საზოგადოება

„ოცნებამ“ უარყო, რომ ივანიშვილის გადარიცხვების შეფერხებაში აშშ-ს ადანაშაულებს

11 მაისი, 2022 • 2842
„ოცნებამ“ უარყო, რომ ივანიშვილის გადარიცხვების შეფერხებაში აშშ-ს ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს პოლიტიკური მოტივით ფინანსური ოპერაციების შეფერხებაში ადანაშაულებს და განმეორებით უჩივის. მმართველ პარტიაში კი არ გამორიცხეს, რომ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

ხათუნა ხოფერიამ, ზაზა შათირიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და დავით ქართველიშვილმა, რომლებიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ანალიტიკოსებად პოზიციონირებენ, გაავრცელეს აზრი, თითქოს გარკვეულ ძალებს სურთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა ამ „პროექტის“ ნაწილია. მათი განცხადებები აქტიურად გააშუქა პროსამთავრობო მედიამ. ამასთან, ხათუნა ხოფერიამ და ზაზა შათირიშვილმა აღნიშნულში ღიად დაადანაშაულეს ამერიკის შეერთებული შტატები. მმართველ გუნდში ხათუნა ხოფერიას შეკითხვებს “ლეგიტიმური” უწოდეს, თუმცა მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებებში მმართველი გუნდის წევრებმა სტრატეგიული პარტნიორის დადანაშაულება უარყვეს.

ხათუნა ხოფერია: „შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ ისტორიით ჩემთვის საბოლოოდ აეხადა ფარდა იმ თამაშს, რომელიც სახეზეა. დიახ, უკვე ცხადია, რომ ომში საქართველოს ჩართვა ნაციონალებისა და მათი უკრაინელი კოლეგების კი არა, არამედ დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანია. სინამდვილეში, ნაციონალები და უკრაინელები ამ დიდ თამაშში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები არიან… შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს!“

ზაზა შათირიშვილი: „დღეს უკვე საქართველოსა და უკრაინაში არსებული მეხუთე კოლონა მათი „დამკვეთის“ დავალებით ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ ომი არის „ერთადერთი სწორი გზა“ ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ „დამკვეთ ძალას“ სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და კონფლიქტში შემოყვანა, უკვე მისი ხელით სასურველი შედეგის მიღწევა…ვინ არის ეს „დამკვეთი ძალა“? ამას, ალბათ, დიდი ფიქრი არ სჭირდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც პროცესების კოორდინაციის ამხელა რესურსი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატებია“.

ხათუნა ხოფერიას განცხადებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს 10 მაისს “პოსტ ტვ”-მ  დაუსვა კითხვა.

“ვნახე განცხადება და მე მგონია, რომ ეს კითხვები ლეგიტიმურია, არცთუ უსაფუძვლოა. ჩვენ ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის, ალბათ, ლოგიკური“, — თქვა კობახიძემ ხოფერიას განცხადების კომენტირებისას.

მან არ დააკონკრეტა, ვის კოორდინებულ ქმედებაზე საუბრობდა, როდესაც ჰკითხეს, გულისხმობდა თუ არა შეერთებულ შტატებს.

მოგვიანებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა თქვა, რომ „არანაირი მინიშნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, რა თქმა უნდა, არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, ვინაიდან ეს წარმოუდგენელია“.

„ვინაიდან მთელი ჩვენი მხარდაჭერა საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში დემოკრატიული მთავრობის შენარჩუნების და განვითარებისთვის, მთლიანად ეს მხარდაჭერა არის ჩვენი იმედი და ჩვენი პარტნიორები დასავლეთში არიან ამის გარანტები. ამიტომ, თავისთავად, უბრალოდ წარმოდგენაც კი შეუძლებელია იმისა, რომ რაიმე სახით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მთავრობის და პარტიის მხრიდან გაკეთდეს რამე მინიშნება მსგავს ჩარევაზე უცხოეთიდან“, — განუცხადა მან ტელეკომპანია „იმედს“.

დღეს, 11 მაისს კობახიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამერიკა თავად არ უხსენებიათ და ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს.

„ჯერ ერთი, ამერიკა არავის უხსენებია და, შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და როდესაც მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს, ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ“, – ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ის და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციაზე „ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები საუბრობენ და ხელისუფლების მხარდამჭერ საინფორმაციო საშუალებებშიც თემა სწორედ ამ აქცენტით გაიშალა, კობახიძე პასუხობს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, ასევე, თქვა, რომ „მიუღებელია ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობა, ეს თემა სანქციების საკითხს მიაბან და შეერთებულ შტატებს დაუკავშირონ“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, რა პრობლემები შეექმნა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან დავის პარალელურად.

ყიფიანის თქმით, კრედიტ სუისთან დავას, ბოლო პერიოდში, “რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”. საგულისხმოა, რომ ადვოკატის თქმით, არცერთი მათგანი არავითარ კავშირში არ არის არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“.

ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მოწოდებაა ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დარჩენა. თუმცა ივანიშვილის დაქირავებული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თავად იყო მითითებული ბანკის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე. ასევე, მმართველი პარტიის წევრებმა არ გამორიცხეს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.

ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადების თანახმად, სარჩელი წარმოიშვა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ვალდებულებების სერიოზული დარღვევისა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შედეგად.

ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავა მოიგო – FT

მასალების გადაბეჭდვის წესი