საზოგადოება

ბავშვებს ვუყვები, რა განსხვავებაა ჩვენსა და რუსებს შორის – ლიზა, მასწავლებელი უკრაინიდან

22 აპრილი, 2022 • 6008
ბავშვებს ვუყვები, რა განსხვავებაა ჩვენსა და რუსებს შორის – ლიზა, მასწავლებელი უკრაინიდან

“მე ხომ არ ვარ მწერალი, რომ ხატოვნად მოვყვე ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა. და ისედაც, არ მიყვარს ამის შესახებ საუბარი. მოდით, მხოლოდ ამ სკოლაზე და ბავშვებზე ვისაუბროთ”, – ამბობს ლიზა გერასიმენკო, რომელიც 15 მარტს უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა და დღეს უკრაინიდან ომს გამოქცეულ მესამეკლასელებს თბილისის სკოლაში ასწავლის.

სკოლა

პროფესიით მხატვარ-ილუსტრატორი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. მასწავლებლად კიევის სკოლებშიც მიმუშავია, მაგრამ ყოველთვის მოვდიოდი იქიდან. არასოდეს მომწონდა სასკოლო მეთოდოლოგია და სულ პროტესტი მქონდა ამის გამო.

თუმცა, როგორც კი გავიგე, რომ ჩვენი ბავშვებისთვის სკოლა იხსნება აქ, მაშინვე მივედი გასაუბრებაზე დირექტორთან. თბილისში, სკოლაში მუშაობის დაწყებამდე, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში ვიყავი ჩართული.

სკოლაში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მგონია ახლა. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ბავშვების სწავლებაში და ჩემთვისაც საუკეთესო გამოსავალი იყო ახლა ეს საქმე.

ჩემს კლასში 23 მესამეკლასელია. ყველანი უკრაინის იმ ქალაქებიდან არიან, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხო ომი. ამიტომაც, ომზე საუბარი მაინც გვიწევს.

იცით, მესამეკლასელები ჯერ მაინც პატარა ბავშვები არიან და მთელი ეს გზა, რომელიც იმ დღეებში გაიარეს აქ ჩამოსვლამდე, ერთი დიდი თავგადასავალია მათთვის. მაგალითად, ენთუზიაზმით ჰყვებიან იმას, თუ როდის და სად რა აფეთქდა.

სასკოლო პროგრამის პარალელურად, დღეში 15 წუთი მაინც ვაპირებ, ბავშვებს უკრაინის ისტორიასა და იმის შესახებ ვესაუბრო, თუ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. მოვუყვე, რა განსხვავებაა ჩვენსა და რუსებს შორის. მინდა, რომ ნამდვილი უკრაინელები გაიზარდონ, თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოში.

ომი

24 თებერვლამდე, როდესაც შესაძლო ომზე საუბრობდა ხალხი, მე და ჩემი მეგობრები ვხუმრობდით, რაციები ხომ არ გვეყიდა ერთმანეთთან საკონტაქტოდო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ომის გავლა რეალურად მომიწევდა ცხოვრებაში. გულის სიღრმეში არც მინდა, რომ ომის ნაწილი ვიყო, ლტოლვილი მერქვას და ვეცოდებოდე ვინმეს. მინდა, მიცნობდეთ როგორც ცალკეულ ადამიანს, ლიზას.

მე მთელი ბავშვობა კიევთან, პატარა და ლამაზ ქალაქში, ირპინში გავატარე და ბოლომდე იქ ვცხოვრობდი. მქონდა ჩემი საკუთარი სახლი. როცა ომის დაწყება გამოცხადდა, ვეღარც დედაჩემის ნახვა მოვასწარი, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობდა. ომის დაწყებისთანავე მამაჩემის სახლში გადავედი, რომელიც ახლოს იყო ჩემს სახლთან. მთელი ის სამი კვირა მისი სახლის სარდაფში გავატარეთ. ამ დღეების გახსენება არ მიყვარს. არეული მქონდა დრო, კარგად არც ვიცოდი, რამდენი დღე ვიყავით იქ ევაკუაციამდე, რომელიც მოულოდნელად გამოაცხადეს. მამაჩემი დარჩა. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან არ მინდოდა წასვლა ჩემი ქალაქიდან, ჩემი სახლიდან, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ აღარ არსებობს. მეგობარმა ჩემი ქუჩის ფოტო გამომიგზავნა, სადაც ჩანს, რომ ჩემი სახლიდან არაფერია დარჩენილი. საერთოდ აღაფერი დამრჩა ბაშვობიდან, არც ფოტოები, არც მუსიკალური ფირები და საერთოდ არაფერი, რაც გამაჩნდა. უცნაური გრძნობაა.

რკინიგზის სადგურიდან ლვოვამდე გამგზავრება მატარებლით მოგვიწია. მატარებელთან იმდენი ხალხი იყო, ვფიქრობდი, ჩემი ადგილი აღარ დარჩებოდა, რადგან იმ დროს, ძირითადად, დედები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ტოვებდნენ ქალაქს და არ მინდოდა მათი ადგილის დაკავება. ამ ფიქრებში ვიყავი, უკვე გაბრუნებას ვცდილობდი, როცა ერთმა სამხედრომ თუ პოლიციელმა მკაცრად მითხრა, სასწრაფოდ ადიო.

თბილისი

ლვოვიდან პოლონეთში გადავედით, იქიდან კი საქართველოში ჩამოვედი. ბევრი არ მიფიქრია, რომელ ქვეყანაში უნდა წავსულიყავი. საქართველოში რვა წლის წინაც ვიყავი, აქ მყავდნენ მეგობრებიც, რომელთა დახმარებით დღეს უფასო საცხოვრებლითაც უზრუნველყოფილი ვარ.

აქ მომწონს ცხოვრება, რადგან ქართველებს კარგად ესმით ჩვენი. თქვენც იგივე გამოიარეთ – ომი რუსეთთან. ასე მგონია, ქუჩაში რომ გავიდე და ვინმეს ჩახუტება ვთხოვო, ყველა ჩამეხუტება და მომისმენს.

რუსეთი

დონეცკში ნათესავები მყავს, მაგრამ მათთან კავშირი არც ომამდე მქონია. დღეს საერთოდ აღარანაირი ურთიერთობა არ მაქვს რუსებთან. არ მინდა, ვერ ვაპატიებ, არ შემიძლია.

ჩემი მშობლების თაობა რუსულენოვანი იყო, სახლშიც მთელი ბავშვობა მახსოვს რუსული წიგნები. მე და ჩემი მეგობრებიც, და ჩემ გარშემო ძალიან ბევრი, რუსულ ენაზეც საუბრობდნენ ერთმანეთში. ამ ომის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. უკრაინელები ერთმანეთში მხოლოდ უკრაინულ ენაზე ვლაპარაკობთ და ეს აღარ შეიცვლება. თუ ომის დაწყების ერთ-ერთ საბაბად აქამდე რუსები ჩვენს ნაციონალისტობაზე საუბრობდნენ ბევრს, უკვე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ამას ნამდვილად მიაღწიეს 24 თებერვლის შემდეგ. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მათ ნამდვილად ვჯობივართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი