საზოგადოება

12 წლის ბიჭი, რომელიც კალათბურთელობაზე ოცნებობდა, მამასთან ერთად ხერსონში მოკლეს

14 აპრილი, 2022 • 2573
12 წლის ბიჭი, რომელიც კალათბურთელობაზე ოცნებობდა, მამასთან ერთად ხერსონში მოკლეს

12 წლის ვლადიმერ ნესტერენკო კალათბურთელობაზე ოცნებობდა. ის მამასთან ერთად სამხრეთ ხერსონის რეგიონში მაშინ მოკლეს, როდესაც მშობლიური სოფლიდან უსაფრთხო ადგილას ცდილობდა გადასვლას.

მათთან ერთად იყო ვლადიმერის დედა იულიაც. ის ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელიც მდინარე დნეპრზე, საევაკუაციო ნავზე შეტევას გადაურჩა.

მოზარდის დედა იულია ნესტერენკო CNN-ს უყვება, რომ ოჯახმა სოფლის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთის ძალებმა რეგიონის დედაქალაქი ხერსონი და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაიკავეს. რუსული შეიარაღებული ძალები მთელ რეგიონში განლაგდნენ. პარალელურად კი, როგორც უკრაინის ოფიციალური უწყებების წარმოამდგენლები იუწყებოდნენ, რეგიონში ადგილობრივი მერები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოსახლეობის გაუჩინარების შემთხვევები მატულობდა.

რუსებმა სოფელი ვერხნი როჰაჩიკიც დაიპყრეს, სადაც ნესტერენკოების ოჯახი ცხოვრობდა.

“გადარჩენისთვის საჭირო იყო ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება და უსაფრთხო ადგილას გადასვლა”, – ეუბნება 12 წლის მოკლული ბიჭის დედა CNN-ს.

ოჯახმა სოფლის დასატოვებლად ისეთი გზა აირჩია, რომელსაც მაშინ ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევდა და 7 აპრილს მშობლიური დასახლების დატოვებას შეეცადა. თან ჰქონდათ ერთი ზურგჩანთა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი იდო.

ვლადიმერი, ოლეჰი და იულია სხვა 11 ადამიანთან ერთად ნავში ჩასხდნენ, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრები მართავდა და მდინარე დნეპრის გადასალახად, ხერსონის რეგიონის სამხრეთით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებისკენ გაემართნენ.

ოლეჰი და ვლადიმერი/ფოტო:CNN

ომის დაწყების შემდეგ, 7 აპრილის, ეს ამ ნავით ევაკუაციის მეშვიდე შემთხვევა იყო და, წესით, ყველაფერს მშვიდად უნდა ჩაევლო, თუმცა, როგორც იულია და კიდევ ორი გადარჩენილი იხსენებენ, იქაურობა “სისხლის გუბედ” იქცა.

მათი თქმით, ნავი გაუთვალისწინებლად გადავიდა ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც რუსულმა ჯარმა ნავის მიმართულებით რაკეტების და ცეცხლსასროლი იარაღის სროლა დაიწყო. ერთ-ერთი გადარჩენილი იხსენებს, რომ ნავი კვამლში გაეხვია, რომელიც, მისი თქმით, რუსებმა სპეციალურად შექმნეს. თუმცა, CNN-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის დამოუკდებლად გადამოწმება ვერ შეძლეს.

ერთ-ერთი გადარჩენილი ამბობს, რომ ნავიდან გადმოვარდა და სწორედ ამან გადაარჩინა.

“იმდენად მძიმე ჩექმები მეცვა, რომ მაშინვე [მდინარის] ფსკერზე ჩავიძირე. შემდეგ გავიგეთ, რომ [რაკეტების] სროლა დაიწყო”, – ამბობს ის.

გადარჩენილები იხსენებენ, რომ მდინარის ნაპირზე მყოფმა უკრაინელმა ჯარისაცებმა იარაღის დაყარეს და მათ გადასარჩენად მდინარეში შეცურეს, შემდეგ კი ნავი ნაპირზე გაიყვანეს.

სროლებისას დასისხლიანებული ვლადიმერი დედის, იულიას მკლავებში ჩავარდა, მოზარდის მამას, ოლეჰს კი ტყვია თავში მოხვდა და ცოლის უკან დაეცა.

ნავზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის იყო ოლეჰი, რომელიც ადგილზევე დაიღუპა, ხოლო 12 წლის ვლადიმერი რამდენიმე დღეში, კლინიკაში გარდაიცვალა. ნავზევე დაიღუპა ადვოკატი, რომელიც ხერსონში შვილის გადასარჩენად და ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ჩავიდა.

იულიას თქმით, მიღებული შოკისა და ტრავმის გამო მომხდარი ბუნდოვნად ახსენდება:

“არ ვიცი, რატომ გაგვიხსნეს ცეცხლი. ვერ ვხვდებოდით, რა ხმები იყო: ტყვიები, ბომბები, აფეთქება? და არ მესმოდა, რა ხდებოდა, უბრალოდ ნისლში ვიყავი”, – იხსენებს მოკლული მოზარდის დედა.

მას ახსოვს, როგორ გადმოიტანეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა მისი ქმრის ცხედარი და როგორ დაასვენეს სანაპიროზე. მაშინ ვლადიმერი ჯერ კიდევ ცოცხალი, თუმცა მძიმედ დაჭრილი იყო.

“სუნთქვდა, თავი ჰქონდა მძიმედ დაშავებული და ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. 40 კილომეტრის მოშორებით, ყველაზე ახლომდებარე კლინიკაში გადავიყვანეთ. ოპერაცია ჩაუტარდა. ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ გადარჩებოდა. თუმცა მოგვიანებით ექიმმა თქვა, რომ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანება ჰქონდა”, – ყვება იულია.

ის ახლა ნათესავებთან, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. იქვე დაკრძალა 12 წლის შვილი და ქმარი.

“გვინდოდა, რომ ეს გზა ოკუპანტებისგან გაქცევის შანსი ყოფილიყო… ჩვენთვის ეს გვირაბის ბოლოს სინათლეს ჰგავდა, რადგან უკვე შეუძლებელი იყო იქ ცხოვრება, სადაც ვიყავით.

ამ ომმა ჩემი ოჯახი გაანადგურა, გაანადგურა ჩემი ცხოვრება… ადამიანების მკვლელობა უნდა შეწყდეს. დაუყოვნებლივ.  ადამიანების ბედისწერას, სიცოცხლეებს ანადგურებენ”, – ამბობს იულია.

სანაპირო და დაცხრილული ნავი, რომლითაც ვლადიმერი, ოლეჰი და იულია ცდილობდნენ ხერსონიდან წასვლას/ფოტო:CNN

ადგილობრივი პროკურატურის წარმომადეგენელმა, რომან შელესტმა CNN-ს უთხრა, რომ ნავი რუს და უკრაინულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე მოხვდა და სროლებისას ნაპირიდან 70 მეტრის მოშორებით იყო.

“გასროლა მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემის გამოყენებით განხორცელდა, შესაძლოა, “გრადიდან” [საბჭოთა სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები], თუმცა იარაღის ზუსტ ტიპზე საუბარი  მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – თქვა შელესტმა.

პროკურატურის წარმომადგენლის, რომან შელესტის თქმით, ჭურვებისა და საბრძოლო მასალის საფუძველზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე ნახეს, გასროლის მიმართულების განსაზღვრაა შესაძლებელი:

“[ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა] სამხრეთიდან მოდიოდა, ეს კი ოკუპირებული ტერიტორიებია, რომელსაც ამჟამად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ”, – ამბობს შელესტი.

გარეკანის ფოტო: CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი