ახალი ამბები

საქდოკ ფილმი: კობახიძის განცხადება მიმართულია სახელმწიფო ცენზურისკენ

19 ივნისი, 2023 • 681
საქდოკ ფილმი: კობახიძის განცხადება მიმართულია სახელმწიფო ცენზურისკენ

საქდოკ ფილმი მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კინოსა და ხელოვნების სხვა დარგების ცენზურისაკენ.

ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება სალომე ჯაშის ფილმზე წარმოადგენს თავდასხმას რიგით მოქალაქეზე — ფილმის ავტორზე.

„განცხადება მოსდევს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას, რისი საშუალებითაც კულტურის სამინისტრო ამკაცრებს კონტროლს ამ ინსტიტუციაზე. “მოთვინიერების” (რეჟ: სალომე ჯაში) პრემიერა შედგა 2021 წელს სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გარდა ფილმი დაფინანსებულია შვეიცარიული და გერმანული საზოგადოებრივი ფონდების, ევრიმაჟის, Arte-სა და სხვა ევროპული ინსტიტუციების მიერ. ფილმი შვეიცარიულ-გერმანულ-ქართულ კოპროდუქციას წარმოადგენს“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამარცხვინოს უწოდებს სალომე ჯაშის მიერ კინოცენტრის დაფინანსებით გადაღებულ ფილმს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეებს ეხება, თუმცა იქვე აცხადებს, რომ აღნიშნული სურათის დაფინანსებას კავშირი არ აქვს კინოცენტრში საკადრო გადაწყვეტილებებთან.

„ამ საკადრო საკითხებთან რა აკავშირებს ამ ფილმს, არ ვიცი. თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფილმი უბრალოდ სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინოა, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა? რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც არ არსებობს არც რეგიონში და არც უფრო ფართო მასშტაბით.

ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი პარკი და ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ, სამარცხვინოა. მაგრამ საკადრო ცვლილებებთან რა კავშირი აქვს… სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინცდამაინც კინოცენტრმა? ასეთი მიდგომა რომ ჩანს, ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან. მე ასე ვხედავ. როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და განმარტება“ ,— ამბობს კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი