საზოგადოება

რას წარმოადგენს EU-კითხვარი, რომელიც საქართველოს დღეს გადაეცა

11 აპრილი, 2022 • 5907
რას წარმოადგენს EU-კითხვარი, რომელიც საქართველოს დღეს გადაეცა

დღეს, 11 აპრილს, საქართველოს ევროკავშირისგან გადაეცა კითხვარი, რომელიც EU-სთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისი “მაქსიმალურად მოკლე დროში” შეავსებს კითხვარს.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რას წარმოადგენს კითხვარი, რა დრო და პროცედურებია საჭირო მის შესავსებად, როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება და რა ხდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა კითხვარს შეავსებს.

რას წარმოადგენს კითხვარი 

კითხვარი წარმოადგენს ფორმალურ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ევროკომისია აფასებს განმცხადებელი ქვეყნების მდგომარეობასა და მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა არ არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ევროკავშირი ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს.

კერძოდ, კითხვარი გამოიყენება იმის შესაფასებლად, მიენიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მასთან მოლაპარაკებები.

კითხვარი მოიცავს როგორც მარტივ, ასევე კომპლექსურ კითხვებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, განხორციელებული რეფორმები, ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობები, ასევე, კითხვები სოფლის მეურნეობის, კონკურენციის, სახელმწიფო შესყიდვების, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროების შესახებ.

კითხვარში შეკითხვების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ სახელმწიფოზე, მაგალითისთვის, ხორვატიას 4560-კითხვიანი კითხვარი გაეგზავნა, ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში კითხვების რაოდენობა 4666 იყო, მონტენეგროს 2178 კითხვა გაეგზავნა, ხოლო სერბეთს – 2486.

როგორც წესი, აპლიკანტ ქვეყანას 3-თვიანი ვადა ეძლევა, რათა კითხვარი შეავსოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კითხვარის შევსებისას ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დრო, ქვეყნებს შეუძლიათ, უფრო დიდ ხანს მოანდომონ ამ პროცესს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა ერთთვიანი ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზე.

სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, კითხვარის საბოლოო შევსებამდე, აპლიკანტმა ქვეყანამ დამაზუსტებელი კითხვები გააგზავნოს და, შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხები მიიღოს.

კითხვარი ინფორმაციის შეგროვების პროცესისა და შემდგომი დოკუმენტის მომზადებისთვის ძირითადი ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ამის პარალელურად, ევროკომისიის ვებ-გვერდის თანახმად, კომისია ასევე ითვალისწინებს მის მიერ შექმნილი საექსპერტო მისიებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიშების შედეგებს, ასევე, მასპინძლობს კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

რა ხდება კითხვარის შევსების შემდეგ 

კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ, ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს ერთგვარი შეფასების დოკუმენტი, იგივე „მოსაზრების დოკუმენტი“, რომელიც მოიცავს ვრცელ ანგარიშს აპლიკანტი ქვეყნის მიერ კითხვარის შევსებისა და მისი შინაარსის შესახებ.

გარდა ამისა, ასევე გულისხმობს დასკვნებსა და პოტენციურ რეკომენდაციებს ევროკავშირის საბჭოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

მოსაზრების დოკუმენტის მომზადების შემდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, კომისია მას უგზავნის ევროკავშირის საბჭოს.

ამავდროულად, რიგ შემთხვევებში, თუ ქვეყანა საკმარისად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ევროკომისია დოკუმენტში ასახავს კონკრეტულ რეფორმებს, საკითხებს, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც „ძირითადი პრიორიტეტები“, რაც უნდა განხორციელდეს განმცხადებელი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლის მიზნით.

ევროკომისია – ბრიუსელი ფოტო: ნეტგაზეთი

მაგალითისთვის, სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი 2009 წლის 22 დეკემბერს გააკეთა.

2011 წლის 31 იანვარს სერბეთმა საბოლოოდ შეავსო მისთვის გაგზავნილი კითხვარი, ხოლო იმავე წლის 14 ოქტომბერს ევროკომისიამ შეიმუშავა მოსაზრების დოკუმენტი, რომლითაც ძირითად პრიორიტეტებზე დაყრდნობით, დათანხმდა სერბეთისთვის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა.

მოგვიანებით, 2012 წლის პირველ მარტს, ევროკავშირის საბჭომ სერბეთს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

რატომ უნდა იყოს კითხვარი საჯარო

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, კითხვარი, რომელიც საქართველოს გამოეგზავნება შესავსებად, დაინტერესებული პირებისთვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მისი განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს კითხვარზე მუშაობის გამოცდილება, რომლის გამოყენებაც შეიძლება.

„ოთხი წლის წინ ჩვენ შევავსეთ სერბეთისთვის გაგზავნილი კითხვარის 23-ე თავი, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, მართლმსაჯულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომლის გამოყენებითაც შევაფასეთ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთოს.

ევროინტეგრაციის პროცესი არ არის კულუარული პროცესი და არც უნდა იყოს ასეთი. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ქართველი ერისა და ხალხის განაცხადი, რომელზეც ხშირად მიანიშნებს ხელისუფლებაც, მე ვფიქრობ, რომ ამაში უნდა ჩაერთოს ის ხალხი, რომელიც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებით უმუშავია“, – აცხადებს იგი.

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე

მისი განცხადებით, კითხვარის შევსების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მასში გარკვეული წვლილი შეიტანოს.

ჩხიკვაძის თანახმად, საჯარო უნდა იყოს ის პასუხებიც, რომლებსაც ქართული მხარე შეიმუშავებს.

„ეს კითხვარი რაიმე კონფიდენციალურ ინფორმაციას არ შეიცავს, ის არის შეფასება იმისა, თუ რამდენად იმსახურებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ კითხვარი, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი პასუხებიც უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, რათა ვიცოდეთ, ჩვენი სახელით, ჩვენ მიერ დაქირავებული ხალხი რა პასუხს სცემს ევროკავშირს“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კითხვარი არ გახდება საჯარო, მოამზადებენ ოფიციალურ მიმართვას როგორც ქართული, ისე ევროპული მხარისთვის, რათა ეს დოკუმენტი საჯარო გახდეს.

„მე მესმის, რომ ევროკავშირისთვის უპირველესი პარტნიორი არის საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ამ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. შესაბამისად, აბსოლუტურად უგუნური იქნება ის, რომ ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი არ იყოს მათთვის, ვისაც აინტერესებს ის.

სხვა შემთხვევაში შესაძლოა უხერხული მდგომარეობა შეიქმნას. შესაძლოა ითქვას, რომ კითხვებზე პასუხები დამაკმაყოფილებელი არ იყო. ამიტომ ჯობია აქედანვე დავიჭიროთ თადარიგი და ვიცოდეთ, რა კითხვებია და რა პასუხები გაეცემა მათ“, – აცხადებს იგი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ჩხიკვაძის განცხადებით, კითხვარში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მართლმსაჯულება, უსაფრთხოება, საჯარო შესყიდვები, ფინანსური კონტროლი, სტატისტიკა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი