საზოგადოება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე აქტივობები 2021 წელს სუს-ის ანგარიშის მიხედვით

18 აპრილი, 2022 • 1188
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე აქტივობები 2021 წელს სუს-ის ანგარიშის მიხედვით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. კერძოდ, 2021 წელს საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

სუს-ის განცხადებით, 2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები

სუს-ის თანახმად, საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის  მიმართულებით 70 უკანონო დაკავების ფაქტი დაფიქსირდა.

2021 წელს სუს-ის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

სუს-ის განცხადებით, უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში.

საანგარიშო პერიოდში სუს-ის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით აქტიურად გამოიყენებოდა ცხელი ხაზი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ცხელი ხაზი 2197-ჯერ გააქტიურდა, საიდანაც 1747-ჯერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ხოლო 450-ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მიწურულს უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო.

„რუსეთი აქტიურად ცდილობდა, მაქსიმალურად გაეძლიერებინა სამხედრო პოზიციები შავი ზღვის რეგიონში და სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენებით, რეგიონზე მოეპოვებინა მყარი, გრძელვადიანი ბერკეტები. აღნიშნულმა დამატებითი გამოწვევები შექმნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი