საზოგადოება

რაზე შეთანხმდნენ რამშტაინის ბაზაზე და რატომ არ იყო იქ საქართველო

27 აპრილი, 2022 • 3915
რაზე შეთანხმდნენ რამშტაინის ბაზაზე და რატომ არ იყო იქ საქართველო

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე, 40 ქვეყანას უმასპინძლა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად.

„მადლობა ყველას, რომ ასე სწრაფად შეიკრიბეთ უკრაინის თავდაცვის საკონსულტაციო ჯგუფის ამ ისტორიული შეხვედრისთვის. ეს არაჩვეულებრივი შეკრებაა, სადაც დღეს 40-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს რუსეთის უსამართლო შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ავაშენოთ უკრაინის თავდაცვა ხვალინდელი გამოწვევებისთვის“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინისადმი კეთილგანწყობილი ერები მთელი მსოფლიოდან ერთიანი არიან გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და გააკეთონ მაქსიმუმი უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„მსურს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მთელ ჯგუფს ჰქონდეს საერთო და გამჭვირვალე გაგება უკრაინის უსაფრთხოების უახლოესი საჭიროებების შესახებ, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ ცისა და დედამიწის შეძვრას მათ დასაკმაყოფილებლად… კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. უკრაინას დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება გამარჯვებისთვის და მათ კვლავ დასჭირდებათ ჩვენი დახმარება, როდესაც ომი დასრულდება“, — განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

შეხვედრა რამშტაინის ბაზაზე. ფოტო: პენტაგონი

პენტაგონის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ოსტინმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა დასთანხმდა უკრაინის მხარდაჭერას, თუნდაც იმ ღირებული სამუშაოს მიღმა, რომელსაც ისინი უკვე აკეთებენ. ოსტინმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს, გავლენას ახდენს არამხოლოდ უკრაინაზე. კონფერენციამ უზრუნველყო მოკავშირეების დაპირებები, რომ უკრაინის სამხედროებს დახმარება გაუწიონ ომის შემდგომ ეტაპზე. გერმანიამ მზადყოფნა გამოთქვა, გადასცეს უკრაინას მძიმე შეიარაღება, მათ შორის, Gepard-ის ტიპის თვითმავალი, შეჯავშნული ანტისაჰაერო ტექნიკა და „ლეოპარდის“ ტანკები. უკრაინას საზენიტო შესაძლებლობებს მიაწოდებს ბრიტანეთის მთავრობა.

„ომის დაწყებისას რუსეთის ერთ-ერთი უცნაური მოთხოვნა იყო უკრაინის „სრული დემილიტარიზაცია“. თავდაცვის 40 მინისტრის გუშინდელი ეპოქალური შეხვედრის შემდეგ, რუსეთისთვის ცუდი ამბავი მაქვს — შესაძლებლობები, სიჩქარე, გამარტივებული ლოჯისტიკა, იარაღის გაფართოებული დიაპაზონი — უკრაინა ძლიერდება“, — დაწერა Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიწვეულ ქვეყნებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იაპონია ან ავსტრალია, ასევე, ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინეთი და შვედეთიც, ტრადიციულად ნეიტრალური ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო-ში გაწევრიანებას განიხილავენ. მათ შორის არ იყო საქართველო.

„აღნიშნული შეხვედრა არ გამართულა ნატოს ეგიდით. მისი განხილვის მთავარი თემა იყო კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის აღდგენა პოსტსაომარ პერიოდში. საქართველოს როლი კი უკრაინის მტკიცე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას. რაც შეეხება ნატოს ეგიდით გამართულ შეხვედრებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა 17 თებერვალსა და 16 მარტს, მიმდინარე წელს გამართულ ნატო-ს თავდაცვის ორივე მინისტერიალზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრი სამჯერ იყო მიწვეული და მონაწილეობდა თავდაცვის მინისტერიალზე, რისი პრეცედენტიც წინა წლებში არ ყოფილა“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ თავდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ კი თქვა, რომ არ იცის, რა შეხვედრაზეა საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა გერმანიაში მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა, ოსტინმა თქვა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფორუმის გახანგრძლივების შესახებ, რათა მეტი სამუშაო გასწიონ. ჩამოყალიბდება ყოველთვიური საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც შემდგომ განიხილავს და კოორდინაციას გაუწევს უკრაინის დახმარებას.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, 30-ზე მეტმა სახელმწიფომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწიეს, მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა ამ მიზნით 3,7 მილიარდი გამოყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი