საზოგადოება

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილისთვის გადარიცხვის შეფერხება “კოორდინირებული მოქმედებების” შედეგია

10 მაისი, 2022 • 2358
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილისთვის გადარიცხვის შეფერხება “კოორდინირებული მოქმედებების” შედეგია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიხე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 10 მაისს, განაცხადა. მას “პოსტ ტვ-ის” ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. კერძოდ, ხოფერია ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებას და აღნიშნა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს.

თავად კობახიძე არ აკონკრეტებს, ვის “კოორდინირებულ ქმედებებზე” საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს იტყვის.

“ვნახე განცხადება და მე მგონია, რომ ეს კითხვები ლეგიტიმურია, არცთუ უსაფუძვლოა. ჩვენ ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ალბათ ლოგიკური.

ჩვენთვის გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იყო გაუგებარი კოორდინაცია მაღალი ხარისხით. ჩვენ გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის ალოგიკური გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის და აქაც ჩანდა კოორდინაცია, იყო სხვა შემთხვეევებიც, ალოგიკური მოვლენები. ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია – კაცი სანქციებს არ ექვემდებარება, ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ენმ-სთან დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემაა. გამოგონილი თემა გაუგებარი ზარით, ესეც კომუნიკაციაზე მიუთითებს.

ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკიდან… შვეიცარიული საბანკო [სისტემა] სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულები და როცა ასეთი საბანკო სისტემის ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს”, – განაცხადა კობახიძემ.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.

ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადების თანახმად, სარჩელი წარმოიშვა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ვალდებულებების სერიოზული დარღვევისა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შედეგად.

„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“. ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს.

ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და, სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი