ახალი ამბები

ივანიშვილი Credit Suisse-ს მეორედ უჩივის და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

9 მაისი, 2022 • 1606
ივანიშვილი Credit Suisse-ს მეორედ უჩივის და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.

ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადების თანახმად, სარჩელი წარმოიშვა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით რწმუნებულის ვალდებულებების სერიოზული დარღვევისა და კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შედეგად.

„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გაცემა, რომელიც მეურვემ მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, რამაც ბენეფიციარებს ფინანსური ზიანი მიაყენა. მეურვემ შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“. ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს.

ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო ამ საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის დროული გადამოწმება და, სავარაუდოდ, ბატონი ივანიშვილი ბანკისგან არა მხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 2022 წლის 4 მარტის წარუმატებელი ინსტრუქცია არ არის იზოლირებული შემთხვევა და იგივე მეთოდები იქნა გამოყენებული კლიენტის 2022 წლის 14 აპრილის ინსტრუქციის შემდეგ.

„მეურვის მიერ მართული აქტივები და ის თანხები, რომლებიც უნდა გადანაწილდეს, არ არის დაკავშირებული არცერთ სამართლებრივ დავასთან ან მათ შედეგთან; ეს აქტივები ცალკე ფინანსური სტრუქტურებია.

განცხადებაში არაა ნათქვამი, თუ რა მოცულობის ზარალი მიადგა ბიძინა ივანიშვილს ან რა თანხის საბანკო გადარიცხვები შეაყოვნა შვეიცარიულმა ბანკმა.

„ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა აქტივების მართვით. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა რწმუნებულის ქმედებები ტოტალურად ეწინააღმდეგება ტრასტის მიზანს და პრინციპებს. რეალობა ის არის, რომ მათ ქმედებებს არ გააჩნიათ ეკონომიკური დასაბუთება და ქმნიან სახიფათო პრეცედენტს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბანკი თავის ქმედებებსა თუ უმოქმედობებს საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს, რაც პოლიტიკური ზეწოლის ფორმას იღებს თუ სხვა ფაქტორებით არის განპირობებული.

კლიენტს აქვს თავისი ახსნა ამ მოვლენასთან დაკავშირებით და დეტალებს მოგვაწვდის. რა თქმა უნდა, ეს არ არის დაკავშირებული კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო დავებთან ან მის შედეგებთან – სამართლებრივი დავების შედეგები ძირითადად ნათელი და განჭვრეტადია“, — აცხადებს ივანიშვილის სპიკერი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილის მიერ წამოწყებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ისა და მისი განყოფილებების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს და 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სარჩელები. სინგაპურის სასამართლო დავა კი 2022 წლის სექტემბერში დასრულდება. პიარ კომპანიის განცხადების თანახმად, ივანიშვილის მიზანია ამ საკითხზე საზოგადოების სათანადო ინფორმირება და უახლოეს კვირებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიის მოწყობას აპირებს.

„ეს დეტალურად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს Credit Suisse და, ზოგადად, შვეიცარიის საბანკო სისტემა და რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირებისას; როგორ შეუძლია რწმუნებულების „კეთილგანწყობას“, შეზღუდოს და თუნდაც თავიდან აიცილოს თანხების გაცემის ხელმისაწვდომობა.

როგორ არ გააჩნია შვეიცარიის მარეგულირებელ FINMA–ს ეფექტური ინსტრუმენტები შვეიცარიის საბანკო სისტემაში უხეში დარღვევების თავიდან ასაცილებლად; როგორ იცავს შვეიცარიის პროკურატურა ბანკებს და ვერ ახერხებს მათ პასუხისგებაში მიცემას, სამაგიეროდ, ბრალს უყენებს მხოლოდ ერთ ინდივიდს, რომელსაც უწოდებენ „მარტოხელა მგელს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან მიმდინარე დავა მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ Finantial Times ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Credit Suisse-მა ივანიშვილს 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისს“ 6 წელი ედავებოდა და ბანკს ადანაშაულებდა თავისი ანგარიშიდან 500 მილიონ დოლარზე მეტის გაფლანგვასა და თაღლითობაში.

ივანიშვილის ბანკირი იყო პატრიკ ლესკადრონი, რომელმაც, საქმის მასალების თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი თანხა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა და დაკარგა და რომელსაც თაღლითობის გამო 2018 წელს ბრალი დაუდასტურდა. თუმცა „კრედიტ სუისი“ აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად, ბანკისგან მალულად მოქმედებდა.

ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავა მოიგო – FT

მასალების გადაბეჭდვის წესი