ დართეს 63 წლის კაცს, რომელსაც კიბო ჰქონდა და ჯდომა ტკივილს აყენებდა, სახლში წასულიყო. მისი თქმით, სამხედროებმა ტკივილის შესამსუბუქებლად თავის ჩამოხრჩობა ურჩიეს. ზოგ ადამიანს კი მუდმივი ჯდომისგან ნაწოლები გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 20 მარტისთვის ბევრ ბავშვს და მოზრდილს ჩუტყვავილა დაემართა.

ერთ-ერთი, ვინც სოფლის სკოლის სარდაფში თითქმის ერთი თვე დაჰყო, ჰელინა ტოლოჩინა იყო. სათვალავი რომ არ არეოდა, ქალი მეგობართან ერთად სარდაფის კარზე ცარცით კალენდარს ადგენდა. კარის მარჯვენა მხარეს კი წერდა იმ ადამიანების სახელებს და გვარებს ვინც დაიღუპნენ, მარცხნივ კი აღნიშნავდა, ვისაც ესროლეს ან გაუჩინარდნენ.

ქალის თქმით, ათიდან ორი ადამიანი სახლში გარდაიცვალა რამდენიმე დღეში, რაც რუსმა სამხედროებმა გაუარესებული ჯანმრთელობის გამო შინ დაბრუნების ნება მისცეს. 8 ადამიანს შორის კი, რომლებიც სარდაფში დაიღუპნენ, იყო ივაშჩენკოს სიდედრი ნადია ბუჩენკო:

„წარმოიდგინეთ კვირების განმავლობაში სკამზე ჯდომა, დასაწოლი კი არსად იყო, არც საკმარისი ჰაერი. მას ფეხები დაუსივდა და წნევა დაუვარდა. წამლები არ გვქონდა და არც სარდაფის დატოვება შეგვეძლო. ის 28 მარტს დაიღუპა, ცხედარი კი საქვაბეში ორი დღის შემდეგ გაიტანეს. სამხედროებმა ნება მომცეს ის სასაფლაოზე დამეკრძალა“ – იხსენებს კაცი.

ორგანიზაცია, აღნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელიც სარდაფში იყო დატყვევებული, ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.

ადგილობრივი საკრებულოს წევრი ვალერი პოლრუი იხსენებს, რომ 3 მარტს, როცა რუსი სამხედროები სოფელში შევიდნენ, ვიქტორ შევჩენკო მოკლეს. მისი თქმით, ერთ-ერთმა სამხედრომ უთხრა, რომ შევჩენკო იმიტომ მოკლეს, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კაცის ცხედარი რამდენიმე თვის შემდეგ, მის საკუთარ ეზოში დამარხული იპოვეს. მას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თავში ჰქონდა ნასროლი.

კიდევ ორი ადამიანის ცხედარი, რომლებიც სოფელს სტუმრობდნენ 6-7 მარტს, ერთ-ერთი სახლის სხვენში იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ცხედრებს ხელები ჰქონდათ შეკრული და თითოეულს ორ-ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავისა და ზურგის არეში.

ნოვა ბასანი, კიევის ოლქი

ნოვა ბასანის სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, 63 წლის მიკოლა დიაჩენკო რუს სამხედროებს 26 დღის განმავლობაში 5 სხვადასხვა ადგილას ჰყავდათ დატყვევებული. მათ შორის სოფლის ფოსტის შენობაში, სხვენსა და გარე სამზარეულოში.

დიაჩენკო რუსმა სამხედროებმა საკუთარ სახლში, მის მოადგილესთან ერთად 5 მარტს დააკავეს. მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები აკავებდნენ ყველა კაცს მის ქუჩაზე, როდესაც სოფელზე კონტროლი დაამყარეს:

„გვიბრძანეს ტანსაცმელი აგვეღო და გავყოლოდით. ვკითხე თვალის წვეთები თუ დამჭირდებოდა, რაზეც მითხრეს, რომ „აღარ“. ვიფიქრე იცოდნენ, სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომ ვიყავი და დახვრეტას მიპირებდნენ. დაკავების ერთ-ერთი ადგილი მისქვეშა სათავსო იყო, რომლის მოცულობაც 9 კვადრატულ მეტს არ აჭარბებდა. იქ 20 22-დან 65 წლამდე კაცი ვიყავით. კარი ჩაკეტეს და ორი დღე იქ გვამყოფეს. ხალხი იხრჩობოდა, კარზე ვაბრახუნებდით და ვთხოვდით სუნთქვის უფლება მოეცათ. ბოლოს და ბოლოს სამხედროებმა კარი ოდნავ შეაღეს და ცოტა ჰაერი შემოვიდა. არ გვაძლევდნენ საკვებს, მხოლოდ 2 ლიტრი წყალი მოგვცეს, რომელიც 20 ადამიანს უნდა გაგვენაწილებინა“, – იხსენებს კაცი.

დიაჩენკოს თქმით, სულ ჯამში 5 სხვადასხვა ადგილას ჰყავდათ დაკავებული. ერთ-ერთი გადაყვანისას, თვალები შეუკრეს და უთხრეს, ეთანამშრომლა თუ გადარჩენა უნდოდა, რის შემდეგაც ავტომატის გასროლის ხმა გაიგონა და იფიქრა, რომ ვიღაც დახვრიტეს. კაცს ემუქრებოდნენ რომ პირქვე, ფეხებით დაკიდებდნენ და თითებს მოაჭრიდნენ, ან ხის ძელზე წამოაცვამდნენ მტანჯველი სიკვდილით რომ დაღუპულიყო.

დიმერი, კიევის ოლქი

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს უკრაინაში რუსული აგრესია დაიწყო, 58 წლის იჰორ ჟირიანოვმა, ცოლთან და 12 წლის შვილთან ერთად კიევი დატოვა და სოფელში გადასახლდა. მისი თქმით, 21 მარტის დილას ხუთ მეგობართან ერთად, რომელთა შორის ორი ქალი იყო, მეზობლის სახლს შეაფარეს თავი, რადგან იქ ინტერნეტის მიმღები ეგულებოდათ. მალევე, მისი თქმით, სახლთან ჯავშანტრანსპორტიორით მივიდნენ რუსი სამხედროები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და გარეთ გამოსვლა უბრძანეს.

ჟირიანოვის თქმით, ჯარისკაცებმა საბუთები შეუმოწმეს და მოჰპარეს 11 000 აშშ დოლარი, რომელსაც პასპორტში ინახავდა. მისი თქმით, ჯარისკაცებმა ორი ჯავშანმანქანა ეზოში დააყენეს. ორივე მათგანს სანომრე ნიშნები მოხსნილი ჰქონდა და V სიმბოლო ჰქონდა მიხატული.

კაცი იხსენებს, რომ ოთხ მათგანს ხელბორკილები დაადეს, თვალები აუხვიეს და მანქანებში იძულებით მოათავსეს, ქალები კი უკანა სავარძელზე დასვეს და ყველა მათგანი ქალაქ დიმერში მდებარე ქარხანაში წაიყვანეს.

კაცი იხსენებს, რომ 40 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში მოათავსეს, სადაც მეგობრებთან ერთად სამი დღე გაატარა. ოთახში მისი თქმით, კიდევ 30 ადამიანი იყო, რომელთა რიცხვიც დღის ბოლომდე 49-მდე გაიზარდა. ჟირიანოვის თქმით, დაკავებულების ასაკი 17-დან 73 წლამდე იყო. მათგან ერთი ახალგაზრდა კაცი უკვე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ქარხანაში, როდესაც ისინი მიიყვანეს.

კაცი იხსენებს, რომ ოთახში სინათლე თითქმის ვერ აღწევდა და ტუალეტის ნაცვლად ორი ურნა მისცეს. ჟირიანოვის თქმით, წყლის 20-ლიტრიანი ბოთლი მიუტანეს და პატარა მილი დასალევად. კაცი იხსენებს, რომ ქალების გარდა ყველას თვალები ჰქონდა ახვეული, ხელები კი შეუკრეს:

„კარს პატარა ნახვრეტი ჰქონდა, საიდან შემომავალი სინათლითაც ვიგებდით დღე იყო თუ ღამე. ადამიანები მიწაზე ისხდნენ, იქვე ეძინათ. არც გადასაფარებლები იყო და არც საწოლები. საკმარისი ადგილი არ იყო ყველა დავწოლილიყავით, ამიტომ მონაცვლეობით გვეძინა. საკვებს დღეში ერთხელ გვაძლევდნენ. ერთხელ მაკარონი მოგვიტანეს, ერთხელ კი მოხარშული ბრინჯი. ვისწავლეთ როგორ მოგვეშვა თოკები, რომლითაც ხელები გვქონდა შეკრული და როცა რუსი სამხედროები იქ არ იყვნენ, თვალებიდან სახვევს ვიხსნიდით“ – აცხადებს კაცი.

მისი თქმით, 23 მარტს სამხედროებმა უთხრეს, რომ ჯგუფ-ჯგუფად გაუშვებდნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში წაიყვანეს და უთხრეს, რომ თუ კიდევ დააკავებდნენ, ადგილზე დახვრეტდნენ.

სახლში დაბრუნებულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლი გაძარცვული იყო. მოპარული იყო მისი მანქანა და ცოლის ქორწინების ბეჭედი, ისევე როგორც გენერატორი, ხელსაწყოები, ბლუთუზ სპიკერი, საათი და ფული.

ტყვეობაში ყოფნისას კაცი იხსენებს, რომ რუსმა სამხედროებმა მას და მის მეგობრებს ტელეფონი ჩამოართვეს და ბლოკის მოსახსნელად კოდები ათქმევინეს. მისი თქმით, ყოველ დღე 10-15 წუთით სხვა ოთახში გაჰყავდათ, სადაც კითხავდნენ. კაცის თქმით, სამხედროებს ყველა დაკავებულისთვის მეტსახელი ჰქონდათ მოფიქრებული მათ შორის ერთს, ამერიკელს ეძახდნენ, რადგან მის პასპორტში აშშ-ის ვიზა იპოვეს.

თავად ჟირიანოვი ამ დროის განმავლობაში სამჯერ დაკითხეს. ეკითხებოდნენ, თუ ჰქონდა ნამსახურები სამხედრო სამსახურში და რატომ მოგზაურობდა ამერიკაში. კაცის თქმით, მას იარაღის კონდახი ორჯერ ჩაარტყეს, როცა მისი პასუხები არ მოეწონათ. ჟირიანოვის თქმით, უფრო უმოწყალოდ ექცეოდნენ სხვა დაკავებულებს, რომელთა წინააღმდეგ ელექტრო შოკერს იყენებდნენ და სცემდნენ.

კიდევ ერთი კაცი, რომელიც რუს სამხედროებს ჰყავდათ დატყვევებული, იხსენებს, რომ მას იარაღის ლულა შუბლზე მიადეს, გადატენეს და რამდენჯერმე გვერდით გაისროლეს:

„მეუბნებოდნენ, თუ ყველაფერს არ მოვუყვებოდი, შემდეგ ჯერზე აღარ ამაცილებდნენ. მეკითხებოდნენ თუ ვიღებდი მონაწილეობას მაიდნის მოვლენებში ან 2014 წლის ომში. მეორედ რომ დამკითხეს, თავზე ელექტროშოკი მომადეს, ძალიან მტკივნეული იყო“ – იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ 40 ადამიანი, რომელიც აპრილის შუა პერიოდში ამავე ქარხანაში ჰყავდათ დაკავებული, ამ დრომდე არ უპოვიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი