საზოგადოება

“ყველაზე მეტად მომწონს, რომ აქ არ ისვრიან” – 8 წლის ვერონიკას და ევას ამბავი უკრაინიდან [ვიდეო]

28 აპრილი, 2022 • 1357
“ყველაზე მეტად მომწონს, რომ აქ არ ისვრიან” – 8 წლის ვერონიკას და ევას ამბავი უკრაინიდან [ვიდეო]

8 წლის ვერონიკა და ევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებული გახდნენ, მშობლიური ქალაქები დაეტოვებინათ და საქართველოში ჩამოსულიყვნენ.

ვერონიკა მარიუპოლში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ყველა მისი ტოლი ბავშვი მშვიდობის პირობებში – დადიოდა სკოლაში, ამზადებდა გაკვეთილებს, ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშობდა, ახლა კი მისი მეგობრების ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში მიმოიფანტა, ნაწილთან დაკავშირებას კი ვერ ახერხებს.

“მათი [მეგობრების] ხმა მესმის, მაგრამ შეხვედრა არ შემიძლია, ეს ცუდ ხასიათზე მაყენებს”, – გვითხრა ვერონიკამ.

ჩვენს შეკითხვაზე: რა მოსწონს სიღნაღში ყველაზე მეტად, ვერონიკამ დაუფიქრებლად გვიპასუხა – “აქ არ ისვრიან”.

მარიუპოლში ნანახისა და განცდილის შემდეგ მას და მის 1 წლის ძმას კარის მოჯახუნების ხმისაც ეშინიათ, რადგან ეს მათთვის დაბომბვების ხმასთან ასოცირდება.

ვერონიკა საქართველოში, კერძოდ კი სიღნაღში, თითქმის 20 დღის წინ ჩამოვიდა. ქალაქში უკრაინული სკოლა არ არის, ხოლო ვერონიკას ქართული არ ესმის, ამიტომ ვერც სკოლაში სიარულს ახერხებს, რაზეც ძალიან წუხს და ამბობს, რომ სკოლაში სიარული ძალიან უნდა.

ვერონიკასგან განსხვავებით, ევას სწავლის ონლაინ გაგრძელების შესაძლებლობა აქვს, თუმცა როგორც ის გვიყვება, მის ქალაქში ინტერნეტი ცუდად იჭერს, ამიტომ გაკვეთილების მიმდინარეობისას ხშირად ითიშება.

ის ქალაქ პოდგოროდნოედან ჩამოვიდა დედასთან ერთად, უკრაინაში კი დარჩა მისი მამა, ვისზეც ყველაზე მეტად ღელავს.

მშობლიურ სახლში მამასთან ერთად დარჩნენ ევას საყვარელი ცხოველებიც:

“სახლში მყავს ძაღლი, მამა, თევზი, კატა… ჩემი მთელი ოჯახი… ისინი მენატრება… უკვე მინდა უკრაინაში ჩავიდე, ომი რომ დამთავრდება”

“როცა უკრაინაში ჩავალ მაშინვე დავმშვიდდები”, – გვეუბნება ევა.

ვერონიკამ, ევამ და მათმა ოჯახებმა უკრაინაში დატოვეს სახლები, სამსახურები, სკოლები, უნივერსიტეტები, საყვარელი ადგილები და ადამიანები. ახლა კი სიღნაღში, სხვა უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობენ.

ისინი სასტუმროს მეპატრონემ შეიფარა და ახლა ადგილობრივების დახმარებით მხოლოდ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას ახერხებენ.

ვრცლად ნახეთ:

ამავე თემაზე ასევე ნახეთ:

„ჩემი ქმარი ახლა აზოვსტალშია, მე საქართველოში“ — მარიუპოლელი ქალის ისტორია

მასალების გადაბეჭდვის წესი