ახალი ამბები

“კითხვები უფრო მძაფრდება, თუმცა პოლიტიკურად ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ” – კობახიძე “კრედიტ სუის”-ის საკითხზე

11 მაისი, 2022 • 1242
“კითხვები უფრო მძაფრდება, თუმცა პოლიტიკურად ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ” – კობახიძე “კრედიტ სუის”-ის საკითხზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კოორდინირებულ მოქმედებებთან“ დაკავშირებით კითხვები კიდევ უფრო აქტუალურია, თუმცა ამას პოლიტიკურად „აღარ გააღრმავებენ“. ამის შესახებ მან დღეს, 11 მაისს, განაცხადა.

„გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება. თურმე საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ასევე ნახატებს და ვერტმფრენს, სადაც იყო შეფერხება. ეს შეფერხება მოიხსნა, თუმცა შეფერხება [არსებობდა] დაახლოებით ერთი თვე თუ თვე-ნახევარი ამ შემთხვევაში. შესაბამისად, რა კითხვებიც იყო, ის კითხვები კიდევ უფრო აქტუალური ხდება ასეთ შემთხვევაში.

მაგრამ ჩვენ პოლიტიკური კუთხით აღარ გავაღრმავებთ ამ დისკუსიას. მით უმეტეს, რომ ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის ამ ინფორმაციას საზოგადოებას. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება, სჯობს, რომ დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე, რომლის თავდაპირველი განცხადებაც ხათუნა ხოფერიას კომენტარს მოჰყვა, რომელიც ამბობდა, რომ ივანიშვილისთვის გადარიცხვებს შვეიცარიული ბანკი ამერიკასთან კოორდინაციით აფერხებდა,  დღეს ირწმუნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამერიკა თავად არ უხსენებიათ და ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს.

„ჯერ ერთი, ამერიკა არავის უხსენებია და, შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია, და როდესაც მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს, ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ“, – ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ის და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციაზე „ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები საუბრობენ და ხელისუფლების მხარდამჭერ საინფორმაციო საშუალებებშიც თემა სწორედ ამ აქცენტით გაიშალა, კობახიძე პასუხობს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

„საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლება და ყველას შეუძლია გამოხატოს აზრი. ჩვენ ერთ მხარეს ვნახეთ [ხათუნა] ხოფერიას განცხადება, რომელიც პირდაპირ ადანაშაულებს კონკრეტულ ქვეყანას რაღაცაში, მეორე მხარეს ვნახეთ [დავით] უსუფაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თურმე არაფერი არ ხდება და ერთი დღის ნაცვლად საბანკო გადარიცხვის ერთი თვე გაგრძელება ჩვეულებრივი მოვლენაა.

რა თქმა უნდა, ხოფერიას შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი, უსუფაშვილს შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ გავიზიარებ. შეიძლება ბევრს აქვს რაღაც ეჭვები. თვითონ კითხვების დასმას რაც შეეხება, იგივე ხოფერიას მიერ, ეს კითხვები თავისთავად არის ლეგიტიმური, მაგრამ რაც შეეხება შეფასებას, შეფასება არის სუბიექტური.  ჩვენ გვაქვს უფლება, ეს შეფასება ან გავიზიაროთ, ან არ გავიზიაროთ“, – განაცხადა კობახიძემ.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის პოლიტიკური მოტივით ფინანსური ოპერაციების შეფერხებაში ადანაშაულებს და განმეორებით უჩივის, მმართველ პარტიაში კი არ გამორიცხეს, გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

გუშინ, 10 მაისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიხემ არ გამორიცხა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

კობახიძეს კითხვა დაუსვევს “პოსტ ტვ-ის” ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხოფერია ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებას და აღნიშნა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს.

თავად კობახიძემ არ დააკონკრეტა, ვის “კოორდინირებულ ქმედებებზე” საუბრობდა და თქვა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს იტყოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი